ლიბანის ცენტრალური ბანკის მმართველის მიერ რამდენიმე დღის წინ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, უკვე 1-ელი თებერვლიდან ქვეყანა ეროვნული ვალუტის ახალ გაცვლით კურსს მიიღებს. ლიბანის მთავარი ფინანსური ინსტიტუტის განმარტებით, ახალი გაცვლითი კურსი 1 ამერიკულ დოლართან მიმართებით 15,000 ლიბანურ გირვანქას შეადგენს. ლიბანის ცენტრალური ბანკი ქვეყნის ეროვნულ ვალუტას ხელოვნურად 90%-ით გააუფასურებს. ცნობისათვის, ამჟამად არსებული ოფიციალური კურსი უკვე 25 წელია, რაც უცვლელია.
საინტერესოა, რომ ძველი ოფიციალური გაცვლითი კურსი 1 ამერიკულ დოლართან 1,507 ლიბანურ გირვანქას შეადგენდა. თუმცა, ეროვნული ბანკის მიერ მიღებული გადაწყვეტილება მაინც ვერ გაუწევს კონკურენციას პარალელურ, არაოფიციალურ ბაზარზე არსებულ კურსს, რომელიც 1 ამერიკულ დოლართან მიმართებით 57,000 ლიბანურ გირვანქას შეადგენს.
ლიბანის ეროვნული ბანკის პრეზიდენტის, რიად სალამეჰის განმარტებით, აღნიშნული ცვლილება მეტწილად ბანკებს შეეხება და მისი დახმარებით 2019 წლის ფინანსური კოლაფსის ცენტრში მყოფი ფინანსური ინსტიტუტების კაპიტალს შეამცირებს.
ფინანსური ბაზრების ანალიტიკოსების მოსაზრებით, ლიბანის ცენტრალური ბანკის გადაწყვეტილება ქვეყნის ეკონომიკაზე მნიშვნელოვან გავლენას ვერ მოახდენს, რომელიც უკვე რამდენიმე წელია მეტწილად „დოლარიზებულია“ და სადაც ვაჭრობა ძირითადად ზემოთ აღნიშნული პარალელური, არაოფიციალური გაცვლითი კურსით მიმდინარეობს.
შეგახსენებთ, რომ ლიბანურმა გირვანქამ საკუთარი ღირებულების 97% დაკარგა მას შემდეგ, რაც 2019 წლიდან ოფიციალური გაცვლითი კურსისათვის ჩამორჩენა დაიწყო.