ბლოკჩეინი, კალათბურთი, BROADCAST.COM: მარკ კუბანს არასოდეს დაუკარგავს ნგრევისადმი ინტერესი. ახლა მილიარდერ მეწარმეს აქვს ამბიციური გეგმა, ხელი მოჰკიდოს დიდ ფარმაცევტიკას და რეცეპტით გაცემული წამლების ღირებულება ერთხელ და სამუდამოდ შეამციროს. და 13 სეზონის შემდეგ, ეს გათვითცნობიერებული ზვიგენი შეიძლება საბოლოოდ იყოს მზად აკვარიუმის დასატოვებლად.
მარკ კუბანი განბლოკავს თავის ტელეფონს და ინბოქსს ხსნის, სადაც შეშლილი წკარუნით, ეკრანზე ერთი იმეილი მეორეს ცვლის. „ბამ, ბამ, ბამ, ბამ, ბამ“, – ამბობს ის და, თითქმის დაუფიქრებლად, თითოეულს ნაგავში აცურებს.
ერთ-ერთის სათაურია „სასოწარკვეთილი თხოვნა“: წაშლა. შემდეგი იმეილი იმ კრიპტოპროექტის შესახებაა, რომელზეც ის მუშაობს – კუბანი დათანხმდა, იყიდოს მსოფლიო სავაჭრო ცენტრის ერთ-ერთი არქიტექტორის ნახატების ციფრული უფლებები და აპირებს მათ NFTად გადაქცევას. ის თვალებს ჭუტავს. ფონტი ძალიან პატარაა. შემდეგი… დაბოლოს, იმეილი დამწყები მეწარმისგან. მისი პირველი მოწყალება: „მომწონს ეს ბიჭები. მე მათ მოგვიანებით ვნახავ“.
რეალურ ცხოვრებაში კუბანი დიდად არ განსხვავდება იმ როლისგან, რომელიც მან 11 წლის განმავლობაში – ან, სატელევიზიო მათემატიკით, 13 სეზონი – Shark Tankზე ითამაშა. ის უსმენს ყველას, ცოტა ხანს მაინც, სანამ სწრაფ განაჩენს გამოიტანს. მისი პირადი იმეილის მისამართი საჯაროა (mcuban@gmail.com) და მილიარდერი ინვესტორი ამოწმებს ყველა თაღლითობას, სპამ-შეტყობინებასა და გზავნილს. რატომ? სხვაგვარად მას არ ძალუძს. „ჩემთვის ეს სპორტია, რომელშიც მე ასპარეზობა მიწევს და ნამდვილად კარგად გამომდის, – ამბობს ის და იღიმება. – 110 წლისაც გავაკეთებ იმავეს, რაც 50 წლის შემდეგ იმეილზე პასუხის გაცემის ტოლფასი იქნება“.
კუბანმა, მეწარმემ, დააარსა ათზე მეტი კომპანია, დაწყებული 1983 წლიდან პროგრამული გადამყიდველით, MicroSolutions-ით და 2022 წლის იანვარში შექმნილი Cost Plus Drugs-ით დასრულებული – საზოგადოებრივი სარგებლის კორპორაციით, რომელიც მიზნად რეცეპტით გაცემული მედიკამენტების ფასების შემცირებას ისახავს. კუბანმა, ინსტა-მილიარდერმა, ინტერნეტ სპორტული რადიოკომპანია Broadcast.com-ი Yahoo-ს 1999 წელს, დოტ-კომის ბუშტის პიკზე, $5.7 მილიარდად მიჰყიდა (რამდენიმე წლის შემდეგ Yahoo-მ დახურა სერვისი). კუბანმა, ინვესტორმა, მინიმუმ $25 მილიონი დახარჯა კრიპტოკონცერნში (მათ შორის დოჯკოინი – ვალუტა, რომელიც, როგორც ცნობილია, ხუმრობის სახით დაიწყო) და აიღო წილი მინიმუმ 400 სტარტაპში, ბევრი მათგანი – Shark Tank-ის მეშვეობით.
