კანადა, გრენლანდია, პანამის არხი, ნატო, ღაზა - რა განცხადებები გაავრცელა ტრამპმა?

კანადა, გრენლანდია, პანამის არხი, ნატო, ღაზა - რა განცხადებები გაავრცელა ტრამპმა?

აშშ-ის არჩეულმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა გუშინ პრესკონფერენცია გამართა, სადაც რეზონანსული განცხადებები გაავრცელა და რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხზე ისაუბრა. გთავაზობთ იმ საკითხების მიმოხილვას, რომელთაც ტრამპი პრესკონფერენციაზე შეეხო.

კანადა

კანადისა და შეერთებული შტატების გაერთიანების შესახებ დონალდ ტრამპს აქამდეც არაერთხელ უსაუბრია. „მოაშორეთ ხელოვნურად გავლებული საზღვარი და შეხედეთ როგორ გამოიყურება [ორი ქვეყნის გაერთიანების პერსპექტივა], ეს ეროვნული უსაფრთხოებისთვისაც უკეთესი იქნება. არ დაგავიწყდეთ, კანადას ჩვენ ვიცავთ. მაგრამ პრობლემაც ესაა. ბევრი მეგობარი მყავს [კანადაში], მიყვარს კანადელი ხალხი. დიდებული ხალხია, თუმცა მათ დასაცავად ყოველწლიურად ასეულობით მილიარდ დოლარს ვხარჯავთ. ჩვენ ყოველწლიურად ასეულობით მილიარდს ვხარჯავთ კანადის მოვლაში. ჩვენ ვმარცხდებით სავაჭრო დეფიციტში“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.

რა ბედი ეწევა კანადის 51-ე შტატად მიერთების იდეას დონალდ ტრამპის საგარეო პოლიტიკის ოფიციალურ დღის წესრიგში ჯერჯერობით უცნობია. ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ თანამდებობიდან გადადგომის შესახებ კანადის პრემიერ-მინისტრმა, ჯასტინ ტრუდომ განაცხადა.

მძევლები ღაზის სექტორში

„ჯოჯოხეთი მოხდება. თუ მძევლები იმ დროისთვის არ იქნებიან გათავისუფლებული, როცა მე ოფისში შევალ, ახლო აღმოსავლეთში ჯოჯოხეთი დატრიალდება. და ეს არ იქნება კარგი რამ ჰამასისთვის, ეს არ იქნება კარგი რამ არავისთვის. ჯოჯოხეთი დატრიალდება“ – აღნიშნა ღაზის სექტორში დღემდე ტყვეობაში მყოფ ისრაელელ მძევლებზე საუბრისას.

მექსიკა

„ჩვენ გვაქვს დიდი [სავაჭრო] დეფიციტი მექსიკასთან და მათ მნიშვნელოვნად ვეხმარებით. ისინი კარტელებისგან იმართებიან და ამას არ დავუშვებთ, რადგან მექსიკა დიდ განსაცდელშია, ძალიან სახიფათო ადგილია. მექსიკის ყურის სახელწოდებას შევცვლით და მას ამერიკის ყურეს ვუწოდებთ. რა ლამაზი სახელია. და შესაფერისი. შესაფერისი. და მექსიკამ უნდა შეწყვიტოს ჩვენს ქვეყანაში მილიონობით ადამიანის შემოსასვლელად ნების მიცემა“, – განაცხადა არჩეულმა პრეზიდენტმა მექსიკა-ამერიკის ურთიერთობებზე საუბრისას.

პანამის არხი და გრენლანდია

პანამის არხისა და გრენლანდიის მისაკუთრების შესახებ დონალდ ტრამპი პრეზიდენტად არჩევის შემდეგ საუბრობს. გრენლანდიის დანიისაგან შესყიდვა და პანამის არხზე კონტროლის აღდგენა გუშინდელი პრესკონფერენციის ნაწილიც გახლდათ. მეტიც, დონალდ ტრამპმა აღნიშნული მიზნების მისაღწევად ეკონომიკური და სამხედრო ბერკეტების გამოყენებაც არ გამორიცხა. „ჩვენ ეს ტერიტორიები ეკონომიკური უსაფრთხოებისთვის გვჭირდება. პანამის არხი ჩვენი ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესია და მას ჩინეთი აკონტროლებს, ჩინეთი და ჩვენ პანამის არხი პანამელებს დავუბრუნეთ. ჩვენ ის ჩინეთისთვის არ მიგვიცია და მათ ის ბოროტად გამოიყენეს. ეს არ უნდა მომხდარიყო“ – აღნიშნა ტრამპმა.

ნატო

დონალდ ტრამპმა ჩრდილო-ატლანტიკური სამხედრო ალიანსის მომავალზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ საწევრო გადასახადი მშპ-ის 2%-დან 5%-მდე უნდა გაიზარდოს. იმის გათვალისწინებით, რომ სახელმწიფოთა უმრავლესობა აღნიშნულ 2%-იან ზღვარსაც ვერ აკმაყოფილებდა, რამდენად მოხერხდება ახალი ზღვრის 5%-მდე გაზრდა, რთულად პროგნოზირებადია.