მაიკლ ბლუმბერგმა ჰარისის მხარდასაჭერად $50 მილიონი გაიღო

მაიკლ ბლუმბერგმა ჰარისის მხარდასაჭერად $50 მილიონი გაიღო

New York Times-ის ინფორმაციით, მაიკლ ბლუმბერგმა, Future Forward USA Action-ს $50 მილიონი გადასცა. ეს ორგანიზაცია, პრეზიდენტობის დემოკრატ კანდიდატ კამალა ჰარისის მხარდამჭერი არაკომერციული ჯგუფის Future Forward super PAC-ის ნაწილია. არაკომერციული დანიშნულებიდან გამომდინარე, Future Forward USA Action-ი ვალდებული არაა დონორთა ვინაობა დაასახელოს.

არაკომერციულ შემოწირულებამდე, ნიუ-იორკის ყოფილმა მერმა, ამ არჩევნებში, ფედერალური პოლიტიკური კონტრიბუციის სახით, $47 მილიონი გაიღო. Times-ის მონაცემებით, ბლუმბერგმა $19 მილიონი პრეზიდენტ ჯო ბაიდენის მხარდამჭერ მთავარ PAC-ს, $10 მილიონი კი, დემოკრატებს გადასცა.

თუმცა ეს თანხა ახლოსაც არაა $1.1 მილიარდთან, რომელიც ბლუმბერგმა 2020 წელს, საკუთარ საპრეზიდენტო კამპანიაზე დახარჯა. 2020 წლის არჩევნებზე, ბლუმბერგმა დამატებით $173 მილიონიც გამოყო, მათ შორის $100 მილიონი ფლორიდაში, ჯო ბაიდენის გამარჯვების ხელშესაწყობად.

გავრცელებული ინფორმაციით, დემოკრატთა საპრეზიდენტო კანდიდატის მხარდასაჭერად, იმავე ორგანიზაციას $50 მილიონი ბილ გეიტსმაც გადასცა. საერთო ჯამში, Forbes-ის ანგარიშით, ჰარისის დონორთა შორის 88 მილიარდერია. შედარებისთვის, ტრამპის საარჩევნო კამპანიისთვის თანხები 52 მილიარდერმა გაიღო.

ფედერალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, 2024 წლის იანვრიდან 16 ოქტომბრამდე პერიოდში, ჰარისის კამპანიამ თითქმის სამჯერ მეტის დაფინანსება მოიზიდა. დემოკრატთა კანდიდატის კამპანიის მიერ მოზიდული თანხა $997.2 მილიონს, ხოლო ტრამპის შემთხვევაში – $388 მილიონს შეადგენს.

რაც შეეხება ბლუმბერგს, Forbes-ის შეფასებით, ნიუ-იორკის ყოფილი მერის ქონება $104.7 მილიარდს უტოლდება, რაც მას მსოფლიოში მე-14 უმდიდრეს ადამიანად აქცევს.