მისმა ზოგიერთმა ფსონმა ძალიან გაამართლა; ზოგი აფეთქდა, მაგრამ ორ ათეულ წელზე მეტი ხნის შემდეგ, Broadcast.com-ი კვლავ არის მთავარი მიზეზი, რის გამოც იგი $4.6 მილიარდით გამდიდრდა, რაც საკმარისია უმდიდრესი ამერიკელების წლევანდელ Forbes 400-ის რეიტინგში 227-ე ადგილზე მოსახვედრად (კუბანმა არ დაიწყო Broadcast.com-ი; ის 1992 წელს კრის ჯეებმა დააარსა. სამი წლის შემდეგ კუბანი მას შეუერთდა ასევე Broadcast.com-ის მილიარდერ, კოლეჯის მეგობარ ტოდ ვაგნერთან ერთად). Yahoo-სთვის მიყიდვამ კუბანს გადასახადების შემდეგ $1.1 მილიარდი მოუტანა. აქედან $280 მილიონი მან NBA-ის Dallas Mavericks-ის უმრავლესობის წილის შესაძენად მომავალ წელს დახარჯა. ბამ! კიდევ ერთი კალათში ბურთის ჩატენა. Forbes-ის შეფასებით, ახლა $2,2 მილიარდის ღირებულებით, გუნდში 85%- იანი წილი მისი ქონების თითქმის ნახევარს წარმოადგენს.
„ერთი მხრივ, მესმის, რომ არავის არ უნდა ჰქონდეს ამდენი სიმდიდრე, მაგრამ ეს არის ის, რაც არის, – ამბობს კუბანი. – შენ შენსას ცდილობ და თავს დამნაშავედ საერთოდ არ ვგრძნობ. შუაზე გავიხიე, აქამდე რომ მომეღწია“.
კუბანი ის იშვიათი მილიარდერია, რომელსაც, როგორც ჩანს, რეალურად სიამოვნებს მდიდრად ყოფნა. ახალგაზრდობაში მან თავისი სიმდიდრე შეირგო დალასში დიდი სასახლით, ბინით Central Park West-ზე და კერძო თვითმფრინავით, და მთელი მსოფლიო, როგორც „როკვარსკვლავმა“, ქეიფებით შემოიარა. სულ ახლახან ის წარმატებით იძლეოდა რჩევებს Shark Tank-ზე და Twitterის მეშვეობით (მას ჰყავს 8,8 მილიონი გამომწერი), ყიდულობს სასმელს უცნობებისთვის და ექაქანება ყველას, ვინც მოუსმენს. ის კვლავ ხარჯავს ფულს გასართობ უაზრობებზე. მაგალითად: მან ახლახან იყიდა ქალაქი მუსტანგი, ტეხასში (მოსახლეობა: ნულოვანი), მომაკვდავი მეგობრის გახალისების მიზნით („ეს იყო მისი მთავარი ქონება“) და მერად თავისი სხვა მეგობარი დანიშნა. მილიარდერს ჰქონდა იდეა, რომ აევსო მოჩვენებათა ქალაქი მისი Shark Tank-ის ერთ-ერთი მეწარმის მიერ დამზადებული რეალური ზომის რობოტული დინოზავრებით, მაგრამ შემდეგ ეს არაპრაქტიკულად მიიჩნია. თუმცა ის ღიაა სხვა იდეებისთვის (მისწერეთ მას იმეილი).
ანიმატრონიკული T-Rexes-ებიდან სერიოზულობის სპექტრის შორეულ მხარესაა მისი ახალი ფარმაცევტული ბიზნესი, Mark Cuban Cost Plus Drugs-ი, რომელსაც ის რეცეპტების ფასების მკვეთრი ზრდის პრობლემის გადამწყვეტად ასახელებს. ცხრა თვის წინ გამოშვებული, Cost Plus Drugs-ი გთავაზობთ მკვეთრ ფასდაკლებას დაახლოებით 350 სხვადასხვა უნივერსალურ გენერიკულ მედიკამენტზე. გენერიკული Crestor-ი, ქოლესტერინის შესამცირებელი პრეპარატი, თვეში $151 ღირს ადგილობრივ CVS-ში, რაც დიდი ფასდაკლებაა ბრენდული აბების ფასისგან ($329) განსხვავებით. კუბანი მას $4.80-ად ყიდის. Ditto Glucophage-ი, დიაბეტის წამალი – გენერიკი $20 ღირს CVS-ში, Cost Plus-ში კი– $3.90. ანდა ანტიდეპრესანტი Zoloft-ის გენერიკული ვერსია, რომელიც $50-ადაა CVS-ში, მაგრამ $4.20-ად – Cost Plus-ში.
კუბანს შეუძლია, მოსახლეობას შესთავაზოს ასეთი დაბალი ფასები, რადგან ის გვერდს უვლის ფარმაცევტული ინდუსტრიის მრავალ შუამავალს, მათ შორის ფასის მომლაპარაკებლებს, რომლებიც აფთიაქის შეღავათების მენეჯერების სახელით არიან ცნობილნი (ესაა უზარმაზარი, სახელგატეხილი გაუმჭვირვალე ბიზნესი. ბაზრის ლიდერმა, CVS Caremark-მა, 2021 წელს $153 მილიარდის გაყიდვები გამოიმუშავა). სამაგიეროდ, კუბანი ყიდულობს უშუალოდ იმ ადამიანებისგან, ვინც აწარმოებს აბებს, უხდის მათ იმდენს, რომ უღირდეთ და შემდეგ ყიდის მათ ონლაინ, 15%-იანი ფიქსირებული მარკირებით, პლუს $8 მიწოდებისა და საკომისიოებისთვის. ეს არაა სრულიად ახალი იდეა. Walmart-ი და Costco ექსპერიმენტებს ატარებენ მსგავს მოდელებზე. მაგრამ კუბანი, ალბათ მისი სახელგანთქმულობის წყალობით, სწრაფად იქცევს ყურადღებას. Cost Plus Drugs-ი უკვე აცხადებს მილიონზე მეტი მომხმარებლის შესახებ და ამბობს, რომ მათი რაოდენობა ყოველ კვირას დაახლოებით 10%-ით იზრდება, რაც 2023 წელს მოგებიანი გახდება. Forbes-ის შეფასებით, Cost Plus-მა, როგორც საოპერაციო კონცერნმა, მინიმუმ, $25 მილიონის გაყიდვები უზრუნველყო პირველი ცხრა თვის განმავლობაში.
კუბანს, რომელიც აღნიშნავს, რომ ესაა პირველი კომპანია, რომელსაც თავისი სახელი დაარქვა, ამ დროისთვის დაახლოებით $100 მილიონის ინვესტიცია აქვს ჩადებული და ამბობს, რომ იდეას მიჰყვება და მზადაა, დახარჯოს „რაც არ უნდა იყოს საჭირო“. ესაა, მისივე სიტყვებით, „მემკვიდრეობის განმსაზღვრელი. თუ ამას სწორად გავაკეთებთ, ეს იქნება ყველაზე გავლენიანი რამ, რაც კი ოდესმე გამიკეთებია“.
ის ამტკიცებს, რომ Cost Plus Drugs-ზე ყურადღების გასამახვილებლად სხვა პროექტებს გვერდით გადადებს. ის Shark Tank-იდან გამოსვლასაც კი განიხილავს. „ჩემს ერთ ნაწილს სურს გამოსვლა,– ამბობს ის და არ წუხს იმაზე, ჩაიძირება თუ ზედაპირზე დარჩება ეს შოუ. – ისინი ჩემ გარეშეც კარგად გაძლებენ“.
კუბანის მეგობრები და ოჯახი ყველა ერთ აზრზეა: ის დაბადებით იყო მეწარმე. გაზრდილი პიტსბურგის წყნარ გარეუბანში, ლიბანის მთაზე, პენსილვანიაში, მუშათა კლასის მშობლების სამი ვაჟიდან უფროსი, იგი ახალგაზრდობიდანვე გამოირჩეოდა ფულის გამომუშავების სქემების გაუთავებელი ნაკადით.
„ის ყოველთვის აკეთებდა რაღაცებს, ყოველთვის ცდილობდა ფულის გამომუშავებას“, – ამბობს მისი უმცროსი ძმა ჯეფი, რომელიც მართავს კუბანის გასართობ ობიექტებს, მათ შორის ფილმების დისტრიბუტორ Magnolia Pictures-ს. ერთხელ, პენსილვანიაში მბეჭდავების გაფიცვის დროს, ტინეიჯერი კუბანი გათენებამდე ადგა და 130 მილი იარა კლივლენდამდე, რათა გაზეთები შეეძინა მშობლიურ ქალაქში გასაყიდად.
ასაკში შესვლასთან ერთად მისი ხრიკები უფრო ამბიციური გახდა. როგორც University of Indiana-ს უფროსი კურსების სტუდენტი, ის თხოულობდა და სესხულობდა საკმარისად – სტუდენტურ სესხებშიც კი – რომ შეეძინა ადგილობრივი ბარი, Motley’s Pub-ი. სწორედ Motley’s-ში, რომელიც საბოლოოდ იძულებული გახდა, დაეხურა არასრულწლოვანთა სმის გამო, ის შეხვდა თავის მომავალ Broadcast.com-ის პარტნიორს ტოდ ვაგნერს. აგვისტოში კუბანი დაბრუნდა Motley’s-ის ადგილზე, რომელსაც ახლა Kilroy’s on Kirkwood-ი ჰქვია და მომსახურე პერსონალს $10,000-ის „თიფი“ დაუტოვა მას შემდეგ, რაც ბარის პატრონებისთვის 100 სასმელი იყიდა.
„[მან] ყოველთვის იცოდა, რომ ან დიდ წარმატებას მიაღწევდა, ან გაკოტრდებოდა“, – ამბობს ჯერი კაცი, რომელიც კუბანს საბავშვო ბაღიდან იცნობდა.
32 წლისა კუბანი მულტიმილიონერი გახდა მას შემდეგ, რაც MicroSolutions-ი $6 მილიონად მიჰყიდა CompuServe-ს, ადრეულ ონლაინსერვისს. მან გადაწყვიტა, პენსიაზე გასულიყო. მაგრამ ამან დიდხანს არ გასტანა. 1995 წელს, როდესაც Netscape-ი საჯაროდ გამოიტანეს, მან და ვაგნერმა შეიძინეს Broadcast.com-ი, რომელსაც მაშინ AudioNet-ს ეძახდნენ, და რომელიც ცდილოდა, ეპოვა გზა, რათა მოეხდინა სხვა ქალაქებში გამართული სპორტული ღონიძიებების რეტრანსლაცია, თუნდაც მოკლეტალღოვანი რადიოს მეშვეობით. კუბანმა და ვაგნერმა ეს იდეა ინტერნეტში გაიტანეს. Web 1.0-მანიის გაბერვასთან ერთად, Broadcast.com-მა დააფიქსირა საუკეთესო IPO იმ დროისთვის და თავისი პირველი სავაჭრო დღე $1 მილიარდის საბაზრო კაპიტალით დაასრულა, რაც მის $3.2 მილიონის გაყიდვებზე 300-ჯერ მეტი იყო. ერთი წლის შემდეგ ის Yahoo-ს მიჰყიდეს.
„იღბალი ყველას წარმატების უდიდესი ნაწილია. შაკი შავ დღეს მაყრიდა: ‘ოჰ, შენ გაგიმართლა’. და მე ვეუბნები: ‘და შენ დაგეგმე, რომ შვიდი და ორი ფუტი სიმაღლისა და სპორტული აღნაგობის ყოფილიყავი, არა?’“
კუბანმა ბუშტი დანახვისთანავე იცნო. მას და ვაგნერს ფულს უხდიდნენ Yahoo-ს აქციებში, მაგრამ კუბანის შემოთავაზებული გონივრული ნაბიჯით, დუეტმა გამოიყენა „საფონდო საყელოები“, რათა შეეზღუდა მათი აღმასვლა, თუკი აქციები ახტებოდა – მაგრამ შეზღუდეს მათი კლებაც, თუ აქციები დაეცემოდა. მიუხედავად ამისა, ის იოლად აღიარებს, რომ სწორედ ეს იყო მისი იღბლიანი ნაბიჯი. „იღბალი ყველას წარმატების უდიდესი ნაწილია. შაკი ძალიან შავ დღეს მაყრიდა, როცა პირველად მოვხვდი NBA-ში. ის მეუბნებოდა: ‘ოჰ, გაგიმართლა’. და მე ვეუბნები: ‘და შენ დაგეგმე, რომ შვიდი და ორი ფუტი სიმაღლისა და სპორტული აღნაგობის ყოფილიყავი, არა?’“
ვაგნერი, რომელიც მას შემდეგ კუბანთან თანამშრომლობს მრავალ ბიზნესში, მათ შორის Mavericks-ში და რომელიც თავად $1.8 მილიარდადაა შეფასებული, ამტკიცებს, რომ ეს ბევრად მეტია, ვიდრე, უბრალოდ, იღბალი. „ვფიქრობ, მარკს ყოველთვის ჰქონდა და ახლაც აქვს კუთხეებს მიღმა ხედვის უნარი, – ამბობს ის. – მე ვფიქრობ, მარკი აქ ყველაზე ჭკვიანი, ყველაზე მომზადებული ბიჭია“.
მართალია, კუბანს უყვარს ფული, მაგრამ შესაძლოა, უფრო მეტად ცნობადობა უყვარდეს. 2004 წელს მან ითამაშა The Benefactor-ში, ABC-ის პასუხი Donald Trump’s Apprenticeისთვის, რომელშიც 16 კონკურსანტი კუბანის ქონების $1 მილიონი დოლარისთვის იბრძოდა. ის ერთი სეზონის შემდეგ დაიხურა (მოგვიანებით ტრამპმა მისწერა კუბანს და ანუგეშა მისი „დამღუპველი“ და „უხერხული“ მცდელობის გამო. „თუ ოდესმე გადაწყვეტთ სხვა შოუს გაკეთებას, გთხოვთ, დამირეკოთ და მე სიამოვნებით გამოგიწვდით დახმარების ხელს“). პოზიტიური მხარე: ის შეხვდა პროდიუსერ კლეი ნიუბილს, რომელმაც მოგვიანებით იგი Shark Tank-ისთვის აიყვანა. კუბანი არ იყო ხელმისაწვდომი შოუს პილოტისთვის 2009 წელს, მაგრამ შეუერთდა როგორც „სტუმარი ზვიგენი“ მეორე სეზონში, 2011 წელს. მას შემდეგ ის ყველა ეპიზოდში მონაწილეობდა.
„ყველას, გარკვეულ დონეზე, უნდა, რომ ცნობილი ადამიანი იყოს“, – ამბობს კუბანი, რომელიც ასევე გამოჩნდა ათობით სატელევიზიო შოუსა და ფილმში, მათ შორის Entourageსა და Brooklyn Nine-Nine-ში.
ჰოლივუდის სხვა ტიპების მსგავსად, კუბანმა შეიყვარა NFT-ები, CryptoPunk-ის მფლობელობამდე (No. 869, ამჟამად $95,000-ადაა შეფასებული). ის იყო ლიგის ძალიან წარმატებული NFT-ბაზრის, NBA Top Shot-ის ცნობილი მხარდამჭერი ($1 მილიარდის მთლიანი გაყიდვებით 2020 წლის ოქტომბერს ამოქმედებიდან), და წამოიწყო საკუთარი NFT-პლატფორმა Lazy.com-ი, სადაც ის აჩვენებს თავის პირად კოლექციას. 2021 წლის მარტში Mavericks-ი გახდა NBA-ის პირველი გუნდი, რომელმაც გადახდის ფორმად მიიღო კრიპტოვალუტა დოჯკოინი – და (რაოდენ წარმოუდგენელიც არ უნდა იყოს) ჯერ კიდევ იღებს მას, მიუხედავად იმისა, რომ ვალუტა 90%-ით დაეცა გასული წლის შემდეგ. კუბანის შემთხვევაში, რომელიც 2019 წელს ხუმრობით ამბობდა, რომ ბიტკოინს ბანანი ურჩევნია, ეს საკმაოდ სასაცილოა.
