მაიკლ ჯორდანმა ფონდ Make-A-Wish-ს $10 მილიონი შესწირა

მაიკლ ჯორდანმა ფონდ Make-A-Wish-ს $10 მილიონი შესწირა

მაიკლ ჯორდანმა საქველმოქმედო ფონდ Make-A-Wish-ს 10 მილიონი აშშ დოლარი შესწირა. აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაცია ორგანიზაციამ ოთხშაბათს გაავრცელა. მისი ცნობით, NBA-ის ლეგენდისა და მილიარდერის საჩუქარი ყველაზე დიდი ინდივიდუალური დონაციაა საქველმოქმედო ორგანიზაციის 43-წლიანი არსებობის ისტორიაში.

ზემოხსენებულთან დაკავშირებით განცხადება თვითონ მაიკლ ჯორდანმაც გააკეთა. ყოფილმა კალათბურთელმა აღნიშნა, რომ მისი შემოწირულობა ფონდისთვის, რომელიც სიცოცხლისათვის საშიში დაავადებების მქონე ბავშვებისთვის სურვილების ასრულებას ცდილობს, მისი 60 წლის იუბილესთან დაკავშირებით გააკეთა. ცნობისთვის, ჯორდანს დაბადების დღე 17 თებერვალს აქვს.

მაიკლ ჯორდანის ურთიერთობა Make-A-Wish-თან 1989 წლიდან იწყება, „ჩიკაგო ბულსში“ მისი კარიერის დასაწყისში. აღსანიშნავია, რომ ბოლო დონაციამდე, ჯორდანს ორგანიზაციისთვის $5 მილიონზე მეტი უკვე შეწირული ჰქონდა. აუცილებლად უნდა ითქვას, რომ ჯორდანმა, რომელმაც თავისი ქონება დიდწილად Nike-თან პარტნიორობის წყალობით დააგროვა, ბოლო წლებში ქველმოქმედებისთვის მილიონობით დოლარი გაიღო. განსაკუთრებით ხაზგასასმელია 2020 წელს 50 მილიონი დოლარის გამოყოფა რასობრივი თანასწორობის მიღწევს მცდელობებისთვის.

Forbes-ის დათვლებით, მოცემული დროისთვის მაიკლ ჯორდანის ქონება 1.7 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს. მისი დიდი ნაწილი ჯორდანის საკუთრებაში არსებული NBA-ის გუნდ „შარლოტ ჰორნეტსზე“ მოდის, გარდა ამისა ყოფილმა კალათბურთელმა ცხოვრების განმავლობაში Nike-თან და სხვა კორპორაციულ პარტნიორებთან თანამშრომლობის წყალობით დაახლოებით $2 მილიარდი მიიღო.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *