დღეს საქართველოს ოლიმპიურმა ნაკრებმა პარიზში კიდევ ერთი მედალი მოიპოვა, კვლავ ძიუდოში. ლაშა ბექაურმა 90 კილოგრამამდე წონითი კატეგორიის ფინალში იაპონიის წარმომადგენელ სანშირო მურიოს მოუგო და ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე ოქროს მედალს ზედიზედ მეორედ დაეუფლა. ლაშამ შეხვედრაში ორი ვაზარი შეასრულა.
ბექაურმა ტურნირზე ასპარეზობა მერვედფინალიდან დაიწყო, სადაც ბულგარელ ივაილო ივანოვს დაუპირისპირდა. ქართველმა ძიუდოისტმა შეხვედრაში ვაზარი შეასრულა და მეტოქეს მარტივად მოუგო.
მარტივი გადასალახი აღმოჩნდა ლაშასთვის მეოთხედფინალური დაპირისპირებაც, სადაც მისი მეტოქე სამხრეთკორეელი ჯუიეოპ ჰანი იყო. ქართველმა ძიუდოისტმა შეხვედრა იპონით, წუთსა და 22 წამში დაასრულა.
რაც შეეხება ნახევარფინალს, აქ ბექაური ესპანეთის სახელით მოასპარეზე ტატო მოსახლიშვილს დაუპირისპირდა. ფინალისტის გამოსავლენად ძირითადი დრო საკმარისი არ აღმოჩნდა. საბოლოოდ, მოსახლიშვილმა მესამე შიდო მიიღო და გამარჯვებაც ბექაურს ხვდა წილად.
შეგახსენებთ, საქართველოს ოლიმპიურ ნაკრებს პარიზში პირველი მედალი ტატო გრიგალაშვილმა მოუპოვა. -81 კილოგრამი წონითი კატეგორიის ფინალში იაპონელ ტაკანორი ნაგასესთან მარცხის შემდეგ ის ვერცხლის მედალს დაეუფლა. ამ დროისთვის ნაკრების ანგარიშზე ორი მედალია: ერთი ოქრო და ერთი ვერცხლი.
პარიზის 2024 წლის ზაფხულის ოლიმპიადა 26 ივლისს გაიხსნა. საფრანგეთის დედაქალაქი სხვადასხვა სპორტულ ღონისძიებას 11 აგვისტომდე უმასპინძლებს. ოლიმპიადაზე სპორტის სხვადასხვა სახეობაში საქართველოს მთლიანობაში 28 წარმომადგენელი ჰყავს.