JTI - გამორჩეული დამსაქმებელი

JTI - გამორჩეული დამსაქმებელი

Japan Tobacco International (JTI) საქართველოსა და ევროპის გამორჩეულ დამსაქმებლად დასახელდა. დიდი მიღწევაა, საზოგადოება დააინტერესო ინოვაციური კონცეფციით ახალი ტერმინების ერაში, მით უფრო – გაჯერებულ შრომით ბაზარზე. თუმცა თავად ახალ ერას მნიშვნელოვანი აღიარება მოაქვს კომპანიებისათვის.

გამორჩეული დამსაქმებელი – საზოგადოება ასე უწოდებს კორპორაციას, ბიზნესს, რომელიც შრომის საერთაშორისო ბაზარზე მაღალი კორპორაციული კულტურითა და საუკეთესო პირობებით გამოირჩევა, რითაც იზიდავს, ავითარებს და ინარჩუნებს ნიჭიერ თანამშრომლებს.

Japan Tobacco International-ის (JTI) თანამშრომლები ბიზნესთან ერთად იზრდებიან და ვითარდებიან. თანამშრომელი კომპანიის უმაღლესი ფასეულობა და უმნიშვნელოვანესი აქტივია. იგი პირველია, ვინც იღებს ნათელ ინფორმაციას კომპანიის მიზნების შესახებ, რაც მას კარიერული განვითარების დაგეგმვასა და სათანადო შედეგების მიღწევაში ეხმარება.

Japan Tobacco International-ი თამბაქოს წამყვანი საერთაშორისო მწარმოებელი კომპანიაა, Japan Tobacco კომპანიათა ჯგუფის წევრი. კომპანია 15 წლის წინ შეიქმნა. აქ ასზე მეტი ეროვნების 27,000 თანამშრომლისათვის მეგობრული გარემოა შექმნილი. მსოფლიოს მასშტაბით 364-ზე მეტი ფილიალის სათავო ოფისი ჟენევაშია განთავსებული.

JTI საქართველოში პირველად 2000 წელს შემოვიდა. 2011 წელს კი თბილისში კავკასიის რეგიონული სათავო ოფისი დაარსდა, სადაც 12 ეროვნების 220-ზე მეტი ადამიანი მუშაობს. საქართველოში ძირითადი პორტფელი წარმოდგენილია ვინსტონის, ქემელის, სობრანიეს, LD-ისა და მაგნას ბრენდებით.

2014 წელს JTI საქართველოსა და ევროპის Top Employer-ად დასახელდა თანამშრომელთა მიმართ ერთგულების, გამორჩეული მზრუნველობის, მათი განვითარების ხელშეწყობისა და საუკეთესო შრომითი პირობებისათვის.

რას ნიშნავს Top Employer-ის ჯილდო? – ძირითადი და დამატებითი ბენეფიტები, სამუშაო პირობები, ტრენინგი და განვითარება, კარიერული ზრდა, მენეჯმენტი მულტინაციონალურ გარემოში – ეს მცირე ჩამონათვალია იმ ფაქტორებისა, რომლებმაც JTI-ს Top Employer-ის სტატუსი მოუტანა. ჯილდოს გადაცემას წინ უძღოდა დეტალური კვლევა. გულდასმით შეფასდა ისეთი ფაქტორები, როგორიცაა ორგანიზაციული სტრატეგია, ადამიანური რესურსების მართვა, კომუნიკაცია, კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა, თანამშრომელთა პოტენციალისა და მათი განვითარების სწორი მართვა, ანაზღაურება და აღიარება, სამუშაო პირობები და კეთილდღეობა. Top Employer-ის ჯილდოს მსოფლიოში გასცემს Top Employer ინსტიტუტი, წარსულში ცნობილი, როგორც CRF ინსტიტუტი, რომლის სათავო ოფისი ჰოლანდიაში მდებარეობს. ინსტიტუტი 1991 წლიდან არჩვევს საუკეთესო დამსაქმებლებს. უპირველესი ფაქტორი, რასაც Top Emloyer ინსტიტუტი აფასებს, არის გარემოსა და პირობების მაღალი ხარისხი, რომელსაც კომპანია თანამშრომლებისთვის უზრუნველყოფს. თავისთავად, კარგი გარემო  თანამშრომლების პერსონალური და პროფესიული განვითარების შესაძლებლობას ქმნის, რაც, თავის მხრივ, კომპანიის მუდმივი ზრდისა და განვითარებისათვის ძლიერი სტიმულია. 

