LS Heavylift - მსოფლიო გიგანტების ქართველი ვენდორი | ინტერვიუ ირაკლი ცანკაშვილთან

LS Heavylift - მსოფლიო გიგანტების ქართველი ვენდორი | ინტერვიუ ირაკლი ცანკაშვილთან

LS HEAVYLIFT-ი 2019 წელს, პარალელურ რეჟიმში, საქართველოს ფარგლებს გარეთ ორ მეგაპროექტს ახორციელებს. პირველი – ეს არის 45 მეტი სიმაღლის, 1500-ტონიანი ქარხნის კონსტრუქციების (მოდულების) გადაადგილება აზერბაიჯანში, მეორე – ქარის ელექტროსადგურისთვის ტურბინების ტრანსპორტირება უკრაინაში. LS HEAVYLIFT-ი არის მსოფლიო დონის გიგანტების: SIEMENS-ის, VESTAS-ის, NORDEX-ის, GENERAL ELECTRIC-ისა და მრავალი სხვა მსგავსი მასშტაბის კომპანიის პირდაპირი ვენდორი. მას აქვს ოფისები აზერბაიჯანში, უკრაინასა და იტალიაში. კომპანიის ანგარიშზე საქართველოშიც მრავალი მასშტაბური პროექტია. შესაბამისად, ბევრი ამბობს, ასეთი „მძიმე წონის აწევა“ პროტექციის გარეშე შეუძლებელი იქნებოდაო. თუმცა ფაქტია, რომ კომპანიამ შეძლო საკმაოდ რთული გზის დამოუკიდებლად გავლა და იმის მიღწევა, რომ რეგიონში წამყვან მოთამაშედ ჩამოყალიბებულიყო, ისეთი სამომავლო გეგმებით, როგორიცაა საქართველოში ლოგისტიკის აკადემიისა და მსხვილი ლოგისტიკური ცენტრის გახსნა.

FORBES INFRASTRUCTURE ირაკლი ცანკაშვილის ესაუბრა, LOGISTICS SOLUTIONS-ის დამფუძნებელსა და მისი შვილობილი კომპანია LS HEAVYLIFT-ის გენერალურ დირექტორს. ვთხოვეთ მას, გაეზიარებინა გამოცდილება, როგორ მოახერხა ქართულმა კომპანიამ ამიერკავკასიაში უმსხვილეს მოთამაშედ ჩამოყალიბება და მსოფლიო გიგანტების ვენდორთა სიაში მოხვედრა.

500 აშშ დოლარით დაწყებული ბიზნესი

Logistics Solutions-ი (LS) 2011 წლის 15 მარტს დაფუძნდა. ეს არის ტვირთების ექსპედიტორი კომპანია, რომელიც დამკვეთებისთვის ლოგისტიკური პროცესების მენეჯმენტს ეწევა. ჩვენ ვმართავთ როგორც მცირე მასშტაბის გადაზიდვებს, ასევე მსხვილ და მეგაპროექტებს. ბევრს არ სჯერა, მაგრამ LS-ის დაფუძნებისას საწყისი ინვესტიცია 500 აშშ დოლარი იყო. უკვე ხუთი წლის თავზე, 2016 წელს, შეიქმნა LS Heavylift-ი. მისი დაფუძნების მიზანი ჩვენი სერვისების არეალის გაფართოება იყო. არ გვინდოდა, მხოლოდ ტვირთების ექსპედირებით შემოვფარგლულიყავით და მიზნად დავისახეთ გადაზიდვების ისეთი ცალკე მიმართულების განვითარება, როგორიცაა სპეციალური ტვირთების გადაზიდვა. საუბარია მძიმე, არაგაბარიტულ ტვირთებზე. LS-ს თავიდანვე ჰქონდა აქცენტი საპროექტო ლოგისტიკაზე, რაც მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტების ლოგისტიკის მენეჯმენტს ნიშნავს.

გარდა კომპანიის გაფართოების სურვილისა, LS Heavylift-ის დაფუძნების მოტივატორი გახდა სამწუხარო რეალობა, რომ ადგილობრივ ბაზარზე არ გვყავდა სანდო ქვეკონტრაქტორი, რომელიც ჩვენი მსხვილმასშტაბიანი პროექტების განხორციელებისთვის აუცილებელი ტექნიკით მოგვამარაგებდა. მაგალითისთვის გეტყვით, რომ 2016 წელს, როდესაც ქართლის ქარის ელექტროსადგურის პროექტს ვასრულებდით, ქვეკონტრაქტორი კომპანიის თურქეთიდან შემოყვანა და ამ პროექტის მათი ავტოპარკით შესრულება მოგვიწია. LS Heavylift-ში 6 მილიონ ევრომდე ინვესტიცია განვახორციელეთ. ხარისხიანი ტექნიკა ჩვენს რეგიონში არ არსებობდა და თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ დღეისათვის LS Heavylift-ის ავტოპარკის მსგავსი არავის ჰყავს ამიერკავკასიის რეგიონის მასშტაბით.