გასული წლის ოქტომბერში Mavericks-მა დადო ხუთწლიანი პარტნიორობის ხელშეკრულება Voyager Digital-თან, შეერთებული შტატების ერთ- -ერთ ყველაზე სწრაფად მზარდ კრიპტოსაბროკერო კომპანიასთან. მას შემდეგ Voyager-მა დაკარგა თავისი ღირებულების 99% და გაკოტრდა, რის გამოც მომხმარებელთა ჯგუფმა უჩივლა კუბანს, იმის მტკიცებით, რომ მისმა მხარდაჭერამ შეცდომაში შეიყვანა ყოველდღიური ინვესტორები და პლატფორმაზე $5 მილიარდი (დღეს გაყინული) შეატანინა. კუბანმა სარჩელზე კომენტარი არ გააკეთა. მან მხოლოდ თქვა, რომ ეს მას არ შეაჩერებს კრიპტოპოპულაციის პოპულარიზაციის საქმეში.
Cost Plus Drugs-ის ჩაშვება იანვარში კუბანისთვის წლების განმავლობაში მიმდინარე პროცესი იყო და ის კიდევ უფრო ხანგრძლივი აღმოჩნდა მისი თანადამფუძნებლის, ალექს ოშმიანსკისთვის, კოლორადოელი რადიოლოგისთვის, რომელსაც, ზოგიერთ მეგობარ ექიმთან ერთად, ჯერ კიდევ 2015-ში უპატენტო წამლების საწარმო ფასებში გაყიდვის იდეა გაუჩნდა. ექიმებმა ეს არაკომერციულ ორგანიზაციად წარმოიდგინეს და სამი წელი დახარჯეს ფინანსების მოძიებაში. „ჩვენ საოცრად წარუმატებელი ვიყავით და 10 ცენტიც კი ვერ მოვიზიდეთ გარდა იმისა, რაც მე ამ საქმეში ჩავდე“, – ამბობს ოშმიანსკი, რომელმაც დაახლოებით $200,000-ის ინვესტიცია მოახდინა. 2018 წელს მან შეცვალა მექანიზმები და ხელახლა გაერთიანდა როგორც საზოგადოებრივი სარგებლის კორპორაცია, რაც იმას ნიშნავს, რომ მას შეეძლო აფთიაქის მართვა როგორც ბიზნესს და არა როგორც საქველმოქმედო ორგანიზაციას. სწორედ მაშინ ჩაერთო კუბანიც.
„არავის არ უნდა ჰქონდეს ამდენი სიმდიდრე, მაგრამ ეს არის ის, რაც არის. შენ შენსას აკეთებ და თავს დამნაშავედ საერთოდ არ ვგრძნობ“.
მილიარდერის საწყისი ინვესტიცია მცირე იყო (დაახლოებით $250,000), მაგრამ მან თანდათანობით მეტი ფული ჩადო, რადგან კომპანიამ პროგრესს მიაღწია მარეგულირებელი დაბრკოლებების გადალახვასა და სკეპტიკურად განწყობილი წამლების მწარმოებლების დარწმუნებაში, რომ მათ საქმეში მონაწილეობა მიეღოთ. პირველი მწარმოებელის, ნიუ-ჯერსიში დაფუძნებული Amneal Pharmaceuticals-ის დასარწმუნებლად, დათანხმებულიყო Cost Plus-ისთვის წამლების დამზადებაზე, მთელი წელი დასჭირდა. თავიდან Cost Plus-ის შეთავაზება მხოლოდ სამი მწარმოებლის 100 წამალს მოიცავდა. ახლა ის მუშაობს 20 მწარმოებელ პარტნიორთან და ყოველთვიურად ამატებს 100-მდე ახალ პრეპარატს.
Cost Plus-ი ასევე გეგმავს საკუთარი მედიკამენტების წარმოებას. მისი $11-მილიონიანი, 2000 კვადრატული ფუტის ფართობის დალასის საწარმოო ქარხანა ნოემბერში გაიხსნება. სრულად რობოტიზებული ქარხანა შექმნილია, როგორც „მოქნილი“ დაწესებულება, რომელსაც შეუძლია, სწრაფად გადაეწყოს ისეთ წამლებზე, რომლებსაც კომპანია სხვა მწარმოებლებისგან ვერ მიიღებს.
ყველა მისი უპირატესობის მიუხედავად, Cost Plus-ს აქვს რამდენიმე ძირითადი შეზღუდვა. კომპანია არ აღიარებს დაზღვევას. ამჟამად არც იმ წამლებს ყიდის, რომლებიც ჯერ კიდევ დაცულია პატენტებით, და მოიცავს ბლოკბასტერებს, როგორიცაა Humira (ართრიტი) და Trulicity (დიაბეტი). „ჩვენი მიზანია, ვიყოთ მედიკამენტების იაფი მიმწოდებელი და ჩვენ ბევრ ადამიანს გავაკვირვებთ, როცა ბრენდირებული წამლები გვექნება,– ამბობს კუბანი.– ვფიქრობ, ხალხს უბრალოდ ვენატრებით… მათ, ასე ვთქვათ, მხოლოდ ერთ კონკრეტულ როლში ვყავართ წარმოდგენილი“.
ფარმაცევტიკის მიღმა, კუბანი ფიქრობს უმაღლეს განათლებაზე– კიდევ ერთ ინდუსტრიაზე, რომელიც მზადაა ნგრევისთვის. „ერთი რამ, რასაც არასდროს გავაკეთებ, არის სკოლისთვის ფულის მიცემა, რადგან ისინი მხოლოდ შენობებს ააშენებენ“,– ამბობს ის. კუბანი ამტკიცებს, რომ უკეთესი მიდგომა იქნებოდა უნივერსიტეტები, რომლებიც დაყვანილია საბაზისო ფუნქციებამდე. დაივიწყეთ „ლამაზი საერთო საცხოვრებლები“, ლამაზი კაფეტერიები, კლდეზე ცოცვის კედლები, სპორტის პირველი დივიზიონი და ამის ნაცვლად, ყურადღება გაამახვილეთ საუკეთესო მასწავლებლების დაქირავებასა და სწავლის დაბალი ღირებულების შენარჩუნებაზე.
ბუნებით, კუბანი არ არის პესიმისტი, მაგრამ „ერთი რამ“, რაც მას ცუდად ხდის, ამერიკული პოლიტიკაა. ის არაა მილიარდერებისთვის გადასახადების გაზრდის მცდელობების გულშემატკივარი (გამაოგნებელია!) და თვლის, რომ საარჩევნო პროცესს გადახედვა სჭირდება. „მინდა, აფეთქდეს ორპარტიული სისტემა,– ამბობს ის.– ჩემთვის ესაა ყველანაირი ბოროტების ფესვი“. ის სერიოზულად განიხილავდა საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას 2020 წელს, მაგრამ უარი თქვა მას შემდეგ, რაც მის მიერ დაკვეთილ ეროვნულ გამოკითხვაში ხმების 25%-ზე ნაკლები მიიღო.
ოთხი წლის წინ კუბანს 60 წელი შეუსრულდა. მისი დაბადების დღის აღნიშვნა ზუსტად ისეთი იყო, როგორიც შეიძლება, წარმოიდგინოთ. უამრავი მეგობარი და ცნობილი ადამიანი– მისი Shark Tank-ის კოლეგები, მომღერალი ჯენიფერ ლოპესი და მისი მაშინდელი საქმრო, New York Yankees-ის ყოფილი ვარსკვლავი ალექს როდრიგესი– შეიკრიბნენ მისი ეპიკური 24000 კვადრატული ფუტის დალასის გაზონზე. ხალხს სტივი ვანდერი და პოპულარული ელექტრონული მუსიკის დუეტი,The Chainsmokers-ი ართობდა.
