მსოფლიოში ლოკდაუნის პერიოდში „ლეგოს“ გაყიდვები რეკორდულად გაიზარდა. როგორც დანიური „ლეგოს“ სათამაშოების მწარმოებელი კომპანიის აღმასრულებელი ხელმძღვანელი ნილს კრისტიანსენი ამბობს, წლების განმავლობაში ჩადებულმა ინვესტიციებმა შედეგი პანდემიის წელს გამოიღო. გაუმჯობესებული ონლაინ გაყიდვების სისტემისა და ახალი დიზაინის სათამაშოების წარმოებამ გაამართლა. ცნობისთვის, „ლეგომ“ გამოუშვა ასაწყობი რობოტებიც, რომელთა დაპროგრამება და მართვა სმარტფონებიდანაც შეიძლება.
„კორონავირუსმა დააჩქარა ტენდენცია, რომელიც ისედაც არსებობდა. უფრო მეტი ადამიანი ჩაერთო ონლაინ შოპინგში. ჩვენ დავინახეთ, რომ უფრო მეტი ოჯახი დაკავდა სახლში შვილებთან ერთად ლეგოების აწყობით“, – განაცხადა კრისტიანსენმა.
„ლეგოს“ გაყიდვები გასულ წელს 13%-ით გაიზარდა და $6.98 მილიარდს მიაღწია. 2019 წელს ზრდა 6% იყო. გარდა ამისა, Lego.com-ზე ვიზიტორების რაოდენობამ გასულ წელს მილიარდის მეოთხედს გადააჭარბა.
კომპანიის აღმასრულებელი ხელმძღვანელის თქმით, 2021 წლის განმავლობაში ისინი რამდენიმე ასეული თანამშრომლის დამატებას აპირებენ იმისთვის, რომ კომპანიის გაციფრულების პროცესი კიდევ უფრო დააჩქარონ.
ცნობისთვის, კომპანიამ ფიზიკური მაღაზიების რაოდენობა 134-ით გაზარდა, მათ შორის 91 ახალი მაღაზია გახსნა ჩინეთში, რომელიც „ლეგოს“ უმსხვილესი ბაზარია. 2021 წელს მსოფლიო მასშტაბით „ლეგოს“ კიდევ 120 ახალი მაღაზიის გახსნა იგეგმება, მათ შორის 80-ის – ჩინეთში.