LG-მ გამჭვირვალე OLED-ეკრანი წარმოადგინა

LG-მ გამჭვირვალე OLED-ეკრანი წარმოადგინა

მსოფლიოს უმსხვილესი ტექნოლოგიური გამოფენის, CES 2022-ის წინ, რომელმაც სტარტი 5 იანვარს აიღო, LG-მ საინტერესო სიახლე წარმოადგინა: კორეულმა გიგანტმა გამჭვირვალე OLED-ეკრანის პროტოტიპული მოდელები წარმოადგინა. თუმცა აღსანიშნავია, რომ ეს კონცეპტები LG Electronics-ის შვილობილმა კომპანიამ, LG Display-მ წარმოადგინა, რომელიც რეალურად, კვლევითი კომპანიაა და მის პროდუქტებს მსოფლიოს ტექნოლოგიური გიგანტები იყენებენ.

LG-ის მიერ წარმოდგენილ პროდუქტებს შორის ერთ-ერთ განსაკუთრებულ ადგილს 55-ინჩიანი OLED Shelf-ი იკავებს, რომელიც ორი ეკრანისგან შედგება და ხელოვნების ნიმუშების საჩვენებლად არის შექმნილი – ზედა ეკრანზე უშუალოდ ნახატი ჩანს, ხოლო ქვედაზე – მისი აღწერა. ამგვარი ტექნოლოგიური პროდუქტის არსებობა განსაკუთრებით საინტერესოა ციფრული ხელოვნების ეპოქაში, როცა ადამიანები ხელოვნების ამ მიმართულებაში საკმაო მოცულობის ფულს აბანდებენ.

აღსანიშნავია, რომ საყოფაცხოვრებო მოხმარების გამჭვირვალე ეკრანების გარდა, LG-მ ეს ტექნოლოგია ბიზნესებსაც შესთავაზა – ერთ-ერთი ასეთი მოდელი The Shopping Managing Showcase-ია, რომელიც, როგორც ჩანს, მაღალშემოსავლიანი კლიენტების მქონე მაღაზიებში განთავსდება. როგორც ზედა სურათზე ჩანს, ეს ეკრანი ხის ჩარჩოში არის მოქცეული, ხოლო მის უკან უშუალოდ გასაყიდი პროდუქტი დგას, რომელიც, ეკრანზე გამოსახული დამატებითი ეფექტების დახმარებით, მომხმარებლისათვის უფრო სასურველი ხდება.

თუმცა ეს ყველაფერი როდია: ბიზნესებისთვის LG-მ კიდევ ერთი გამჭვირვალე პროდუქტი, 55-ინჩიანი LG Display Show Window შექმნა, რომელსაც ბიზნესები ჩვეულებრივი ბანერების ნაცვლად გამოიყენებენ. კომპანიის განცხადებით, ამგვარი ეკრანები უკვე გამოიყენება როგორც Musinsa-ს სეულში მდებარე მოდის სახლში, ასევე The Smithsonian-ისა და 180 The Strand London-ის გამოფენებზე, ჩინეთისა და იაპონიის მეტროებში და Bulgari-ს მოდის ჩვენებაზეც კი.

თუმცა, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ეს მოწყობილობები – პროტოტიპულია, რაც ნიშნავს იმას, რომ შეიძლება ისინი არასდროს გაიყიდოს. მიუხედავად ამისა, LG Display-ის წარმომადგენელმა, ჯენ ლიმ The Verge-თან საუბრისას აღნიშნა, რომ OLED Shelf-ი წარმოებისთვის მზად არის და თუკი მომხმარებლებს ამ პროდუქტის შეძენა მოუნდებათ, LG-ი მის წარმოებას დაიწყებს. ისე კი, ყველა ეს მოდელი კომპანიის მიერ შემუშავებული წარმოების პროცესის მერვე თაობას ეფუძნება, რაც ამ პროდუქტების განვითარების დონეზე მიუთითებს – თითოეული მათგანი 55-ინჩიანი 1080p-ის მქონე ეკრანებისგან შედგება, რომლებიც 40%-ით გამჭვირვალეა.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *