საქართველოში 2005 წელს ერთი მისიით დაბრუნდა – შეექმნა ახალი ინდუსტრია. აქედან იწყება კოჯორში მდებარე „ბიოლის“ ისტორიაც. მანამდე იყო სანქტ-პეტერბურგი, სტომატოლოგია და რუსეთში ერთ-ერთი წამყვანი სამედიცინო კლინიკების სისტემა, რომელიც რუსულმა Forbes-მა 2019 წელს ყველაზე მსხვილი კლინიკების რეიტინგის ოცეულში შეიყვანა. ახლა უკვე ყოფილ სტომატოლოგს, თამაზ მჭედლიძეს ახალი მიზანი აქვს – აითვისოს საქართველოს ველნეს-პოტენციალი, შექმნას აქ ახალი ინდუსტრია, რომლის მსოფლიოში პოზიციონირებას ბრენდ Georgian Wellness-ის სახელით აპირებს. მისია დიდია, გეგმები – მასშტაბური, მოტივაცია – უზარმაზარი. Forbes Infrastructure-სთან ინტერვიუში თამაზ მჭედლიძე დეტალურად გვიყვება თავისი იდეებისა და გეგმების შესახებ.
ბატონო თამაზ, „ბიოლი“ უკვე ხუთი წელია, ვიზიტორებს ემსახურება. თავდაპირველად პანდემიის შედეგები რომ შევაფასოთ, რამდენად მძიმე გამოდგა კრიზისი „ბიოლისთვის“?
პანდემია, რა თქმა უნდა, აისახა ბიზნესზე. ნახევარი წელი დაკეტილები ვიყავით. ეს საერთაშორისო კურორტია და ადგილობრივების წილი პანდემიამდე მხოლოდ 10% იყო, საზღვრების ჩაკეტვის შემდეგ კი ჩვენი დატვირთულობის 100% ადგილობრივებზე მოდიოდა, თუმცა მათ 30%-ს კვლავ აქ მცხოვრები უცხოელები შეადგენდნენ. ახლა კი უკვე 90%-ით ისევ უცხოელებზე ვმუშაობთ. თუმცა, თავად ის ფაქტი, რომ პანდემიამ შეცვალა სამყარო, რა თქმა უნდა, იგრძნობა. მეორე მხრივ, ჯანმრთელობის, როგორც უმთავრესი ფასეულობის მნიშვნელობა პანდემიამ გაზარდა. მეგონა, რომ ეს საქართველოში ათ წელიწადში იქნებოდა საგრძნობი, თუმცა ეს ტენდენცია უკვე აქაც არის. მიუხედავად ამისა, დღეს მაინც ვერ ვიტყვი, რომ საქართველოში დიდია იმ ადამიანების წილი, რომლებისთვისაც ჯანმრთელობა და ჯანსაღი ცხოვრება არის ფასეულობა.
დაახლოებით 16 წლის წინ ეს ბიზნესიც სწორად მოგიფიქრებიათ…
მაშინ პანდემიაზე ნამდვილად არ მიფიქრია, ვიფიქრე საკუთარ თავზე, და მომავალზე, როგორ უნდა მეცხოვრა ხარისხიანი ცხოვრებით. ჩემი წინაპრები მკურნალები იყვნენ, ჩემი ოჯახის წევრები, და-ძმა ექიმები გავხდით. ბავშვობაში ჩემი გურული ბებია სულ იმას მეუბნებოდა, შენ ექიმი გამოხვალო. მართლაც გამოვედი ექიმი, რუსეთში ნულიდან შევქმენი სამედიცინო სისტემა, 25 კლინიკით, რომლებიც 400 ექიმს აერთიანებს. თუმცა შემდეგ აღმოვაჩინე, რომ მართალია, არსებობს მედიცინა (რაც ავადმყოფების მკურნალობას გულისხმობს), მაგრამ არ არსებობს ჯანმრთელობის მედიცინა.
