კოლუმბია დეპორტირებული მიგრანტების მიღებას დათანხმდა - ტრამპის ტარიფები შეჩერებულია

კოლუმბია დეპორტირებული მიგრანტების მიღებას დათანხმდა - ტრამპის ტარიფები შეჩერებულია

კოლუმბია, დონალდ ტრამპის მიერ გამოცხადებული ტარიფების შეჩერების სანაცვლოდ, აშშ-დან დეპორტირებული მოქალაქეების ქვეყანაში „შეუზღუდავად მიღებას“ დათანხმდა. ამის შესახებ განცხადება თეთრმა სახლმა გაავრცელა.

როგორც თეთრი სახლის პრესმდივანმა, კაროლინ ლივიტმა განაცხადა, შემუშავებული ტარიფები და სანქციები კოლუმბიის წინააღმდეგ „რეზერვში დარჩება და ხელმოწერილი არ იქნება“. იმ შემთხვევაში, თუ ქვეყანა შეთანხმებას დაარღვევს, აშშ მათ აამოქმედებს.

თუმცა, სავიზო შეზღუდვები და გაძლიერებული საბაჟო შემოწმება კოლუმბიელებსა და ტვირთებზე კვლავ ძალაში დარჩება „სანამ კოლუმბიელ დეპორტირებულთა პირველი თვითმფრინავი უკან წარმატებით დაბრუნდება“.

შეგახსენებთ, მანამდე კოლუმბიის პრეზიდენტმა, გუსტავო პეტრომ ამერიკულ სამხედრო თვითმფრინავებს, რომლებსაც არალეგალი მიგრანტები გადაჰყავს, ქვეყანაში დაშვება აუკრძალა და მათი სამოქალაქო თვითმფრინავებით ტრანსპორტირება მოითხოვა. პეტროს უარის პასუხად, დონალდ ტრამპმა კოლუმბიურ საქონელს 25%-იანი ტარიფები დაუწესა, ამასთანავე, კოლუმბიელ თანამდებობის პირებს აშშ-ში შესვლა აუკრძალა, ქვეყნის მოქალაქისთვის კი სასაზღვრო შემოწმებები გაამკაცრა.