Telegraph Sport-ის ინფორმაციით, Manchester United PLC-სთან გაფორმებული 2-წლიანი კონტრაქტის შემდგომ, კრიშტიანუ რონალდუ ინგლისის „პრემიერ ლიგის“ ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი გახდება. პორტუგალიელი ვარსკვლავი ერთ კვირაში 770,810 აშშ დოლარის გამომუშავებას შეძლებს.
ინგლისის საფეხბურთო კლუბსა და იტალიურ კლუბ Juventus Football Club SPA -ს შორის დადებული ხელშეკრულება პარასკევს გახდა ცნობილი. კლუბებს შორის 19.7 მილიონ ფუნტად შეფასებული შეთანხმების შედეგად, ინგლისის კიდევ ერთი წამყვანი კლუბი Manchester City პორტუგალიელი ფეხბურთელისთვის ბრძოლას საბოლოოდ გამოეთიშა. ხელშეკრულების პირობებით, საწყის ეტაპზე ინგლისური გრანდი იტალიურ კლუბს 12.85 მილიონ ფუნტს გადაუხდის. პორტუგალიელი ახალ კლუბში თავის პირველ მატჩს 11 სექტემბერს, ნიუკასლის წინააღმდეგ ითამაშებს.
შეგახსენებთ, რომ „მადრიდის რეალის“ ყოფილი ფეხბურთელი კრიშტიანუ რონალდუ Manchester United-ში 12 წლის შემდგომ დაბრუნდა. ინგლისურ კლუბში ჩატარებული 292 მატჩის შედეგად პორტუგალიელის ანგარიშზე 118 გოლია. აღსანიშნავია, რომ კონტრაქტის პირობების, მათ შორის ვიზისა და სამედიცინო საკითხების შეთანხმების შემდგომ, ნიუ იორკის საფონდო ბირჟაზე Manchester United-ის აქციების ფასი 5.8%-ით გაიზარდა.