ჩემი ბებია სულ ამბობდა, რომ საქართველო მდიდარია ბუნებით და შესაძლებლობებით, მივხვდი, რომ ეს აუცილებლად უნდა გამომეყენებინა. ასევე ერთ მშვენიერ დღეს ჩავიხედე სარკეში და დავინახე საკუთარი თავი, პროფესორი, ექიმი, უზარმაზარი სამედიცინო სისტემის შემქმნელი… და 170 კილო. ავად არ ვიყავი, მაგრამ ვერც ჯანმრთელს იტყოდით ჩემზე. მაშინ მივხვდი, რომ უნდა შემექმნა ჯანმრთელობის მედიცინა. პირველი ერთი წელი საკუთარ თავს მივხედე, დავიკელი წონაში და უკვე შემდეგ დავიწყე მუშაობა „ბიოლის“ შექმნაზე.
თავიდანვე გადაწყვეტილი გქონდათ, რომ „ბიოლი“ საქართველოში შეგექმნათ?
დიახ, მხოლოდ იმიტომ არა, რომ ქართველი ვარ და წინაპრების სისხლმა მიყივლა, არამედ იმიტომ, რომ საქართველოს ბუნება არის უნიკალური. საქართველო პატარა ქვეყანაა, მაგრამ იმდენი საკურორტო ზონაა, რამდენიც მთელ ევროპაში ერთად აღებული თუ იქნება. აქ სოფელს ვერ ნახავთ, სადაც რაიმეს არ მკურნალობენ. ქართული ველნესი მრავალსაუკუნოვანია, ჯერ კიდევ კოლხი მედეადან დაწყებული. ასე რომ, ეს რომ აქ არ გამეკეთებინა და ბებიის ანდერძი არ შემესრულებინა, არ შეიძლებოდა. ამგვარად, 2005 წელს ჩამოვედი და კოჯორში ამ ტერიტორიის ათვისება დავიწყე.
რატომ შეარჩიეთ კოჯორი?
ყველაზე მნიშვნელოვანს, რასაც ბუნებიდან ვიღებთ, არის ჰაერი. ჰაერის ხარისხი კი უმთავრესია. მეცნიერულად, ზღვის დონიდან 1000-დან 1500 მეტრამდე სიმაღლე არის ოპტიმალური სიმაღლე ჰაერის ხარისხის თვალსაზრისით. ამიტომაც ეს იყო პირველი კრიტერიუმი, რითაც ვიხელმძღვანელე. მეორე პრიორიტეტი იყო თბილისთან მაქსიმალური სიახლოვე, რადგანაც დედაქალაქის ინფრასტრუქტურა უნდა გამოგვეყენებინა და მომსახურე პერსონალიც უკვე გამოცდილი კადრებით დაგვეკომპლექტებინა, რომლებიც დამატებით შესაბამის ტრენინგებს გაივლიდნენ. ფეხით მოვიარე თბილისის შემოგარენი და აღმოვაჩინე ეს ადგილი. წლების განმავლობაში ჯერ ადგილობრივებისგან ვყიდულობდი ნაკვეთებს, შემდეგ კი სახელმწიფოს მივმართე საინვესტიციო წინადადებით, რომ ტყის ნაწილიც მჭირდებოდა კურორტის გასაკეთებლად. ოღონდ ფული ჩადე და 1 ლარად მოგცემთო. თუმცა მე ვუთხარი, რაც ღირს, იმ ფასად ვიყიდი-მეთქი და მართლაც ასე მოხდა. ჯერ აქ 10% მაქვს გაკეთებული იმისა, რაც დაგეგმილი მაქვს.
გეგმებზეც აუცილებლად უნდა გკითხოთ, თუმცა მანამდე საინტერესოა, როგორია ახლა დატვირთულობა და რომელი ქვეყნებიდან არის ძირითადად მოთხოვნა?
უკვე 80-ზე მეტი ქვეყნის მოქალაქეა „ბიოლში” ნამყოფი. ვერ გეტყვით, რომელი ქვეყნები დომინირებს, მაგრამ შეიძლება ისრაელის, სპარსეთის ყურის ქვეყნების გამოყოფა. მათ შორის კატარი, ქუვეითი, საამიროები. საამიროებიდან ჩამოსულებისთვის ეს არის სასწაული, აქ მათთვის 3D-ბუნებაა. თუმცა ევროპიდანაც ბევრი ვიზიტორი გვყავს, ასევე ლათინური ამერიკის რეგიონიდან, ახალი ზელანდიიდან, ავსტრალიიდან. ძალიან მიხარია, რომ მთელმა მსოფლიომ შეიძლება გაიცნოს საქართველო. საქართველო მრავალი ნიშნით უნიკალურია და უნდა იყოს „ლაქშერი“ ქვეყანა. ამიტომაც აქ რაიმე თუ გაკეთდება, უნდა იყოს მაღალი დონის. ჩვენ თუ არ მოვიზიდეთ მდიდარი ხალხი, ყოველთვის სუსტი ქვეყანა ვიქნებით.