საღამოს ბოლოს, კუბანი ბავშვობის მეგობრებთან, ჯერი კაცთან და ტოდ რიდბორდთან მივიდა. „ის ყველაზე მთვრალი იყო, ვინც კი ოდესმე მინახავს, მაგრამ [ის] ბედნიერი ადამიანი იყო– , იხსენებს რიდბორდი.– მან ხელები შემოგვხვია და თქვა: „არ მჯერა, რომ ეს დამემართა”.
ზვიგენის ნიშანი
მარკ კუბანი ამბობს, რომ SHARK TANK-ის მოსამართლის ამპლუაში თავისი 13 სეზონის მანძილზე, მან $29 მილიონის ინვესტიცია განახორციელა მინიმუმ 85 კომპანიაში. მან დადო რამდენიმე ლელო, მაგრამ როგორც ტრადიციულმა ვენჩურულმა კაპიტალისტმა, მან ასევე გაანადგურა რამდენიმე ჯგუფი (სულ მცირე, ორმა კუბანის მხარდაჭერილმა სტარტაპმა გამოაცხადა გაკოტრების შესახებ ან შეაჩერა ფუნქციონირება). ერთი დიდი გამარჯვებული: სკოლამდელი აღზრდის აპი BRIGHTWHEEL-ი, რომლის 2%-იან წილსაც კუბანი ფლობს, და რომლის ღირებულებაც $12 მილიონია, 20-ჯერ აღემატება მის სავარაუდო ინვესტიციას. აქ არის კიდევ ერთი-ორი, ქულების ბარათის თითოეული მხრიდან.
გამარჯვებულები
Dude Products
ოთხმა ახალგაზრდა ბიჭმა ჩიკაგოში, რომლებსაც სველი ხელსახოცები ურჩევნიათ ტუალეტის ქაღალდს, გამოიგონა ჩასარეცხი Dude-ტილოები, რომლებიც შეფუთულია სათითაოდ სამგზავრო პაკეტებში, მგზავრობისას გამოსაყენებლად. გაყიდვები გასულ წელს $67 მილიონამდე გაიზარდა და ფირმა $300 მილიონადაა შეფასებული. კუბანმა ინვესტიცია 2015 წელს ჩადო.
BeatBox Beverages
2014 წლიდან კუბანის მხარდაჭერით, BeatBox-მა გასული წლის განმავლობაში გაყიდა $30 მილიონის წინასწარ შეფუთული კოქტეილები – „წვეულების პუნშის“ არომატები მოიცავს „ლურჯ რასპბერის” და ვარდისფერ ლიმონათს. სექტემბერში კომპანიამ $200 მილიონის შეფასებით $15 მილიონი მოიზიდა კერძო ინვესტორებისგან.
დამარცხებულები
Breathometer
კუბანმა 2013 წელს სმარტფონის ამ დანართში $250,000 დოლარი ჩადო სისხლში ალკოჰოლის დონის გასაზომად, მაგრამ მოგვიანებით მას ყველაზე უარესი ინვესტიცია უწოდა. ტექნიკა არ მუშაობდა; ფედერალურმა სავაჭრო კომისიამ კომპანიას სრული კომპენსაცია მოსთხოვა.
Toygaroo
„Netflix-ი სათამაშოებისთვის“, რომელიც საბავშვო სათამაშოებს ყოველთვიურად აქირავებდა, წარუმატებელი აღმოჩნდა და 2012 წელს გაკოტრების შესახებ განცხადება გააკეთა – სულ რაღაც ერთი წლის შემდეგ, რაც კუბანმა და თანამემამულე ზვიგენმა კევინ ო’ლირიმ, შოუში $200,000-ის ინვესტიციის პირობა დადეს.
ფოტო: გერინ ბლასკი / Forbes