„კონცეპტ 360“ - თიბისის ახალი შეთავაზება

„კონცეპტ 360“ - თიბისის ახალი შეთავაზება

თიბისი კონცეპტი პერსონალური საბანკო მომსახურების კუთხით ბაზარზე ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული და მოთხოვნადი ბრენდი რომ არის, ამაზე რიცხვებიც მიანიშნებს. კონცეპტმა უკვე 90,000 მომხმარებელი შემოიკრიბა. ეს გასაკვირი არც არის, ვინაიდან მისი სერვისები მომხმარებლების ინდივიდუალურ საჭიროებებსა და ინტერესებზეა მორგებული, რაც მათ ცხოვრებას უმარტივებს და საკუთარი ფინანსებისა და აქტივების უკეთ მართვაში ეხმარება. ცოტა ხნის წინ ბანკმა უკვე არსებულ ციფრულ და პრემიუმ ნაკრებებს ახალი გამორჩეული ნაკრები – „კონცეპტ-360“ დაამატა. მისი სახელიდანაც ჩანს, თუ რამდენად მასშტაბური იქნება ამ ნაკრების შეთავაზებები. Forbes Georgia ახალ პროდუქტსა და ზოგადად პერსონალური საბანკო მომსახურების შედეგებზე თიბისი კონცეპტის ხელმძღვანელს, ნატა ხურციძეს ესაუბრა.

ქალბატონო ნატა, დაახლოებით ერთი წელია, რაც თიბისის პერსონალური საბანკო მომსახურების რებრენდინგი განახორციელეთ და მომხმარებელს ციფრული და პრემიუმ ნაკრებები შესთავაზეთ. როგორი შედეგები გაქვთ, როგორია მომხმარებლების კმაყოფილების მაჩვენებელი?

თიბისი კონცეპტის ორიენტირი ინდივიდია, სწორედ ამიტომ, ჩვენ ვცდილობთ ყველა მომხმარებელს მასზე მორგებული პროდუქტი და მომსახურება შევთავაზოთ. ამ მისიით შეიცვალა ჩვენი ბიზნესმოდელიც და ე.წ. ნაკრების გამოწერის მოდელზე გადავედით, რომელიც საშუალებას გვაძლევს ვთქვათ, რომ ჩვენი სერვისი არის „Beyond Banking“, სადაც საბანკო-ფინანსურ სერვისებთან ერთად, მომხმარებლის ცხოვრების სტილსა და მის ცხოვრებისეულ კონცეფციაზე მორგებული, თვითგანვითარებისა და შემეცნებისთვის საჭირო ბევრი ინიციატივა იყრის თავს.

როგორც იცით, თიბისი კონცეპტი პირველი პერსონალური საბანკო მომსახურებაა საქართველოში, რომელმაც თავის მომხმარებლებს ე.წ. გამოწერის, ნაკრებების შერჩევის შესაძლებლობა მისცა. ბევრი საინტერესო ადამიანისა და კლიენტების უკუკავშირის შედეგად დაიბადა იდეა, რომ მათთვის ცალ-ცალკე პროდუქტები კი არა მათი ერთობლიობა შეგვეთავაზებინა. ეს პროექტი ძალიან წარმატებული აღმოჩნდა, ბოლო 2 წლის განმავლობაში ჩვენ ამ ტიპის სერვისში 90,000 ზე მეტი მომხმარებელი ჩავრთეთ. ვინაიდან ჩვენთვის მომხმარებელი არ არის რაღაც სეგმენტი და ვცდილობთ ინდივიდზე ვფოკუსირდეთ, დავინახეთ ციფრული ნაკრების დანერგვის საჭიროება და დღევანდელ დღემდე ბაზარზე წარმოდგენილი ვიყავით ციფრული და პრემიუმ ნაკრებით. შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ ის ნოუ-ჰაუ, რომელიც დავიწყეთ, წარმატებული აღმოჩნდა.

ამასთან, ჩვენ სისტემატურად ვატარებთ  კვლევას, რათა ვიცოდეთ, ზუსტად რა სურთ ჩვენს მომხმარებლებს. თუ ადრე მხოლოდ ერთი შეთავაზება გვქონდა მათთვის, რაც არის პირადი საბანკო მომსახურება პერსონალური ბანკირის მეშვეობით, შემდეგ აღმოვაჩინეთ, რომ მომხმარებლების ცალკეული ჯგუფი იმდენად კარგად იყენებდა ჩვენს ციფრულ სერვისებს, რომ პერსონალური ბანკირის საჭიროება არ ჰქონდათ. შესაბამისად, გადავწყვიტეთ, ეს მიკროსეგმენტი ცალკე აგვეთვისებინა და ციფრული ნაკრები დაგვემატებინა.

