Fortune Global 500-ის 2023 წლის რეიტინგის თანახმად, მსოფლიოს 500 უმსხვილესი კომპანიის მეოთხედი მხოლოდ ხუთ ქალაქშია დაფუძნებული და უკანასკნელი ხუთი წლის განმავლობაში პირველად, ლონდონი ამ ქალაქებს შორის არაა.
ლონდონი, ევროპაში მოსახლეობით ერთ-ერთი ყველაზე დიდი ქალაქი, რომელიც ბრიტანეთის ბიზნესცენტრს წარმოადგენს, მიმდინარე წლის რეიტინგში, ცხრა კომპანიით, მეცხე პოზიციამდე ჩამოქვეითდა. 2022 წელს, გაერთიანებული სამეფოს დედაქალაქი, ჯამში ცამეტი კომპანიით, მეოთხე ადგილს იკავებდა.
წლების განმავლობაში ლონდონის მთავარი კონკურენტი ევროპაში პარიზი იყო. საფრანგეთის დედაქალაქი ფინანსების, ფუფუნების საგნებისა და სამომხმარებლო ბრენდების სახლია. წელს პარიზმა ლონდონს გადაუსწრო და Global 500-ის რეიტინგში მეექვსე პოზიცია დაიკავა. გასული წლის მსგავსად, პარიზი რეიტინგში კვლავ 11 კომპანიითაა წარმოდგენილი.
წარსულში ლონდონი სრულად ევროპის რეგიონისთვის წარმოადგენდა უმნიშვნელოვანეს ცენტრს და 1995 წელს ქალაქში Fortune Global 500-ის 27 კომპანია იყო დაარსებული. 2010 წელსაც, ევროზონის კრიზისისას, ლონდონს რეიტინგში 18 კომპანია ჰყავდა, ხოლო 2015 წელს, მათი რაოდენობა 19-მდეც გაზარდა.
მიუხედავად ამისა, ბრექსიტის შედეგად გაზრდილმა იზოლაციამ და ექსპორტის გართულებამ, რასაც პანდემიის პერიოდში შენელებული ეკონომიკური აქტივობაც დაერთო, ახალი გამოწვევები შექმნა ქალაქგარეთ მოქმედი კომპანიებისთვის. ბოლოს ლონდონი რეიტინგის ხუთეულს მიღმა, თერთმეტი კომპანიით, 2019 წელს, ბრექსიტის ძალაში შესვლის ფონზე დარჩა. აღსანიშნავია, რომ ბოლო ათწლეულში, სრულად ბრიტანეთში Global 500-ის კომპანიების რაოდენობა 26-დან 15-მდე შემცირდა.
თუმცა გაერთიანებული სამეფო ერთადერთი ევროპული სახელმწიფო არაა, რომელმაც Global 500-ის რეიტინგში პოზიციები დაკარგა. ბოლო პერიოდში მსგავსი კლების ტენდენცია რეგიონის სხვა ქვეყნებშიც შეინიშნება. მაგალითისთვის, მხოლოდ უკანასკნელ ათწლეულში იტალიის Global 500-ის კომპანიების რაოდენობა რვიდან ხუთამდე, ხოლო საფრანგეთის – 31 კომპანიიდან 24-მდე შემცირდა. გამონაკლისია გერმანია, სადაც რეიტინგში შემავალი კომპანიების რაოდენობა 29-დან 30-მდე გაიზარდა.
მიმდინარე წლის Fortune Global 500-ის უპირობო ლიდერები კი აზიის ქალაქები არიან. მათ შორის, ყველაზე მეტი 53 კომპანიით რეიტინგში ჩინეთის დედაქალაქი პეკინია წარმოდგენილი. ხუთეულში ერთადერთ არააზიური ქალაქი კი ამერიკის შეერთებული შტატებიდან გვხვდება. ნიუ-იორკში Fortune Global 500-ის ჯამში 16 კომპანიაა დაარსებული.
Fortune Global 500-ის მიმდინარე ხუთეული ქალაქების მიხედვით ასე გამოიყურება:
- პეკინი, ჩინეთი – 53 კომპანია
- ტოკიო, იაპონია – 29 კომპანია
- ნიუ-იორკი, ამერიკის შეერთებული შტატები – 16 კომპანია
- სეული, სამხრეთი კორეა – 13 კომპანია
- შანხაი, ჩინეთი – 12 კომპანია