ორმოცდაცამეტი მილიარდი დოლარი – აი რა ღირს ტელეკომის ფინანსური მაგნატი კარლოს სლიმ ჰელუ – Forbe-ის უკანასკნელი ამომწურავი გაანგარიშებით, პლანეტის უმდიდრესი ადამიანი. (უფრო ზუსტი რიცხვია $53.5 მილიარდი – როდესაც ათნიშნა რიცხვებთან გაქვს საქმე, ყოველ მეათედს მნიშვნელობა ენიჭება).
ასეთ ციფრებთან შეხებისას ძალაუნებურად გიჩნდება კითხვა:რა არის საჭირო იმისათვის, რომ ასეთი სიმდიდრის დაგროვება შეძლო? და, რაც მთავარია, გაქვს თუ არა ის „რაღაც”?
„წარმატებული ადამიანები არაჩვეულებრივ ოპტიმიზმით გამოირჩევიან, – ამბობს ჯოან კეინი, ფსიქოლოგი მანჰეტენიდან, რომელიც მრავალი მსხვილი კორპორაციის ხელმძღვანელთა კონსულტანტია – ისინი ჩარჩოებით არ არიან შეზღუდული,რაც ბევრ ადამიანს ახასიათებს. მათთვის არ არსებობს მიღწევებისა და წინსვლის ზღვარი. მათ არ აფერხებს ასაკი და ოჯახური მოვალეობები”.
შეუზღუდავი ოპტიმიზმი. გამარჯვების უსაზღვრო მოთხოვნილება – აი ზღაპრულად მდიდარი ადამიანების ორი თვისება. მათ კიდევ ბევრი რამ ახასიათებთ.
თვითშეფასება: ხართ თუ არა დაბადებული იმისთვის, რომ გახდეთ მილიარდერი?
დიდი ნებისყოფაა საჭირო იმისთვის, რომ მიატოვოთ ოფისის, სტაბილური ხელფასისა და ჯანდაცვის კარგი პაკეტის კომფორტი და დაიწყოთ მცირე ბიზნესი, რათა მარტომ აშენოთ იმპერია. მილიარდერების თვისებაა თითქმის ქედმაღლობამდე მისული თავდაჯერებულობა, რომელიც აკონტროლებს მათ შიშებს და ეჭვებს მაშინაც კი, როდესაც თამასა მაღლა იწევს და რთულდება. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ისინი რთული სიტუაციების დაძლევის არაჩვეულებრივი უნარით გამოირჩევიან.
„მეწარმეები, რომლებიც დიდ წარმატებებს აღწევენ, დაბრკოლებებს მონაცემთა შეგროვების მეთოდად განიხილავენ, – ამბობს ფსიქოლოგი დევიდ ბალარდი, ამერიკის ფსიქოლოგთა ასოციაციის შრომითი ჯანდაცვის პროგრამის ხელმძღვანელი. – ისინი ასე სწავლობენ. ეს პროცესის ნაწილია და არა გზის დასასრული”.
იქნებ მილიარდერის დნმ გაქვთ და, უბრალოდ, ჯერ არ იცით ამის შესახებ? სანამ ზღაპრული სიმდიდრის დაგროვების გზას დაადგებით (და სასწორზე საკუთარი სიცოცხლის დადებასაც კი გარისკავთ), დაუსვით საკუთარ თავს 13 რთული კითხვა, რომლებიც შეიმუშავეს ბალარდმა, კეინმა და უფროსმა ფსიქოლოგმა დებრა. გთავაზობთ ამ 13 შეკითხვიდან რამდენიმეს:
რად გინდათ თავბრუდამხვევი წარმატება?
სანამ ზრდის სწრაფ ტემპებზე გადახვიდოდეთ, მნიშვნელოვანია ბიზნესის გრძელვადიანი მიზნების დასახვა. რამდენიმე წელიწადში ფირმის გაყიდვას აპირებთ? შესანიშნავია. მზად ხართ კონკურენტებთან ბრძოლისათვის? კარგია. გინდათ, რომ თქვენთვის წყნარად იმუშაოთ და საკუთარი პროდუქცია მხოლოდ მოგების მიზნით განავითაროთ? მაშინ დიდ მიღწევებს ნუ ელით.
იტანთ და აკონტროლებთ გაურკვევლობას?