ამ სახელზეც დიდი ხნის განმავლობაში ვიმუშავეთ. მოგეხსენებათ, დიდ რისკებთანაა დაკავშირებული ათწლიანი ბრენდის სახელის ცვლილება, თუმცა, ჩვენ გვჯეროდა, რომ ის შინაარსი, რაც ამის უკან დგას, ძალიან მნიშვნელოვანია.

რომელია ყველაზე პოპულარული მომსახურებები, რასაც ყველაზე ხშირად იყენებს თიბისი კონცეპტის მომხმარებელი?

დროსთან ერთად ადამიანები და მათი საჭიროებები იცვლება. შესაბამისად, მათთვის შეთავაზებული სხვადასხვა სახის მომსახურებაც სიახლეებსა და განვითარებას მოითხოვს. 21-ე საუკუნის მუდმივად ცვალებად გარემოში და ცხოვრების აჩქარებულ ტემპში, სადაც ადამიანები ცდილობენ ყველაფერი აქ.ახლა მოასწრონ, ყველაზე პრიორიტეტული დროის დაზოგვა და სიმარტივე გახდა.

დინამიკური და დატვირთული პროცესების პარალელურად, ცენტრალური ფიგურა მაინც ადამიანია, რომელიც მუდმივად ვითარდება. განვითარებისა და გამოწვევების დაძლევის პარალელურად, ადამიანები მუდმივად ეძებენ ურთიერთობების მარტივ ფორმას, რადგან მათ სჭირდებათ ისეთი გადაწყვეტები, რომლებიც ცხოვრებას ამარტივებს. სწორედ ამ ახალ გარემოში, როდესაც დრო და სიმარტივე ძალიან ძვირფასია, პირადი ბანკირის მომსახურება ძალიან დიდ სარგებელს წარმოადგენს. აქვე აღსანიშნავია რომ ოპერაციების უმრავლესობა დისტანციურად ხორციელდება, რაც ჩვენს მომხმარებლებს კომფორტის გარდა საკმაო დროსაც უზოგავს. ამაში კი ჩვენი ციფრული სერვისების უწყვეტი განვითარება გვეხმარება.

შეთავაზებების სიას ცოტა ხნის წინ კიდევ ერთი ახალი ნაკრები – „კონცეპტ 360“ დაამატეთ.  რამ მიგიყვანათ ამ გადაწყვეტილებამდე?

თავად დასახელებაშიც ჩანს, თუ რა გვინდოდა მომხმარებლისთვის ამ ნაკრებით შეგვეთავაზებინა. ეს არის მომხმარებლის საჭიროებების სრული დაფარვა. ამ ნაკრებში შედის ახალი, უფრო მაღალი კლასის ბარათები „Visa Signature“ და „Mastercard World Elite“, რომლებიც თავიანთი დიდი ლიმიტებით და შესაძლებლობებით დამატებით ღირებულებას უქმნის კლიენტებს. ამასთან, ახალ საკრედიტო ბარათს „Visa Signature“ აქვს გაუმჯობესებული ქულების დაგროვების სისტემა.

რაც შეეხება პროცესს, ამ ნაკრების შექმნისას მოვისმინეთ არაერთი მომხმარებლის აზრი, უკეთ დავინახეთ ამ მიკროსეგმენტის საჭიროება, მიეღოთ უფრო დახვეწილი საბროკერო და საინვესტიციო პროდუქტები, შესაბამისად, ეს სერვისები დავამატეთ ამ ნაკრებს, რომელსაც თიბისი ბროკერი უზრუნველყოფს.

როგორც იცით, თიბისი ჯგუფი საკმაოდ ბევრ საინტერესო კომპანიას აერთიანებს. 360 ნაკრების შემუშავებისას ვეცადეთ, რაც შეიძლება მეტი კომპანია ჩაგვერთო ჩვენი ეკოსისტემიდან – ამ ეტაპზე ეს არის ჩვენი დაზღვევა, კერძოდ, ამ ნაკრების მომხმარებლებს შესაძლებლობა ექნებათ ისარგებლონ განსაკუთრებული პირობებით, გამოიყენონ საზღვარგარეთ მოღვაწე ქართველი ექიმების კონსულტაციის სერვისი „რედმედის“ აპლიკაციის მეშვეობით; ასევე განსაკუთრებული პირობებით გამოიყენონ უძრავი ქონების პლატფორმა – „ლივოს“ სხვადასხვა სერვისები. აღნიშნული მიკროსეგმენტის ერთ-ერთი მთავარი აქტივობა მოგზაურობაა, შესაბამისად, ნაკრებში შემავალი ბარათები თავის თავში მოიცავს საკმაოდ ბევრ დამატებით სერვისს, რომელიც ამ პროცესში ძალიან საჭირო და სასარგებლოა. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ადგილი უკავია, რა თქმა უნდა, ჩვენს მულტიფუნქციური შენობას, რომლის გამოყენებაც ასევე ერთ-ერთი უპირატესობაა აღნიშნული ნაკრების მფლობელთათვის.