ყველას უკვირს, ამხელა ტერიტორიაზე, ამდენი ფულის ინვესტირება ამ ადამიანს რამ გადააწყვეტინაო. აქ არის სულ 32 ჰექტარის ფართობის ტერიტორია და მხოლოდ 13 კოტეჯი. თუმცა, ეს ჯერჯერობით. მე აქ შევქმენი ის, რაც ჯერ არავის გაუკეთებია. ეს არის ქართული ველნესი, რასაც სჭირდება დამუშავება, შესაბამისი პერსონალის მომზადება. იქმნება აბსოლუტურად ახალი და უნიკალური ინდუსტრია Georgian Wellness – ქართული ველნესი. საქართველოში რომ ტურისტი ჩამოვა, უნდა იცოდეს, რომ თაფლი ქართულია, ღვინო საქართველოში მოყვანილი ყურძნით იწურება… ეს ყველაფერი კარგად შესაფუთია. სხვათა შორის, ჩვენ ახალი სპეციალობაც კი დავარეგისტრირეთ. ეს არის ველნეს- -თერაპევტი, რომელსაც ეცოდინება ავადმყოფობის მკურნალობის კი არა, ჯანმრთელობის შენარჩუნების ტექნოლოგიები. ასევე ვაპირებთ, შევქმნათ ინსტიტუტი, ევროპული სტანდარტების შესაბამისი სერტიფიცირებით, რათა ახალი ცნება – ქართული ველნესი – მსოფლიოში ამის მეშვეობითაც გავიტანოთ.
აქ ჯამში 40 მილიონი დოლარის ინვესტიცია მაქვს უკვე განხორციელებული. ყველანაირი ინფრასტრუქტურა ჩვენ თავად გავაკეთეთ. სახელმწიფო არ დაგვხმარებია.
მოითხოვეთ დახმარება?
მოვითხოვეთ აქ მოსასვლელი გზის დაგება, დაგვპირდნენ, თუმცა არ გაუკეთებიათ. ინვესტიციები კიდევ გასაკეთებელია და გზაც გვჭირდება. მინიმუმ კიდევ 100 მლნ დოლარის ინვესტიცია დამჭირდება. ახლა ვთვლით, რა არის საჭირო იმისთვის, რომ მსოფლიოში ერთ-ერთი წამყვანი კურორტი შევქმნათ.
რა ვადებზე გაქვთ გათვლა?
2-3 წელი. მაქსიმუმ ოთხ წელიწადში უნდა დავასრულოთ. იკითხავთ ალბათ, მუშაობს თუ არა კურორტი მოგებაზე. გიპასუხებთ, რომ ჯერ არა, მაგრამ გათვლილი გვაქვს, რომ ოც წელიწადში ეს იქნება მსოფლიოში ერთ-ერთი უძლიერესი ბრილიანტი კურორტი და მსოფლიოს კურორტოლოგიაში შეიქმნება ბრენდი – Georgian Wellness-ი. 40 მლნ დოლარი მე რომ კლინიკებში ჩამედო, რომლებიც, რა თქმა უნდა, უფრო რენტაბელურია, 2005 წლიდან დღემდე, 120 მლნ დოლარს მომიტანდა, მაგრამ ჩემი პრიორიტეტი და მოტივაცია სხვაა. ამ მოტივაციის და შესაძლებლობების მქონე, იმ გეგმებს ხომ ნამდვილად განვახორციელებ, რაც ამ ოც წელიწადში მაქვს ჩაფიქრებული. ამისთვის დავბრუნდი საქართველოში.
როგორ აპირებთ „ბიოლის“ შემდგომ განვითარებას?
ვამზადებ საინვესტიციო გეგმას, რათა მოვიზიდო საერთაშორისო ინვესტორები საკონკურსოდ. მათ უნდა ჩადონ თანხა, რათა ეს კურორტი იმ დონემდე მივიყვანო, რაც ჩაფიქრებული მაქვს. ეს კეთდება საერთაშორისო დონეზე და ხარისხიანად. მიჩვეული ვარ ყველაფრის ხარისხიანად კეთებას. რუსეთში ჩემი სამედიცინო ქსელი ძალიან ცნობილი და პრემიუმ-სეგმენტისაა, აქ კი მინდა, რომ მსოფლიო დონის ველნესის სისტემა შევქმნა. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, აქ იქმნება ის, რაც მსოფლიოში ჯერ არავის შეუქმნია.