წარმატებულ მეწარმეებს წინააღმდეგობრივი მონაცემების ჯუნგლებშიც კი შეუძლიათ ორიენტირება. შესაძლოა ადმინისტრაციული სამსახურის უფროსს საქმიანობის გაფართოება აზიის მიმართულებით სურდეს, მარკეტინგის სამსახურის უფროსს კი მიაჩნდეს, რომ ეს ნაადრევია. „ისინი შეუსაბამო დეტალებს დიდ ყურადღებას არ აქცევენ, – ამბობს კეინი, – წარმატებულ ადამიანებს აქვთ ფოკუსირებისა და ყველაფრისათვის თავისი ადგილის მიჩენის უნარი”. თუ გაურკვევლობა არ გრთგუნავთ და არ გაფერხებთ, მაშინ წარმატების მიღწევის მეტი შანსი გაქვთ.
მზად ხართ კომპანიის გასავითარებლად ხისტი გადაწყვეტილებები მიიღოთ?
ბიზნესის წამოწყებისას, რა თქმა უნდა,ნათესავები ან კოლეგები მხარში ამოგიდგნენ და დაეგეხმარნენ, თუმცა შესაძლოა ისინი მომავალი განვითარების შემაფერხებელნიც კი გახდნენ, როდესაც ბიზნესის მასშტაბი მათ შესაძლებლობებს გადააჭარბებს.თუ არ გეყოფათ გამბედაობა მათ ჩასანაცვლებლად (ან გასათავისუფლებლად), დიდ წარმატებას ვერასდროს მიაღწევთ.
გიყვართ საზოგადოების წინაშე სიტყვით გამოსვლა?
ნებისმიერ მეტ-ნაკლებად მასშტაბურ კომპანიას სჭირდება საჯარო სახე. მეწარმე, რომელიც წარმატებულია საჯარო სივრცეში (ყოველკვირეული სხდომები, აქციონერთა კრებები, სატელევიზიო ინტერვიუებიც კი) უფრო ადვილად ართმევს თავს საქმეს, ვიდრე ის, ვინც ყურადღების ცენტრში ყოფნას გაურბის. თუ სიტყვით გამოსვლა თქვენი ძლიერი მხარე არ არის, მაგრამ წინსვლა გწყურიათ, იპოვეთ სანდო შემცვლელი, რომელიც შეძლებს თქვენი ამბების „გაყიდვას”.
შეგიძლიათ კონსენსუსის მიღწევა?
ჩვეულებრივ, რაც უფრო დიდია ბიზნესი, მით მეტად ხართ დამოკიდებული გარშემომყოფებზე. თქვენ უნდა გინდოდეთ და შეგეძლოთ კონსენსუსის მიღწევა. მეწარმეები, რომლებსაც აქვთ მენტალობა – „ან ჩემნაირად, ან არანაირად”, ვერასდროს მიაღწევენ დიდ წარმატებას.
შეგიძლიათ უფლებათა დელეგირება?
რაც უფრო დიდია ბიზნესი, მით ნაკლები დრო გაქვთ თანამშრომლებთან ურთიერთობისათვის. ცხადია, რომ ვერ შეძლებთ ყოველთვის ყველაფერი თავად გააკონტროლოთ. თუ უფლებათა დელეგირება არ შეგიძლიათ, დაივიწყეთ ზრდა.
შეგიძლიათ გაუმკლავდეთ იზოლაციას?
მილიარდიანმა ქონებამ შესაძლოა სიმარტოვემდე მიგიყვანოთ. „მეგობრები” უეცრად ჩნდებიან, გულითადი ურთიერთობების დამყარება კი რთულდება. საღად მოაზროვნე მილიარდერს შეუძლია ამოიცნოს პარაზიტები და იპოვოს მისთვის ახლობელი, ერთგული ადამიანები, რომლებსაც ენდობა და რომლებთან ურთიერთობაც სიამოვნებს.
მილიარდერის სტატუსისათვის ბრძოლა (და არა თავის მოჩვენება) მოითხოვს ისევე კარგად ვიცნობდეთ საკუთარ თავს,როგორც ახალი კლიენტების მოზიდვის ან ქონების მართვის ცოდნაა საჭირო. ვინ იცის? იქნებ სულ რაღაც $100-მა მილიონმაც დაგაკმაყოფილოთ.