ჯეფ ბეზოსი დაცული ტერიტორიებისთვის $1 მილიარდს გამოყოფს

ჯეფ ბეზოსი დაცული ტერიტორიებისთვის $1 მილიარდს გამოყოფს

Amazon-ის დამფუძნებელი და Forbes-ის რეიტინგით მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანი ჯეფ ბეზოსი, მომდევნო ათწლეულის განმავლობაში ხმელეთისა და ოკეანეების დასაცავად $1 მილიარდის დახარჯვას გეგმავს. ჯეფ ბეზოსის ამჟამინდელი ქონება $195,1 მილიარდს უტოლდება.

The Bezos Earth Fund-ი, რომელიც მილიარდერმა ბიზნესმენმა 2020 წელს დააარსა, $1 მილიარდს დაცული ტერიტორიების მონიტორინგის, შექმნის, გაფართოებისა და მართვისთვის გამოყოფს. ფონდი თანხის გამოყენებას გეგმავს ისეთი ტერიტორიებისთვის,  რომლებიც მნიშვნელოვანია ბიომრავალფეროვნებისა და ნახშირბადის მარაგისთვის. მათ შორისაა ანდები სამხრეთ ამერიკაში, კონგოს აუზი და წყნარი ოკეანე. აღსანიშნავია, რომ ორგანიზაციას დონაციის კონკრეტული სამიზნეები არ დაუსახელებია.

2020 წლის თებერვალში ბეზოსი კლიმატური ცვლილებების წინააღმდეგ საბრძოლველად ათი წლის განმავლობაში $10 მილიარდის დახარჯვის ინიციატივით გამოვიდა, რაც მილიარდერის იმდროინდელი ქონების 10%-ზე ნაკლებს შეადგენდა. გასული წლის დასასრულს ბეზოსმა $791 მილიონი შემოწირულების სახით კლიმატურ პირობებზე კონცენტრირებულ საქველმოქმედო ორგანიზაციებისთვის გასცა. ბენეფიციარებს შორის იყო World Wildlife Fund-ი, რომელიც შემოწირულობიდან $100 მილიონის დახარჯვას ტყის დაცვის, მანგროს ტყეების აღდგენის და სხვა მნიშვნელოვან პროექტებზე აპირებს. ორი კვირის წინ კი ფონდმა $150 მილიონის კლიმატური მართლმსაჯულების ჯგუფებისთვის გადაცემა დააანონსა.

ბეზოსის გადაწყვეტილება არის National Research Development Corporation-ის კამპანიის 30×30-ის ნაწილი, რომლის მიზანია, დაიცვას დედამიწის ხმელეთისა და ოკეანეების 30% ათწლეულის ბოლომდე. Amazon-ი, რომელიც საკუთარი თანამშრომლებისგან ემისიის შემცირებაზე დიდ ზეწოლას განიცდიდა, 2040 წლისთვის აპირებს, ნახშირბადნეიტრალური გახდეს. ბეზოსის მსგავსად, ბილ გეიტსიც კლიმატური კრიზისის წინააღმდეგ იბრძვის. მის მიერ დაარსებულმა ორგანიზაციამ სხვადასხვა კომპანიისგან სუფთა ტექნოლოგიების განსავითარებლად $1 მილიარდზე მეტი ინვესტიციის მოზიდვა მოახერხა.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *