The Information-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ამერიკელმა მილიარდერმა, ილონ მასკმა, OpenAI-ის ჩატბოტის, ChatGPT-ის ალტერნატივის შესაქმნელად ხელოვნური ინტელექტის მკვლევართა გუნდი დაიქირავა. გავრცელებული ინფორმაციით, Tesla-სა და Twitter-ის აღმასრულებელმა დირექტორმა პროექტის ხელმძღვანელად ცოტა ხნის წინ Alphabet-ის ხელოვნური ინტელექტის დანაყოფ DeepMind-დან წამოსული მკვლევარი იგორ ბაბუშკინი აიყვანა.
მოგეხსენებათ, ბოლო პერიოდში ChatGPT-ის პოპულარობა მნიშვნელოვნად გაიზარდა და ხელოვნური ინტელექტის პროდუქტმა სილიკონ-ველიზეც დიდი ყურადღება მიიპყრო. პროზაული და პოეტური ნამუშევრებისა თუ კომპიუტერული კოდების შექმნის შესაძლებლობით ChatGPT ხელოვნური ინტელექტის ინდუსტრიაში მნიშვნელოვან შესაძლებლობებს აჩენს. ილონ მასკს კი, როგორც ჩანს, მსგავსი პროდუქტის შექმნა თავადაც სურს.
ცნობისათვის, OpenAI ილონ მასკმა თანაინვესტორ სემ ალტმანთან ერთად 2015 წელს არამომგებიან სტარტაპად დააფუძნა. თუმცა, მასკმა სამეთვალყურეო საბჭო 2018 წელს დატოვა.
The Information-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ილონ მასკისა და იგორ ბაბუშკინის ხელოვნური ინტელექტის პროექტი ჯერ ადრეულ ეტაპზეა და პროდუქტის შექმნისათვის დიდი დრო დასჭირდებათ. თავად ილონ მასკსა და იგორ ბაბუშკინს აღნიშნულთან დაკავშირებით კომენტარი ჯერჯერობით არ გაუკეთებიათ.