Lockheed Martin-ი და ისრაელის Rafael-ი ლაზერული იარაღის სისტემაზე ერთად იმუშავებენ

Lockheed Martin-ი და ისრაელის Rafael-ი ლაზერული იარაღის სისტემაზე ერთად იმუშავებენ

ამერიკული სამხედრო კონტრაქტორი Lockheed Martin-ი და იარაღის ისრაელური მწარმოებელი Rafael-ი ლაზერული იარაღის ახალ სისტემას ერთად შექმნიან. კომპანიები მის შესაქმნელად უკვე არსებულ ტექნოლოგიას გამოიყენებენ, რომელსაც ისრაელი ავითარებს. იარაღი ბაზრისთვის მზად მომავალი წლისთვის იქნება.

კომპანიების მიერ გავრცელებული ერთობლივი განცხადების თანახმად, მათი მიზანი Iron Beam-ის მსგავსი ვერსიის წარმოებაა. ცნობისათვის, ეს უკანასკნელი ისრაელის თავდაცვის სამინისტროსა და Rafael-ის მიერ შექმნილი ლაზერული ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემაა.

მხარეების განმარტებით, შარშან Iron Beam-მა სხვადასხვა სახის ტესტირება გაიარა და სისტემის ოპერაციული შესაძლებლობებიც დაადასტურა. ისრაელის თავდაცვის სამინისტრო, Iron Beam-ის შეიარაღებაში მიღებას მომავალი წლის დასაწყისისთვის გეგმავს. ისრაელი აღნიშნულ სისტემას მისი მიმართულებით გაშვებული რაკეტების განეიტრალების უფრო იაფ საშუალებად განიხილავს. მოგეხსენებათ, ამჟამად ქვეყანა მსგავსი დანიშნულებით Iron Dome სისტემას იყენებს. ის ობიექტების გასანეიტრალებლად მათი მიმართულებით რაკეტებს უშვებს.

Iron Beam-ის სისტემა კი ამ მიზნებისათვის ლაზერს გამოიყენებს, რომელიც ჰაერიდან მომავალ საფრთხეებს გადაახურებს და წყობიდან გამოიყვანს.