JTI-ის გამორჩეულობას კიდევ უფრო მეტად ამყარებს Top Employer-ის ჯილდო, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია კომპანიის ამჟამინდელი და პოტენციური თანამშრომლებისათვის. ეს აღიარება თავისთავად გულისხმობს მუდმივ სწრაფვას სრულყოფისაკენ: კარგ სამუშაო პირობებს, საინტერესო ტრენინგებს თანამშრომელთა მრავალფეროვანი გუნდისათვის, საერთაშორისო გამოცდილებას და, ამავდროულად, ძალიან თბილ და მეგობრულ გარემოს.

Forbes Georgia კომპანიის ადამიანური რესურსების მართვის დირექტორს კავკასიაში, ინა იაკოვჩუკს გაესაუბრა.

რა ფაქტორების გამო გაიარა JTI-მ სერტიფიცირება, რატომ ჩათვალა კომპანიის მენეჯმენტმა აღნიშნული პროცესი აუცილებლად? ეს გლობალური ინიციატივა იყო თუ ადგილობრივი?

თავიდანვე ვიცოდით, რომ Top Employer-ის ჯილდო არის დამსახურებული აღიარება გამორჩეულობისთვის მსოფლიოს წამყვან კომპანიებს შორის. ასევე ვიცოდით, რომ Top Employer სტატუსი კიდევ უფრო გაამყარებდა ჩვენს გამორჩეულ ადგილს ქვეყანაში და მის გარეთ, წარმოგვაჩენდა, როგორც პასუხისმგებლობის მქონე საიმედო დამსაქმებელს, რაც ასე გვეხმარება რეკრუტინგის, ნიჭიერ თანამშრომელთა შენარჩუნებისა და ბიზნესში მათი ჩართულობის მიმართულებით. ჩვენ გვსურდა, მთელი საზოგადოებისთვის გვეცნობებინა, რომ ჩვენი კომპანიისათვის უმთავრესი სწორედ ჩვენი თანამშრომელია.

სერტიფიცირება, როგორც პროცესი, ძალიან ეფექტური აღმოჩნდა JTI-ში დამკვიდრებული პრაქტიკისა და მიდგომების შესადარებლად ევროპის სხვა წამყვანი კომპანიების პარამეტრებთან. ცხადია, მეტად გამოიკვეთა ის სფეროები, რომელთა გასავითარებლად მეტი მუშაობაა ჩასატარებელი.

Top Employer-ის სერტიფიცირების პროცესს JTI მრავალ ქვეყანაში მიმართავს. საქართველოში ეს იყო სრულიად ნებაყოფლობითი პროცესი, ადგილობრივ დონეზე მიღებული გადაწყვეტილება, რომელსაც სიამაყით და უდიდესი პასუხისმგებლობით მოვეკიდეთ.

რა შეიცვალა სერტიფიცირების შემდეგ?

ექსკლუზიური და გლობალურად აღიარებული Top Employer-ის საზოგადოების წევრობა გვიბიძგებს HR-ის დადებითი მხარის მეტად განვითარებისკენ. სერტიფიცირების შემდეგ ჩვენ გავეცანით ინოვაციურ მიდგომებს ამ სფეროში. შედეგად, შეგვიძლია ახლებურად და სწორად განვჭვრიტოთ, დავგეგმოთ და განვვითარდეთ. სერტიფიცირების შემდეგ ჩვენთვის ხელმისაწვდომია ბევრი ახალი, საინტერესო მიდგომა შრომითი ურთიერთობების სფეროში. განსაკუთრებით საინტერესო კი ყველაზე ობიექტურ HR კვლევაში მონაწილეობა იყო.

ცხადია, Top Employer-ის ჯილდო ამყარებს ჩვენი კომპანიის, როგორც საიმედო დამსაქმებლის, ბრენდსა და პოზიციას. ჩვენ ვამაყობთ ამით.

როგორ შეაფასებთ JTI-ს, როგორც დამსაქმებელს, რისი თქმა გსურთ პოტენციური კანდიდატებისთვის?

JTI საერთაშორისო კომპანიაა. ჩვენ ყოველდღიურად აქტიურად ვთანამშრომლობთ სხვადასხვა ჯგუფთან, ამჟამინდელი და პოტენციური თანამშრომლების ჩათვლით. დღეს, როგორც არასოდეს, ყველაზე მნიშვნელოვანია მკაფიო მიზნები და ფასეულობები.

