„ნაპოლის“ ქართველი შემტევი, ხვიჩა კვარაცხელია მსოფლიოს ერთ-ერთი პრესტიჟული სპორტული გამოცემა Goal.com-ის რეიტინგში, რომელიც 2023 წლის „ოქროს ბურთის“ პრეტენდენტთა შანსებს აფასებს, კვლავ დაწინაურდა. ნეაპოლელთა თავდამსხმელი განახლებულ ჩამონათვალში მე-8 ადგილს იკავებს.
აღსანიშნავია, რომ დეკემბერში Goal.com-მა 2023 წლის „ოქროს ბურთის“ პრეტენდენტთა შორის კვარაცხელია მე-9 ადგილზე დაასახელა, თუმცა ამის შემდეგ ქართველმა რეიტინგში მე-10 ადგილზე გადაინაცვლა. ახლა კი, „ნაპოლის“ 22 წლის ფეხბურთელმა ერთდროულად ორი პოზიციით დაწინაურება შეძლო. მოცემული დროისთვის, 2022/23 წლების სეზონში ხვიჩას ანგარიშზე საერთო ჯამში 13 გოლი და 15 საგოლე გადაცემაა.
აქვე გეტყვით, რომ Goal.com-ის რეიტინგის პირველ ათეულში მოხვდა კვარაცხელიას თანაგუნდელი ვიქტორ ოსიმენიც, რომელიც ჩამონათვალში მე-9 ადგილს იკავებს.
2023 წლის „ოქროს ბურთის“ პრეტენდენტთა ტოპ-10, რომელიც Goal.com-მა მიმდინარე თვისთვის შეადგინა, ასე გამოიყურება:
1. ლიონელ მესი (პსჟ)
2. კილიან მბაპე (პსჟ)
3. ერლინგ ჰაალანდი (მანჩესტერ სიტი)
4. რობერტ ლევანდოვსკი (ბარსელონა)
5. ნეიმარი (პსჟ )
6. მარკუს რეშფორდი (მანჩესტერ იუნაიტედი)
7. ვინისიუს ჯუნიორი (რეალი)
8. ხვიჩა კვარაცხელია (ნაპოლი)
9. ვიქტორ ოსიმენი (ნაპოლი)
10. ჯამალ მუსიალა (მიუნხენის ბაიერნი)