ლიბანში ეროვნული ვალუტა რეკორდულად გაუფასურდა. ქვეყანაში მასშტაბური საპროტესტო აქციები დაიწყო. როგორც Associated Press-ი წერს, ფასების მკვეთრ ზრდას და ვალუტის გაუფასურებას დემონსტრაციები არაერთ ქალაქში მოჰყვა.
ლიბანური გირვანქის გაუფასურებას დაემატა საწვავის იმპორტის კუთხით შეფერხებები და ელექტროენერგიის შეზღუდვით მიწოდებაც. რამდენიმე ქალაქში ელექტროენერგია 12 საათითაც კი გაითიშა.
ხუთშაბათის დილის მონაცემებით, 1 ამერიკული დოლარი 10 000 ლიბანურ გირვანქად ივაჭრება. ეს რეკორდული მაჩვენებელია. ბოლოს ყველაზე მეტად ლიბანური ვალუტა გასული წლის ივლისში გაუფასურდა, როდესაც 1 დოლარი 9 900 გირვანქა ღირდა.
ლიბანი მძიმე ფინანსურ კრიზისს განიცდის, ქვეყანას უზარმაზარი ვალი დაუგროვდა, გაიზარდა სიღარიბის დონე, შემცირდა სამუშაო ადგილები. ქვეყანაში, რომელიც დიდწილად იმპორტზეა დამოკიდებული, ეროვნული ვალუტის გაუფასურებამ 85% შეადგინა. შედეგად მნიშვნელოვნად გაძვირდა იმპორტირებული პროდუქცია.
„მე ჯერ კიდევ შემიძლია ბავშვების გამოკვება რძით, სხვებს კი ამის საშუალებაც არა აქვთ. ამიტომაც გამოვდივართ ქუჩაში, რათა დავიცვათ ჩვენი ხალხი“, – აღნიშნა ერთ-ერთმა ლიბანელმა დემონსტრანტმა, რომელიც მთავრობისგან ქმედითი ნაბიჯების გადადგმას ითხოვს.
ეროვნული ვალუტის ახალი კურსით გამოდის, რომ ლიბანში მინიმალური თვიური ხელფასი ახლა მხოლოდ $68-ია. პარალელურად, ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისიცაა. ლიდერები ვერ თანხმდებიან კრიზისიდან გამოსვლის გეგმაზე.