თქვენ სენაკშიც გეგმავდით „ბიოლის“ ფილიალის გახსნას, თუმცა გეგმები გადადეთ. რა პერსპექტივა აქვს ამ პროექტს?
სენაკში მაქვს ტერიტორია, მდინარე ტეხურა გადის იქვე, მაგრამ იქამდე ჯერ ვერ მივაღწიე, აქ მაქვს ძალიან ბევრი სამუშაო. არ მაქვს ჯერ იმდენი საინვესტიციო ძალა, რომ ეს პროექტი დავიწყო. სამედიცინო ქსელიდან კი მაქვს შემოსავალი, მაგრამ იმდენი არა, რომ ერთ წამში ავაშენო ყველაფერი. საერთაშორისო ინვესტიციების მოზიდვის წყალობით, რა თქმა უნდა, გავაკეთებ. ზოგადად, კოჯრის „ბიოლი“ იქნება ცენტრალური და შემდეგ შეიძლება რეგიონებში სხვადასხვა ერთგვარი ფილიალებიც გაიხსნას. საქართველოში აღმოვაჩინე პროფესორი კახა ჭელიძე, რომელიც ჩვენი სამეცნიერო გუნდის ხელმძღვანელია და რომელიც ამ სისტემის შექმნაში მეხმარება. ამას არ ვუყურებ როგორც ბიზნესს, რომელშიც ფული უნდა ჩადო და შემდეგ ამოიღო. არა. მე ჩამოვედი საქართველოში, რომ შევქმნა ქართული ველნეს-ინდუსტრია.
საქართველო ველნეს-კურორტებით მდიდარია, თუმცა მათი ტურისტული პოტენციალი ბოლომდე არ არის ათვისებული. რა გამოწვევებს ხედავთ ამ კუთხით?
ძალიან დიდი პოტენციალია, ბევრი ადგილია და სისტემურად მოსაწესრიგებელია ეს პრობლემა. მაგრამ მე ვიწყებ, ვაკეთებ და შემდეგ სხვებიც დამიდგებიან გვერდში, როდესაც ამის პერსპექტივას დაინახავენ. როცა ვამბობ, ინდუსტრია უნდა შევქმნა, მხოლოდ მე კი არ ავაშენებ, ეს ინდუსტრია თავისით აშენდება და ყველაფერი დაიწყება ამ ნიმუშით. კანონმდებლობაც მოსარგებია ამ თემაზე. ეს სახელმწიფოებრივი საქმეა, მაგრამ ვინ უნდა გააკეთოს ეს სახელმწიფოში? თუ ნიმუში და მაგალითი არ შეიქმნა, არაფერი გამოვა. ამიტომაც მე ვიქნები ნიმუში, რა უნდა შევქმნათ და თუ ამას სხვებმაც მიხედა, შემდეგ უკვე აშენდება ინდუსტრია. კურორტოლოგიის ტრადიციებიც გვაქვს.
რას შეცვლიდით ბიზნესდამოკიდებულებებში მთავრობის მხრიდან?
არ ვარ ის ადამიანი, რომელიც მიჩვეულია, რომ ვიღაც ეხმარება. ამიტომ ამას მე ვერ ვუპასუხებ. არ ვიცი. უბრალოდ, უპირველესად ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ ხელი არ შემიშალოთ. და თუ რაიმე თხოვნა მაქვს, მაქსიმალურად სწრაფად რომ კეთდებოდეს, თორემ „სახელმწიფო დამეხმაროს“ – ეს ძალიან არ მიყვარს.
თქვენი კავშირებიდან და კონტაქტებიდან გამომდინარე, უამრავი საქმიანი საუბრები გაქვთ სხვადასხვა შეძლებულ ადამიანთან მსოფლიოში. როგორ უნდა მოვიზიდოთ ისინი ინვესტორებად, თუნდაც ველნეს-მიმართულების განვითარებისთვის?