რატომ არის JTI გამორჩეული?

კომპანიას ორი მხარე აქვს: ერთი მხრივ დინამიკური, შემოქმედებითი, ენერგიით აღსავსეა, ხოლო მეორე მხრივ- ზუსტი, გრძელვადიან შედეგსა და მაღალ ხარისხზე ორიენტირებული. კომპანიის ფასეულობები ერთგვარი გარანტია იმისა, რომ კომპანია მიაღწევს დასახულ მიზანს და გახდება ყველაზე წარმატებული თამბაქოს კომპანია მსოფლიოში. კომპანია მუდმივად ისწრაფვის სიახლისკენ და შეუძლია, განსხვავებული მიდგომით აკეთოს საქმე. კომპანია გახსნილია და მრავალფეროვნებით საზრდოობს, მუდმივად ვითარდება და უდიდეს მნიშვნელობას ანიჭებს ხარისხს.

როგორც დამსაქმებელი, JTI სწორედ ის კომპანიაა, სადაც ადამიანი ბიზნესთან ერთად მეტად საინტერესო გარემოში ვითარდება და სადაც უმაღლესი ხარისხი უკვე დიდი ხანია სტანდარტადაა ქცეული.

რით გამოირჩევით შრომით ბაზარზე?

ნებისმიერი კომპანია ადამიანებით გამოირჩევა. დღეს ბევრს საუბრობენ კორპორაციულ კულტურაზე. რა არის ეს? ძალიან მარტივია რომელიმე წარმატებული კომპანიის კულტურის გადმოღება, საკუთარში დანერგვა და პირველივე დღიდან მისი ამოქმედება. თუმცა ჯანსაღი ატმოსფეროსა და კომპანიის ცოცხალი ფასეულობების შექმნას წლები სჭირდება.

კომპანიაში კულტურას ადამიანები აცოცხლებენ, ადამიანები, რომლებიც სწორად ირჩევენ თანამშრომლებს, ზრდიან და ავითარებენ მათ. როგორც უკვე აღვნიშნეთ, JTI-ის თანამშრომლებს განვითარების ფართო და მრავალფეროვანი შესაძლებლობები აქვთ როგორც სხვადასხვა ქვეყანაში, ასევე ფუნქციების მიხედვით. ჩვენ მაღალი სტანდარტებით ვმუშაობთ და, რაც მთავარია, გულწრფელები ვართ, გვიხარია მრავალფეროვნება და დინამიკურობა. სწორედ ეს გამოგვარჩევს სხვა კომპანიებისგან.

საიდან იცით, კონკრეტულად რა ესაჭიროება თქვენს თანამშრომელს?

სამსახური და სამუშაო გარემო მაშინაა კარგი, როდესაც თანამშრომელს დილით სამსახურში მოსვლა უხარია, როდესაც ის ახდენს პოტენციალის რეალიზაციას, მუშაობს ბიზნესის წარმატებისთვის. ასეთი პირობების შესაქმნელად კი ორი გზა არსებობს: გავიხედოთ გარეთ და ჩავიხედოთ შიგნით.

JTI ახორციელებს გარე კვლევებს და აანალიზებს შედეგებს შრომის ბაზრისა და სხვა მსხვილი საერთაშორისო კომპანიების პრაქტიკის შესაფასებლად. ტარდება სახელფასო კვლევებიც. როგორც ვახსენეთ, ბოლო პერიოდში Top Employer ინსტიტუტის კვლევაში მივიღეთ მონაწილეობა. იმისათვის, რომ გავიგოთ, რა სჭირდება თანამშრომლებს, არ არის საჭირო დიდი ფილოსოფია – უბრალოდ ესაუბრეთ მათ. ისეთ დიდ ორგანიზაციაში, როგორიც ჩვენია, ტარდება თანამშრომელთა ჩართულობის კვლევები. ეს არ არის თანამშრომელთა აზრის, მათი კმაყოფილების კვლევა – მისი საშუალებით კონკრეტულად მათი ჩართულობის დონე დგინდება.

ასეთ კვლევას ორ-სამ წელიწადში ერთხელ მივმართავთ. კვლევა ბრწყინვალე საშუალებაა იმისათვის, რომ შევაფასოთ, რამდენად ჯანსაღია გარემო. იგი მოიცავს ისეთ საკითხებს, როგორიცაა ლიდერობა, უშუალო მენეჯმენტი, ანაზღაურებისა და ეფექტიანობის მართვა, ტრენინგი და განვითარება, ოპერაციული ეფექტიანობა, ორგანიზაციული მიმართულება და ცვლილება და სხვა. შედეგად, თანამშრომელთა საჭიროებანი 360-გრადუსიან პერსპექტივაში ჩანს. მომავალი ასეთი კვლევა 2015 წელს ჩატარდება.

როგორ არჩევთ თანამშრომლებს, რა არის ძირითადი კრიტერიუმი?

ბოლო ოთხი წლის განმავლობაში JTI მნიშვნელოვნად გაიზარდა. კომპანიაში თანამშრომელთა რაოდენობა გასამმაგდა. ვამაყობთ, რომ ჩვენთან პროფესიონალები მუშაობენ. ვაკანტური თანამდებობისათვის ძირითადად გამოცდილ, მოტივირებულ ადამიანებს ვეძებთ. თუმცა ჩვენთვის ასევე ძალიან საინტერესოა მოტივირებული, ნიჭიერი, განათლებული ახალგაზრდები. ჩვენ აგვყავს ადამიანი, რომელსაც აქვს სწორი, ჯანსაღი მიდგომა, მზად არის ჩვენი კულტურის გასაზიარებლად. ვთვლით, იგი შემდგომში შესაბამისი ტრენინგებისა და პრაქტიკის საშუალებით ცოდნასაც გაიღრმავებს და გამოცდილებასაც შეიძენს.

რა წვლილი შეგაქვთ ახალგაზრდა პროფესიონალთა და ზოგადად ბიზნესგარემოს განვითარებაში?

ახალგაზრდა ნიჭიერი ადამიანების განვითარება უდიდესი პრიორიტეტია. კომპანიაში მესამე- და მეოთხეკურსელებისა და ახალი კურსდამთავრებულებისათვის სტაჟირების ბრწყინვალე შესაძლებლობებია, რომლებიც ისეა დაგეგმილი, რომ სტაჟიორმა ჩვენთან შეიძინოს მაქსიმალური გამოცდილება და წარმატებული კარიერა დაიწყოს. საინტერესო გამოცდილების, კონკურენტული ანაზღაურების, პრაქტიკული ტრენინგის, მრავალფეროვანი პროექტისა და საერთაშორისო ბიზნესგარემოს ჰარმონიული კომბინაცია – აი, რას იღებს ნიჭიერი ახალგაზრდა, რომელსაც სურს, ისწავლოს და ჩვენს კომპანიასთან ერთად განვითარდეს. სტუდენტებს სასწავლო პროცესში ხელს არ ვუშლით, მათთვის სპეციალურად გვაქვს მოქნილი სამუშაო გრაფიკი. 6-12 თვიან სტაჟირებას ვაცხადებთ შემოდგომაზე, ხოლო ორთვიანს – ზაფხულში.

სამომხმარებლო ვაჭრობისა და მარკეტინგის, ფინანსების, ადამიანური რესურსების მართვის, იურიდიული, საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და კორპორაციული ურთიერთობებისა და კომუნიკაციის დეპარტამენტებში სტუდენტებს საინტერესო პროექტები და ძალიან მეგობრული გარემო ელის.

სტაჟირების პროგრამა ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული პროექტია ჩვენს კომპანიაში. სტაჟიორთა 70% კომპანიის თანამშრომელი გახდა.

ჩვენთვის აბსოლუტურად გასაგებია, რომ წარმატების საწინდარი სწავლაა. ამდენად, JTI-ის კიდევ ერთი უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია სტიპენდიები – სწავლის საფასური, რომელსაც კომპანია სტუდენტებს უხდის. უნივერსიტეტის დრო ის უზრუნველი პერიოდია, როდესაც სტუდენტს ყველაზე ნაკლებად უნდა აღელვებდეს ფინანსური პრობლემები. მან მეტი ყურადღება სწავლას უნდა დაუთმოს. სწორედ ამიტომ, ვფიქრობთ, ჩვენი სტიპენდიის პროგრამა მათ ცოდნის მიღებაში დაეხმარება.