რომ შევაჯამოთ, რის საფუძველზე შექმენით ახალი ნაკრები, როგორ გამოიკვლიეთ მომხმარებლების დამატებითი საჭიროებები?

ჩვენ ძალიან ძლიერი მონაცემთა ანალიზის სამსახური გვაქვს და მათთან თანამშრომლობით მუდმივად ვცდილობთ აღმოვაჩინოთ პატარ-პატარა მიკროჯგუფები, რომლებსაც ცალკე სერვისებს შევთავაზებთ. როგორც აღვნიშნე, ჩვენი ბრენდის დაპირებაა „იპოვე შენი კონცეპტი“, შესაბამისად, ჩვენ მუდმივად ვცდილობთ თითოეული კლიენტის უნიკალურ სურვილამდე მივიდეთ და მათ სწორედ მათზე მორგებული პროდუქტები თუ სერვისები შევთავაზოთ, სწორედ ამ  ინსპირაციით შეიქმნა „კონცეპტ 360“-ც.

როგორ ხედავს თიბისი პერსონალური საბანკო მომსახურების შემდგომ განვითარებას?

ჩვენ გვინდა, რომ თავი არ შევიზღუდოთ ამ სამი ნაკრებით და კიდევ უფრო წინ წავიდეთ. ძალიან მალე ჩვენი მომხმარებელი სამ არსებულ ნაკრებზე ე.წ. დანამატის შეძენასაც შეძლებს. დანამატების, ანუ add-on-ების მიმართულება მომხმარებლის ინტერესებსა და საჭიროებებს ითვალისწინებს და საბაზისო ნაკრებების (ციფრული, პრემიუმი, კონცეპტ 360) დამატებითი მომსახურებებით გამდიდრებას გულისხმობს. დანამატები სხვადასხვა სახის იქნება და მომხმარებელს შესაძლებლობა ექნება თავად აირჩიოს მისთვის საინტერესო add-on-ი და გაიმდიდროს პერსონალური საბანკო მომსახურების ნუსხა. ამით კი კიდევ უფრო მეტ ენერგიასა და დროს დაზოგავს. ვცდილობთ, add-on-ების პროექტისთვის ისეთი სერვისები გავითვალისწინოთ, რომლებზეც მოთხოვნა უკვე არსებობს.

პანდემიის პერიოდში, გარდა იმისა, რომ ბანკმა ამ მიმართულების რებრენდინგი გაბედულად განახორციელა, გახსნა ასევე თიბისი კონცეპტის მულტიფუნქციური სივრცეც. რა მოლოდინი გაქვთ ამ სივრცისგან?

თიბისი კონცეპტის ე.წ. Flagship სივრცე, მარჯანიშვილის 7-ის ისტორიულ შენობაშია და ის პირველი მსგავსი ტიპის მულტიფუნქციური სივრცეა რეგიონში. თიბისი აქ მომხმარებელს საუკეთესო მომსახურებასთან და პროდუქტთან ერთად, ბრენდის გამოცდილებასაც სთავაზობს. საგულისხმოა, რომ აღნიშნული შენობა შემთხვევით არ შერჩეულა – როგორც იცით, თიბისის ერთ-ერთი პრიორიტეტი ისტორიული და კულტურული მემკვიდრეობის თანამედროვეობაში ინტეგრირებაა. ქალაქის ცენტრალურ ნაწილში მდებარე ეს ისტორიული შენობა ათწლეულების განმავლობაში ადამიანების შეხვედრებისა და თანამშრომლობის გამორჩეული, ცენტრალური ადგილი იყო. სწორედ ამ შთაგონებით შეიქმნა ამ შენობის ახალი კონცეპტი.  მულტიფუნქციური სივრცე თიბისის განახლებული, პერსონალური საბანკო მომსახურების კონცეფციის ნაწილია და რა თქმა უნდა ჩვენი მომხმარებლების ინტერესებზეა მორგებული.