ძალიან მარტივად. ისევ და ისევ ნიმუშით. მე აქაურობას ჩემი შვილივით ვზრდი. ამას რომ ინვესტორი დაინახავს, მას ნდობა უჩნდება. აღარ დავიწყებ იმაზე საუბარს, რომ კანონმდებლობა უნდა იყოს სათანადო და ა.შ. მე ხელსაც მიშლიდნენ, ტყეს ჩეხსო და აქაურობას ანადგურებსო, რა აღარ მომიგონეს, მაგრამ ამან ხელი არ შემიშალა. პირიქით, კიდევ უფრო გამაძლიერა. ამრიგად, საინვესტიციოდ უცხოელებისთვის, რა თქმა უნდა, უნდა იყოს პირობა. მაგრამ ადამიანები უნდა ხვდებოდნენ მათ პირველ რიგში გულანთებული. ყველა მხრიდან უნდა იყოს ხელშეწყობა.
ახალი იდეები თუ გაქვთ? საქართველოსთვის და სხვაგან?
იდეების მეტი რა მაქვს, მაგრამ მიმაჩნია, რომ ყველამ თავისი საქმე უნდა აკეთოს. ძალიან ბევრ რამეს მთავაზობენ, მირეკავენ, მაგრამ გამორიცხულია. მთელი ჩემი ცხოვრება მედიცინასთანაა დაკავშირებული.
თქვენ ხართ კლინიკების ქსელის, „მედის“ მფლობელიც, რომელიც თავდაპირველად რუსეთში 1990-იან წლებში შექმენით. მმართველობაში აღარ ხართ ჩართული?
ვიყიდე თავისუფლება. მყავს გუნდი, რომელიც მართავს ამ ქსელს. აქტიურად ჩართული არ ვარ, თუმცა მუდმივად მიდევს ხელი პულსზე და „ტემპერატურას ვუზომავ“. მედიცინაში იდეოლოგია არის უმთავრესი. ჩემი იდეოლოგიაა: „მოექეცი პაციენტს ისე, როგორც შენს საკუთარ თავს და შვილს მოექცეოდი“. სიმდიდრე ამას მოჰყვება.
2019 წელს რუსულმა Forbes-მა თქვენი სამედიცინო ქსელი ყველაზე მსხვილი კლინიკების რეიტინგის ოცეულში შეიყვანა. როგორ ვითარდება ეს ბიზნესი დღეს?
ნულიდან შექმნილ სამედიცინო ქსელებს შორის ჩემი სისტემა იქ ყველაზე დიდია. თანამედროვე რუსეთის სტომატოლოგია ფაქტობრივად ჩემი შექმნილია პეტერბურგში, ამის თქმა პირდაპირ შემიძლია. ნიღბებით და ხელთათმანებით მუშაობა სტომატოლოგიაში იქ ჩემი შეტანილია. ჩემი ქსელის ფილიალები პეტერბურგშია. მოსკოვში მხოლოდ ერთი ფილიალია. პეტერბურგი ძალიან მიყვარს, 16 წელი იქ ვიყავი და გამოდის, რომ იქ გავიზარდე, იქ ჩამოვყალიბდი, იქ გავხდი მეცნიერი. პეტერბურგის სამედიცინო სფეროში ძალიან ბევრი კარგი ადამიანია და მათ შორის – ბევრი ქართველი. მე კოსმოპოლიტი ადამიანი ვარ, ვემხრობი მხოლოდ ოთხ ნაციონალობას: კერძოდ, საოპერაციო მაგიდაზე მნიშვნელოვანია პირველი, მეორე, მესამე და მეოთხე ჯგუფის სისხლი. ყველა ღმერთის შვილები ვართ, რა რელიგიისაც უნდა ვიყოთ.
რა ქონების პატრონია თამაზ მჭედლიძე?
რუსეთში 2007 წელს შემიფასეს უძრავი ქონება და სხვადასხვა დათვლით 200-300 მლნ დოლარის პატრონი ვიყავი. სინამდვილეში, არ ვიცი, რამდენია. რაც შეეხება საქართველოს, აქ უკვე ინვესტირებული მაქვს 40 მლნ დოლარი, მაგრამ რომ მკითხოთ, რა ეღირება ეს ყველაფერი („ბიოლი“), მე გეტყვით, რომ ამას ფასი არა აქვს. ეს არის ჩემი შვილი და ჩემს შვილს არ ვყიდი.