მარკ ცუკერბერგმა Facebook-ის განვითარების ახალი ეტაპი დაანონსა: ამიერიდან, ტექნოლოგიური კომპანია, რომელიც მანამდე უმეტესწილად სოციალურ ქსელად აღიქმებოდა, მეტავერსად გადაიქცევა. ამ ამბიციური მიზნის მისაღწევად, დღეიდან Facebook-ს ახალი სახელი დაერქვა – Meta.
ცნობისთვის, Meta ბერძნული სიტყვაა და ქართულად „მიღმას“ ნიშნავს, რაც Facebook-ის ხედვას კარგად ერგება. როგორც მარკ ცუკერბერგმა აღნიშნა, ამიერიდან, კომპანია იმუშავებს იმ პროდუქტებზე, რომლებიც ჩვენი სამყაროს მიღმა, მეტავერსში იარსებებს.
ახლა კი, მოკლედ მიმოვიხილოთ ყველა ის სიახლე, რომელიც Meta-ს პრეზენტაციაზე გაჟღერდა.
როგორც მოსალოდნელი იყო, Facebook-ის მეტავერსში, ერთ-ერთი მთავარი როლი სამუშაო სივრცეს დაეთმობა: ამაზე ცუკერბერგი ჯერ კიდევ რამდენიმე თვის წინ წერდა, როცა Horizon Workrooms-ი წარმოადგინა. თუმცა, ეს ყველაფერი როდია – აღსანიშნავია, რომ ამიერიდან, Oculus Quest-ის ვირტუალური რეალობის პლატფორმას ორგანზომილებიანი საოფისე და გასართობი აპლიკაციები დაემატა, მათ შორის Slack-ი და Dropbox-ი.
აღსანიშნავია, რომ ახალი ტექნოლოგიების დამკვიდრების გარდა, Facebook-მა მეტავერსში ყველასათვის საყვარელი თამაში, Grand Theft Auto: San-Andreas-ი დაამატა – ამიერიდან, ამ საკულტო თამაშში ჩართვა Oculus Quest 2-იs ვირტუალური რეალობის სათვალით შეძლებთ, რაც სათამაშო გამოცდილებას კიდევ უფრო რეალურს გახდის. „ამ პროექტზე წლებია ვმუშაობთ და ერთი სული გვაქვს, რომ წარმოგიდგინოთ“, – ვკითხულობთ Oculus-ის ოფიციალურ ვებგვერდზე. ცნობისთვის, GTA-ს გარდა, Oculus Quest 2-ს სხვა თამაშებიც დაემატება, მათ შორის Blade & Sorcery, Population: One და Beat Saber.
გამომდინარე იქიდან, რომ მეტავერსი იქნება სივრცე ყველაფრისთვის, მარ ცუკერბერგმა ვირტუალური სახლების აპლიკაცია, Horizon Home-ი დაანონსა, რომელიც იდეურად, Horizon Workrooms-ის იდენტურია, მაგრამ პრაქტიკულად, ბევრ საინტერესო ფუნქციას აერთიანებს. Horizon Home-ში ვირტუალური სახლის შექმნას შეძლებთ, რომელშიც მეგობრების დაპატიჟებას, მათთან დროის გატარებას, ფილმების ყურებას და თამაშს შეძლებთ. ცნობისთვის, ვირტუალური თამაშისას რეალური სამყაროს ინტეგრაციასაც შეძლებთ: შეტყობინებები, რომელთაც Messenger-ში და სხვა აპლიკაციებში მიიღებთ, თქვენს ვირტუალურ გარემოში გამოისახება.
აღსანიშნავია, რომ ვიდეოთამაშების გარდა, მეტავერსში, Facebook-ი დიდ ყურადღებას ვარჯიშს და ჯანსაღი ცხოვრების წესს დაუთმობს. ამისთვის, მარკ ცუკერბერგმა აპარატული მოწყობილობის ნაკრები, ე.წ. Active Pack-ი წარმოადგინა, რომლის დახმარებით, ვირტუალური რეალობის სათვალე ერთგვარ ვირტუალურ სპორტულ დარბაზად გადაიქცევა, რომელშიც ვარჯიშს შეძლებთ, როგორც მარტო, ასევე მეგობრებთან ერთად.
გარდა ზემოთ ხსენებული მოწყობილობებისა, Facebook-მა პრემიუმ-სეგმენტის ვირტუალური რეალობის ახალი სათვალე დააანონსა, სახელწოდებით „Project Cambria”. მიუხედავად იმისა, რომ ამ პროექტის შესახებ ბევრი რამ ჯერ კიდევ უცნობია, Facebook-ის ღონისძიებაზე ითქვა, რომ ამ სათვალეს მაღალი გარჩევადობის ვიდეოს ჩვენება შეუძლია, რაც მეტავერსში ყოფნის გამოცდილებისთვის, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. ცუკერბერგის თქმით, ეს პროდუქტი სრულიად ახალი იქნება და ის ბევრი ისეთი ტექნოლოგიით იქნება აღჭურვილი, რომლებიც Oculus Quest-ის ვირტუალური რეალობის სათვალეებში ამ დრომდე არ გამოჩენილა. გავრცელებული ინფორმაციით, ახალი სათვალე ბაზარზე მომავალ წელს გამოჩნდება.
აღსანიშნავია, რომ სრული რებრენდინგის შემდეგ, Facebook-მა სოციალურ ქსელებში არსებული მასალები, მათ შორის ლოგო, ე.წ. „ქავერი“ და კომპანიის აღწერილობა მალევე შეცვალა. „Meta ისეთი მომავლის შექმნაში გვეხმარება, რომელშიც ადამიანებს მეტავერსში ერთმანეთთან დაკავშირებისა და თამაშის უფრო მეტი საშუალება ექნებათ. კეთილი იყოს თქვენი ფეხი, სოციალური კავშირის განვითარების ახალ თავში“, – ვკითხულობთ კომპანია Meta-ს Facebook-ის გვერდზე.
აღსანიშნავია, რომ მარკ ცუკერბერგი ასევე ფლობს Twitter-ის სახელწოდებას @meta (რომელიც ამ დრომდე დახურულია) და ვებგვერდს meta.com, რომლიდანაც, ამ ეტაპზე, Facebook-ის გვერდზე გადადიხართ, სადაც ცვლილებების შესახებ ინფორმაცია არის გავრცელებული.
„ჩვენ ვართ კომპანია, რომელიც ტექნოლოგიას ადამიანების დასაკავშირებლად იყენებს. როგორც იქნა, ერთად შეგვიძლია, რომ ჩვენი ტექნოლოგიის შუაგულში ადამიანი მოვაქციოთ. სწორედ ერთად შეგვიძლია, [კონტენტის] შექმნაზე დაფუძნებული უზარმაზარ ეკონომიკას ჩავუყაროთ საფუძველი“, – აღნიშნა ცუკერბერგმა.