აქ მოსული სტუმრებისთვის ერთ სივრცეში იქნება ხელმისაწვდომი საუკეთესო პერსონალური საბანკო მომსახურება და ყველა ის დამატებითი სარგებელი თუ სერვისი, რომელიც მათ საჭიროებებზე, საქმიანობასა და ინტერესებზეა მორგებული. თიბისი კონცეპტის სივრცე შემოქმედებით-შემეცნებითი ცენტრი და საუკეთესო გარემოა ერთმანეთთან შესახვედრად და იდეების გასაზიარებლად, ადამიანებისთვის, რომლებსაც ერთმანეთისგან განსხვავებული ცხოვრების სტილი, საქმიანობა და ინტერესები აქვთ. სივრცე აერთიანებს საბანკო და არასაბანკო აქტივობებს – აქ არის საერთო სამუშაო სივრცე, კაფე, კონცეპტ-მაღაზია, ბიბლიოთეკა, სამი საგამოფენო დარბაზი და საბანკო სივრცეები, სადაც მსურველს ნებისმიერი საბანკო სერვისის მიღებაც შეუძლია. ამასთან, ეს შენობა მთლიანად აღჭურვილია ყველა საჭირო სერვისით, რაც დაკავებულ და საქმიან ადამიანს ესაჭიროება. ვინაიდან ადამიანებს სხვადასხვანაირი საჭიროებები აქვთ, გვჯერა, რომ ჩვენი მულტიფუნქციური სივრცე ნებისმიერ ადამიანში გამოიწვევს ინტერესს.

ამ სივრცის გახსნა, სამწუხაროდ, პანდემიის პერიოდს დაემთხვა, ამიტომაც ჯერ ბოლომდე დატვირთული და ათვისებული არ არის. თუმცა,  დარწმუნებულნი ვართ, რომ მომდევნო თვეებში უფრო მეტი ადამიანი შეძლებს ფიზიკურ სივრცეში მოსვლას და იმ შესაძლებლობების გამოყენებას, რასაც მარჯანიშვილის 7-ში ვთავაზობთ. გვჯერა, რომ ეს პროექტი წარმატებული იქნება, შემდეგ კი ვიფიქრებთ, რომ მსგავსი სივრცეები სხვა დიდ ქალაქებშიც, მათ შორის ბათუმსა და ქუთაისში მოვაწყოთ. ახალ რეალობაში თანამედროვე კონცეფციის ადამიანისთვის პრიორიტეტულია თვითგანვითარების შესაძლებლობა, საკუთარი ინტერესების დაკმაყოფილება და მიზნების განხორციელება. თიბისი კონცეპტის მომხმარებელი სწორედ ასეთი ადამიანია – ის, ვისთვისაც მნიშვნელოვანია არ ჩამორჩეს მიმდინარე ტენდენციებსა და პროცესებს.

დაახლოებით ერთი წლის წინ ჩვენთან ინტერვიუში თქვენ აღნიშნეთ, რომ თიბისის  ამბიცირეგიონში აზერბაიჯანის, სომხეთისა და თურქეთისთვის შექმნას ჰაბი და არა მხოლოდ ჩვენი ქვეყნის, არამედ სამეზობლოში სხვადასხვა ტიპის მომხმარებლისთვის გახდეს საინტერესო. სად არის თიბისი დღეს ამ კუთხით?

ჩვენ გვჯერა, რომ ისეთი ხარისხის გამოცდილება შევქმენით პირად საბანკო მომსახურებაში, რომელიც საინტერესო მხოლოდ ადგილობრივი მომხმარებლისთვის არ იქნება. ამ დროისთვის  ძალიან ბევრი არარეზიდენტი მომხმარებელი გვყავს, რომლებიც საქართველოში ოპერირებენ, მათი უკუკავშირი ჩვენს მომსახურებასთან დაკავშირებით საკმაოდ პოზიტიურია. მათ შეუძლიათ, შედარება გააკეთონ თავიანთ ქვეყნებში არსებულ საბანკო მომსახურებებთან. შეგვიძლია ამაყად ვთქვათ, რომ თიბისი არათუ არ  ჩამოუვარდება სხვა ქვეყნების ბანკებს მომსახურების ნაწილში, არამედ პირიქით, უფრო განვითარებულ სერვისებსაც სთავაზობს მომხმარებელს.

სამწუხაროდ, პანდემიის პირობებში შეზღუდული იყო გადაადგილება და ასევე თავისი გავლენა ჰქონდა ეკონომიკური ზრდის შენელებასაც, თუმცა გვჯერა, რომ ყველა კრიზისის შემდეგ, როგორც კანონზომიერებაა, იწყება აღმავლობა და უახლოეს მომავალში კიდევ უფრო აქტუალური და შესაძლებელი გახდება ჩვენი გამოცდილების უფრო ფართო მასშტაბებზე გადატანა.