ელექტრომობილების მწარმოებელი Lucid-ის მიერ გავრცელებული განცხადებით, კომპანიამ საუდის არაბეთში პირველი საერთაშორისო საწარმო გახსნა. ჯედაში გახსნილი ქარხნის მიზანი ახლოაღმოსავლური სახელმწიფოს ელექტრიფიკაციის პროცესის დაჩქარებაა.
ცნობისთვის, ავტომწარმოებელმა ჯედაში დაგეგმილი საწარმოს შესახებ ინფორმაცია ჯერ კიდევ შარშან გაავრცელა და განმარტა, რომ საუდის არაბეთის სამეფო შეთანხმების თანახმად, მომდევნო ათი წლის განმავლობაში 100,000 ელექტრომობილს შეიძენს.
შეგახსენებთ, საუდის არაბეთის სუვერენული სიმდიდრის ფონდი Lucid Motors-ის უმსხვილესი აქციონერია. საუდის არაბეთის სუვერენული სიმდიდრის ფონდის მთავარი დავალება სახელმწიფოსათვის ელექტრიფიკაციის პროცესში დახმარება და ნავთობის შემოსავლებზე დამოკიდებულების შემცირებაა. სწორედ ამიტომ სიმდიდრის ფონდი ინვესტიციებს სწორედ ამგვარი ტექნოლოგიების განვითარებაში ახორციელებს.
გასულ წელს საუდის არაბეთის სამეფომ ელექტრომობილების საკუთარი ბრენდი, Ceer-ი ჩაუშვა. გარდა ამისა, დაახლოებით $6 მილიარდის მოცულობის ინვესტიცია ელექტრომობილების ელემენტებისათვის საჭირო მეტალების საწარმოში განახორციელა.
საუდის არაბეთში საწარმოს გახსნის სურვილი Lucid-ის კონკურენტ, ელექტრომობილების ამერიკულ მწარმოებელ Tesla-საც აქვს. გავრცელებული ინფორმაციით, Tesla სამეფოსთან მოლაპარაკებების პროცესში იმყოფება.
მეფე აბდულას ეკონომიკურ ქალაქში მდებარე Lucid-ის ახალი საწარმო კომპანიის მდიდრულ სედანს, Lucid Air-ს აწარმოებს. პირველი მოცემულობით, ქარხანას წელიწადში 5,000 ეგზემპლარის წარმოება შეეძლება. მომდევნო წლების განმავლობაში კი ქარხნის შესაძლებლობების გაფართოება წელიწადში 155,000 ერთეულის წარმოებამდე იგეგმება. აქვე გეტყვით, საუდის არაბეთის სუვერენული სიმდიდრის ფონდი კომპანიის 60%-ს ფლობს.