მეგაპროექტები საზღვარგარეთ

დაფუძნებიდან დღემდე კომპანიას ათეულობით მსხვილი პროექტი აქვს შესრულებული, თუმცა 2019 წელი ჩვენთვის გარღვევის წელი იყო. ერთდროულად მოგვიწია აზერბაიჯანისა და უკრაინის მეგაპროექტების განხორციელება. ორივე ბაზარი ჩვენთვის სრულიად ახალი და კონკურენციით სავსე იყო. ზოგა­დად, განვითარებადი ბაზრების ათვისება საკმაოდ საინტერესო და, ამავდროულად, საკმაოდ რთულიც არის.

უკრაინაში წარმატებით განვახორციელეთ 26-ტურბინიანი ქარის ელექტროსადგურის პროექტი, რომელიც კომპანია Vestas-მა დაგვიკვეთა. რაც შეეხება აზერბაიჯანს, აქ ჩვენი დამკვეთი „სოკარის“ შვილობილი კომპანია იყო, რომელმაც ჩვენ „აზერქიმიის“ ქარხნის რეკონსტრუქციის პროექტის ფარგლებში მეგაკონსტრუქციების (მოდულების) გადატანისთვის და ფუნდამენტზე დადგმისთვის დაგვიქირავა. საუბარია კონსტრუქციის გადატანაზე, რომელიც 45 მეტრი სიმაღლის, ანუ 15-სართულიანი საცხოვრებელი კორპუსის სიმაღლისაა და 1,500 ტონას იწონის. აქ ნებისმიერ მოძრაობას დიდი მნიშვნელობა ჰქონდა. აღსანიშნავია, რომ ტენდერში ჩვენი კონკურენტი პრეტენდენტები მსოფლიო მასშტაბით წამყვანი კომპანიები იყვნენ. არავის წარმოედგინა, რომ ქართული კომპანია მოიგებდა ამ ტენდერს. თუმცა მე არასდროს მაშინებს კონკურენტის მასშტაბები.

ერთადერთი კომპანია ვართ ამიერკავკასიის რეგიონიდან, რომელიც აკრედიტებული და პირდაპირი ვენდორია Siemensის, Vestas-ის, General Electric-ის,Tecnimont-ისა და სხვების. ამ დამკვეთების ვენდორი რომ გახდე, სერიოზული კვალიფიკაციის პროცედურა უნდა გაიარო. თუკი შენ მათ მიერ ვიზირებული ხარ, სრული პასუხისმგებლობა უნდა აიღო, რომ ანალოგიური ხარისხით იმუშავებ.

ყველას ჰგონია, რომ ვიღაც პროტექციას გვიწევს. ამბობენ, რომ სხვანაირად Vestas-ი ქართულ კომპანიას ვერ დააკონტრაქტებდა. რეალურად, ჩვენი კომპანიის საყრდენი და ერთადერთი „ლობისტი“ – ხარისხი და რეპუტაციაა.

ქვეყნის მიღმა

Logistics Solutions-ს ადგილობრივი პროფესიონალებით დაკომპლექტებული ოფისები აქვს აზერბაიჯანში, უკრაინასა და იტალიაში. მომავალ წელს გერმანიაში შესვლას ვგეგმავთ.

ევროპაში ჩვენი ფილიალების განვითარება საწყის ეტაპზეა, თუმცა ევროპის მსხვილი მოთამაშეების კონტრაქტორთა სიაში ყოფნა ძალიან გვეხმარება სხვა ქვეყნებში ექსპანსიაში. ზოგადად, ყველაფერი არის შენი რეფერენსი და ისტორია. თავად ამ ევროპულ კომპანიებს ძალიან დიდი ინტერესი აქვთ ისეთი კომპანიების მიმართ, რომლებიც ამ რთულ რეგიონებში მუშაობის გამოცდილებით გამოირჩევიან.

2022 წლისთვის ახალ ბაზრებზე გაფართოებას ვგეგმავთ. ჩემთვის მთავარი მოტივაცია არასდროს ყოფილა ფულის შოვნა. ჩემი მიზანია, შევქმნა ბრენდი და პრეცედენტი, რომ ქართულმა კომპანიამ, ქართველებმა რაღაც შევძელით.

