მარკ ცუკერბერგის სან-ფრანცისკოში მდებარე სახლი $31 მილიონად გაიყიდა

მარკ ცუკერბერგის სან-ფრანცისკოში მდებარე სახლი $31 მილიონად გაიყიდა

სან-ფრანცისკოს უძრავი ქონების ბაზარზე მიმდინარე წლის უმსხვილესი გარიგება შედგა: Meta-ს დამფუძნებლის, მარკ ცუკერბერგისა და მისი მეუღლის, პრისცილა ჩანის ერთ-ერთი კერძო სახლი ივლისის დასაწყისში $31 მილიონად გაიყიდა, – გარიგების შესახებ ინფორმაციას გამოცემა Mansion Global-ი ავრცელებს.

მსოფლიოს ერთ-ერთი უმდიდრესი ადამიანის სახლი, რომელიც 1928 წელს არის აშენებული, დაახლოებით 686 კვადრატული მეტრის ფართობისაა – იქ ოთხი საძინებელი და ოთხი სააბაზანო ოთახია. ცუკერბერგისა და ჩანის ეს სახლი სან-ფრანცისკოს ორი პრესტიჟული უბნის, მიშენ-დისტრიქტისა და დოლორეს-ჰაითსის მიჯნაზე მდებარეობს. საინტერესოა, რომ ეს სახლი წყვილმა 2012 წელს, $10 მილიონად შეიძინა – მოგვიანებით, სახლში რემონტი ჩატარდა, რომლის შედეგად საცხოვრებელი ფართი დაახლოებით 167 კვადრატული მეტრით გაიზარდა.

მარკ ცუკერბერგის სან-ფრანცისკოში მდებარე სახლის ახალი მფლობელის ვინაობა უცნობია, მაგრამ პლატფორმა Time to Times-ის ინფორმაციით, ის შტატ დელავერში ცხოვრობს.

აღსანიშნავია, რომ ზემოხსენებული სახლის გარდა, მარკ ცუკერბერგი და პრისცილა ჩანი არაერთ უძრავ ქონებას ფლობენ. Mansion Global-ის ინფორმაციით, წყვილმა გასული წლის მარტში, შტატ ჰავაის კუნძულ კაუაიზე არსებული 242 ჰექტრის ფართობის მიწის ნაკვეთი $53 მილიონად შეიძინა – ცუკერბერგი და ჩანი, საერთო ჯამში, კუნძულზე 526 ჰექტრის ფართობის მიწას ფლობენ.

საინტერესოა, რომ წყვილს სახლი სილიკონ-ველიზეც აქვს – მისი $5.3 მილიონად გაყიდვა ცუკერბერგსა და ჩანს ჯერ კიდევ 2021 წლის მაისში სურდათ, მაგრამ ბაზარზე გამოჩენის შემდეგ, სახლის ფასმა $5 მილიონამდე დაიკლო. დღეს, ეს სახლი თვეში $11 ათასად ქირავდება.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *