კალათბურთელი ლებრონ ჯეიმსი მილიარდერის სტატუსის გამყარებას ახალი, რეკორდული ღირებულების კონტრაქტით განაგრძობს. ჯეიმსმა Los Angeles Lakers-თან კონტრაქტი 2 წლით გაახანგრძლივა, ღირებულება – $104 მილიონია.
Bloomberg-ის მილიარდერთა ინდექსის მიხედვით, $104 მილიონის ღირებულების კონტრაქტი, მისი ასაკის კალათბურთელთა შორის, ყველაზე ძვირად ღირებულია. შედეგად, გამოცემის შეფასებით, მომავალი სეზონის ხელფასის ჩათვლით, NBA-ის 39 წლის კალათბურთელის ქონება $1.5 მილიარდამდე გაიზრდება.
კონტრაქტის გახანგრძლივების წყალობით, ჯეიმსი შეძლებს, დიდი ხნის ოცნებაც აისრულოს და ნაციონალურ საკალათბურთო ლიგაში მის 19 წლის ვაჟ, ბრონი ჯეიმს უმცროსთან ერთად ითამაშოს. ბრონი ჯეიმსთან Lakers-მა 4-წლიანი კონტრაქტი გასულ კვირას გააფორმა, ღირებულება ამ შემთხვევაში $7.9 მილიონია.
უფროსი ჯეიმსი კი, რომელიც NBA-ში რიგით 22-ე სეზონს ითამაშებს, ლიგის ყველა დროის რეკორდს ფლობს – 48,500 ქულა ყველა ჩატარებულ თამაშში. გასულ სეზონში ლებრონმა თამაშში საშუალოდ 25.7 ქულა დააგროვა, რაც მას ლიგის 15 საუკეთესო მოთამაშეს შორის აქცევს.
NBA-ის ხელფასის გარდა, ჯეიმსის ქონების წყაროს სპონსორები, ინვესტიციები და მის საკუთრებაში არსებული სამომხმარებლო და გასართობი ბიზნესი – SpringHill Co შეადგენს. SpringHill Co-ს ღირებულებამ $725 მილიონს მიაღწია მას შემდეგ, რაც კალათბურთელმა და მისმა ბიზნესპარტნიორმა მავერიკ კარტერმა კომპანიის აქციათა ნაწილი ინვესტორთა ჯგუფს, მათ შორის Nike-ს მიჰყიდა.