საქართველოში ლოგისტიკის სფეროს გამოწვევები

ზოგადად, საქართველოში ლოგისტიკის სფერო დაბალ დონეზეა. ამის მიზეზი განათლების ნაკლებობა და კვალიფიკაციის არქონაა. შესაბამისად, გეგმაში გვაქვს ლოგისტიკური აკადემიის გახსნა. პანდემიის გამო ხელი შეგვეშალა და პროექტის გადავადება მოგვიხდა. იმედია, 2022 წელს მოხერხდება. ჩვენ სერიოზული პრობლემა გვაქვს კადრებთან მიმართებით. აქ საუბარია როგორც ტექნიკურ პერსონალზე, ასევე ლოგისტიკის სპეციალისტებზე. საქართველოში რეალურად არ არსებობს უნივერსიტეტი, რომელიც კვალიფიციურ პროფესიონალებს ამზადებს. ჩვენთან, ხშირ შემთხვევაში, შესყიდვების მენეჯერები ითავსებენ ლოგისტიკას, რაც გაუმართლებელია, ლოგისტიკური პროცესების საფუძვლიანი ცოდნის გარეშე და ხშირ შემთხვევაში ნეგატიური ეფექტი აქვს თავად იმპორტიორი კომპანიისთვის, რაც ბევრ რამეში გამოიხატება, თუნდაც კვალიფიციური ლოგისტიკური პარტნიორის შერჩევაში, ძირითად შემთხვევაში, ლოგისტიკურ კომპანიას მხოლოდ მის მიერ შეთავაზებული დაბალი ფასის მიხედვით არჩევენ, რაც აბსოლუტურად არასწორია.

ზოგადად, არ ვთვლი, რომ საქართველოში უმუშევრობა მთავარი პრობლემაა. უმუშევრობაზე მეტად პრობლემა კვალიფიციური კადრების არყოლაა.

სახელმწიფო სტრუქტურის როლი

ჩვენს ბევრ მეზობელ ქვეყანაში, სახელმწიფო საწყის პრიორიტეტად ადგილობრივ კომპანიას განსაზღვრავს. ან, თუკი უცხოურ კომპანიას ავალებს პროექტის შესრულებას, მაშინ ავალდებულებს მას, სამუშაოში მაქსიმალურად ჩართოს ადგილობრივი კომპანიები – ქვეკონტრაქტორები. ლოკალური გადმოსახედიდან ეს ძალიან კარგია, პირველ რიგში, იმ ქვეყნებისთვის და მათი ბიზნესგარემოსთვის. სამწუხაროდ, მათგან განსხვავებით, საქართველოში ანალოგიური პრაქტიკა არ არსებობს. მე არ ვსაუბრობ მხოლოდ ერთი კომპანიის მიერ არმიღებულ შემოსავალზე. აქ საუბარია უფრო გლობალურად, რომ მსგავსი პრაქტიკით ნაკლები ფინანსური რესურსის გადინება მოხდება ჩვენი ქვეყნიდან და აუცილებელია, საქართველომ ამ მხრივ სხვა ქვეყნების პრაქტიკა დანერგოს.

პანდემია

ლოგისტიკა არის უკანასკნელი, რაც მთელ მსოფლიოში ჩერდება კრიზისის დროს. ეს არის სფერო, რომელიც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. მით უმეტეს – ჩვენნაირი ქვეყნისთვის, როდესაც 99%-ით იმპორტზე ხარ დამოკიდებული. თუმცა, სექტორზე პანდემიის გავლენა იყო. თუ უფრო ფართო მოხმარების პროდუქტების ლოგისტიკას შევეხებით, კრიზისიდან გამომდინარე, ჩვენს რეგიონში ტვირთბრუნვამ საკმაოდ იკლო. რაც შეეხება მსხვილ ინფრასტრუქტურულ პროექტებს ზოგადად მსოფლიო­ში, პანდემიამ ისინი შეაფერხა, მაგრამ ძირითად შემთხვევაში პროექტები არ გაუქმებულა და მხოლოდ ვადებში გადაიწია.

ერთ-ერთი ყველაზე საგრძნობი “პანდემიური ეფექტი“ არის მკვეთრად გაძვირებული ფასები ლოგისტიკაზე. მაგალითად, შორეული აღმოსავლეთიდან ტარიფები გასამმაგდა და გაოთხმაგდა, განსაკუთრებით – საზღვაო გადაზიდვების ფასები. ჩემი შეფასებით, გადამზიდავები შექმნილი ვითარებით სარგებლობენ და, შესაბამისად, სასწაულ მოგებებზეც გადიან.

საქართველო – ლოგისტიკური ჰაბი?!

ზოგადად, ქვეყანას დიდი პოტენციალი აქვს, თუმცა განვითარება უფრო სწრაფი და სწორი ნაბიჯებით უნდა მოხდეს. უნდა მოწესრიგდეს საგზაო და საპორტო ინფრასტრუქტურა. უნდა გაიაფდეს კორიდორი. ჩვენი კორიდორი ძალიან ძვირია და ამაში სხვა მეზობელი ქვეყნებიც უნდა წამოგვყვნენ, ძირითადად აზერბაიჯანს ვგულისხმობ. თუკი არ გაიაფდება, ტვირთმფლობელისთვის საინტერესო არ იქნება აქედან ტვირთების გატარება.

ასევე საქართველოს არ გააჩნია ხარისხიანი ავტოპარკი, რაც ლოგისტიკური ჰაბისთვის შეუთავსებელია.

ამ მიმართულებით გეტყვით, რომ ჩვენ გვაქვს მსხვილი ლოგისტიკური ცენტრის აშენების პროექტი, რომელმაც თავისი საგრძნობი წვლილი უნდა შეიტანოს ქვეყნის განვითარებაში.