The Wall Street Journal-ის ინფორმაციით, ამერიკელი მილიარდერი ილონ მასკი დონალდ ტრამპის საპრეზიდენტო საარჩევნო კამპანიას დააფინანსებს. ბიზნესმენი ტრამპის მხარდასაჭერად ყოველთვიურად $45 მილიონს გამოყოფს.
შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ დონალდ ტრამპის ლიკვიდაციის მცდელობის შემდეგ, ილონ მასკმა აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტს მხარდაჭერა ღიად გამოუცხადა. მან და რამდენიმე ამერიკელმა ბიზნესმენმა ტრამპზე თავდასხმის შედეგად დაზარალებულთა ოჯახებისათვის დახმარების ფონდში $100,000-იანი კონტრიბუციებიც განახორციელეს.
აღსანიშნავია, რომ თავდაპირველად ილონ მასკი 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებისთვის ნეიტრალური პოზიციის გამოხატვას ამჯობინებდა. თუმცა ბოლო დროს განვითარებული მოვლენების შემდეგ, როგორც ჩანს, მისი შეხედულება შეიცვალა. მასკის ფინანსური კონტრიბუცია დონალდ ტრამპის კამპანიას ახლად დაფუძნებული გაერთიანების, America PAC-ის გავლით მიეწოდება. Bloomberg-ის მიერ გასულ კვირას გავრცელებული ინფორმაციით, გაერთიანებას მასკისაგან დაფინანსება უკვე მიეწოდა.
The Times-ის ინფორმაციით, America PAC-ს ისეთი პიროვნებები აფინანსებენ, როგორებიც არიან: მილიარდერი ანტონიო გრასიასი, PayPal-ის ყოფილი აღმასრულებელი დირექტორი კენ ჰოვერი, ილონ მასკი, ტრამპის ადმინისტრაციის ყოფილი ელჩი შვედეთში და ვენჩურული კაპიტალისტი დუგლას ლეონე. გამოცემის ცნობით, აღნიშნულმა პირებმა ორგანიზაციაში $1-მილიარდიანი კონტრიბუციები უკვე განახორციელეს.