JTI საქართველოში სხვა სოციალურ აქტივობებსაც ახორციელებს. კომპანიის ფილანთროპიული პროექტები ორ მიმართულებას მოიცავს: ადამიანები და ხელოვნება. კომპანია ეხმარება გაჭირვებულ ადამიანებს. უკვე რამდენიმე წელია, საქართველოში კომპანია საქველმოქმედო ფონდ „კარიტასს“ ეხმარება. შედეგად, 200 მოხუცი თბილისში ყოველდღიურად ცხელ კერძს იღებს.

მხარს ვუჭერთ კულტურის განვითარებას საქართველოში. ვთანამშრომლობთ მარჯანიშვილის თეატრთან, თბილისის საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალსა და საქართველოს ეროვნულ მუზეუმთან. კომპანიის იაპონური წარმოშობის პატივსაცემად, ინვესტიციებს საქართველოში იაპონური კულტურის განვითარების მიმართულებითაც ვახორციელებთ, ვმართავთ კონცერტებსა და წარმოდგენებს იაპონელი მუსიკოსებისა და მსახიობების მონაწილეობით.

JTI-ის თანამშრომლები თავად მონაწილეობენ სოციალურ აქტივობებში. ასეთ დღეს კომპანიაში „მოხალისეთა დღეს“ ვუწოდებთ. ჩვენი თანამშრომლები თავად ასუფთავებენ ახლომდებარე ადგილებსა და პარკებს. ვცდილობთ, გავზარდოთ მოსახლეობის ინფორმირებულობის დონე, რომ თითოეული ადამიანი გახდეს უფრო გონიერი და პასუხისმგებლობით მოეკიდოს გარემოსა და ეკოლოგიას.

რა ძირითადი გამოწვევები და მიმართულებები გაქვთ 2015 წელს?

როგორც უკვე გითხარით, ვემზადებით თანამშრომელთა ჩართულობის კვლევისათვის 2015 წელს. კვლევა ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის, რამდენადაც იგი გვიჩვენებს დინამიკასა და პროგრესს 2012 წლის შემდეგ. ჩვენთვის ბოლო პერიოდში აქტუალური გახდა „კეთილდღეობის“ კონცეფცია. მას მრავალნაირი მნიშვნელობა აქვს. ჩვენთვისაც ის საკმაოდ ფართო, კომპლექსური ცნებაა. იგი გაცილებით მეტია, ვიდრე მხოლოდ ჯანმრთელობა, ან ბედნიერების შეგრძნება.

თანამშრომლის კეთილდღეობა რამდენიმე ნაწილისგან შედგება: ფინანსური (რამდენად შეუძლია ადამიანს, იცხოვროს დამოუკიდებლად და თავი ფინანსურად უზრუნველყოფილად იგრძნოს), კარიერული (მოსწონს თუ არა ადამიანს ის, რასაც აკეთებს – ეს კეთილდღეობის ძალიან მნიშვნელოვანი ელემენტია), სოციალური (ადამიანები და მათთან ურთიერთობა), ფიზიკური (რომელიც სუბიექტური ცნებაა) და საზოგადოებრივი (ადგილი, საზოგადოება, სადაც ცხოვრობ). ყველა ელემენტი მნიშვნელოვანია, ზოგიერთ მათგანს უფრო მეტი ზემოქმედება აქვს მთლიანად კეთილდღეობის შეგრძნებასა და ჩართულობის დონეზე.

მომავალ წელს ბევრს ვიმუშავებთ კეთილდღეობის კონცეფციაზე. ოფისში უკვე დანერგილია რამდენიმე საინტერესო ინოვაციური პროექტი (მაგალითად, ჯანსაღი კვების კამპანია). ვაკვირდებით, დამატებით რა შეიძლება შევთავაზოთ თანამშრომელს.

გარდა ამისა, ჩვენ კონკურენტუნარიანობას შევინარჩუნებთ არსებული პროექტების ხარისხით, აქტივობითა და მომსახურებით, რომელსაც ვუწევთ ჩვენს თანამშრომლებს.

რა მოცულობის ინვესტიციას ახორციელებთ თქვენი თანამშრომლების ტრენინგებისა და განვითარების მიმართულებით?

იმისათვის, რომ ადამიანი კომპანიაში გაიზარდოს, აუცილებელია ინვესტირება სწავლის (ტრენინგის) და განვითარების მიმართულებით. 2014 წლის ბიუჯეტი, რომელიც გამოყოფილია ტრენინგზე, ორნახევარჯერ აღემატება ამ მიზნით 2012 წელს გამოყოფილ ბიუჯეტს.