მარინ ლე პენი ევროკავშირის დაფინანსების არამიზნობრივ გაფლანგვაში დამნაშავედ ცნეს

მარინ ლე პენი ევროკავშირის დაფინანსების არამიზნობრივ გაფლანგვაში დამნაშავედ ცნეს

ფრანგი პოლიტიკოსი მარინ ლე პენი ევროკავშირის სახსრების მითვისებასა და მისი ულტრამემარჯვენე პარტიის, „ეროვნული გაერთიანების“ დასაფინანსებლად გამოყენებაში დამნაშავედ ცნეს. ამ განაჩენის შემდეგ ლე პენს 2027 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის უფლება შეეზღუდა.

ევროკავშირის დაფინანსების არამიზნობრივი გაფლანგვის საქმეზე, ლე პენთან ერთად, 20-ზე მეტი სხვა მაღალჩინოსნის ბრალეულობაც დადგინდა. სასამართლოს განჩინებით, პარტია „ეროვნული გაერთიანების“ ლიდერი და სხვა მაღალჩინოსნები ევროკავშირისგან მიღებულ სახსრებს იმ თანამშრომლების დასაფინანსებლად იყენებდნენ, რომლებიც ევროპარლამენტში მათ პარტიულ საქმეებზე მუშაობდნენ და არა თავად EU-ის საკანონმდებლო ორგანოსთვის, როგორც მათ ევალებოდათ.

მოსამართლემ დააკმაყოფილა პროკურორთა მოთხოვნა ლე პენისთვის საჯარო თანამდებობის დაკავების ხუთი წლის ვადით აკრძალვის შესახებ. ამასთან ერთად კი, „ეროვნული გაერთიანების“ ლიდერს 4-წლიანი პატიმრობა და 100,000 ევროს გადახდაც დააკისრა. 4-წლიანი პატიმრობიდან ორ წელს, ლე პენი, ალტერნატიული სახის პატიმრობით მოიხდის.

მარინ ლე პენი დანაშაულს არ აღიარებს. განაჩენის გამოტანამდე ლე პენმა განაცხადა, რომ მისთვის არჩევნებში მონაწილეობის ნებისმიერი სახით შეზღუდვა „პოლიტიკური სიკვდილით დასჯა“ იქნება. „ეროვნული გაერთიანების“ ლიდერი, სავარაუდოდ, განაჩენს უახლოეს ვადებში გაასაჩივრებს.

მარინ ლე პენის განაჩენს გამოეხმაურა უნგრეთის პრემიერი ვიქტორ ორბანი. „Je suis Marine!“ (მე ვარ მარინი), – წერს ვიქტორ ორბანი პლატფორმა X-ზე და ამ ფორმით, 2015 წელს, ჟურნალ „შარლი ებდოზე“ განხორციელებულ ტერორისტულ თავდასხმისადმი გამოხატულ სოლიდარულ კამპანიას ეხმიანება. სასამართლო გადაწყვეტილებამდე კომენტარი კრემლმაც გააკეთა და განაცხადა, რომ „ევროპა დემოკრატიის ნორმებს არღვევს“.