მელინდა გეიტსმა, ყოფილ მეუღლე ბილ გეიტსთან ერთად დაარსებული საქველმოქმედო ფონდის დატოვების გადაწყვეტილება მიიღო. „ბილ და მელინდა გეიტსების ფონდის“ თანათავმჯდომარის პოსტს ის 20 წელზე მეტი ხნის განმავლობაში იკავებდა, თუმცა მომდევნო თვიდან მდგომარეობა შეიცვლება.
პლატფორმა X-ზე გამოქვეყნებულ პოსტში მელინდა გეიტსმა ფონდის თანათავმჯდომარის პოსტიდან გადადგომის რთულ გადაწყვეტილებაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ უზომოდ ამაყობს ბილ გეიტსთან ერთად შექმნილი ფონდით, რომელმაც მსოფლიოში უთანასწორობის აღმოფხვრაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა.
ცნობისთვის, ბილ და მელინდა გეიტსები, 27-წლიანი ქორწინების შემდეგ, ოფიციალურად 2019 წელს დაშორდნენ, თუმცა ფონდის ერთობლივი მართვა გააგრძელეს. განქორწინების შემდეგ წყვილმა განაცხადა, რომ 2-წლიანი საცდელი პერიოდით, ფონდის ერთობლივ მართვას გააგრძელებდნენ, თუმცა, თუ ამას ვერ შეძლებდნენ, მელინდა დაკავებულ პოსტს დატოვებდა.
მელინდა გეიტსის ინფორმაციითვე, ფონდის დატოვების შესახებ არსებული შეთანხმების პირობებით, ის დამატებით $12.5 მილიარდს მიიღებს, რომელსაც ქალთა და ოჯახებთან დაკაშვირებული საკითხებისთვის გამოიყენებს. საქველმოქმედო საქმიანობას კი მის მიერვე დაარსებული ორგანიზაცია Pivotal Ventures-ის მეშვეობით განაგრძობს, რომელიც სწორედ ქალებისა და ოჯახების სოციალური პროგრესის გაუმჯობესებისკენაა მიმართული.
გეიტების ფონდის სპიკერის განცხადებით, ეს $12.5 მილიარდი ორგანიზაციის ტრასტიდან მოდის, თუმცა ბილის პერსონალური ანგარიშიდან გადაირიცხება, რადგან ყოფილ მეუღლეებს შორის დადებული პირადი შეთანხმების ნაწილია. მელინდა თანათავმჯდომარის პოსტს 7 ივნისს დატოვებს.
ბილ და მელინდა გეიტსები Giving Pledge-ის ინიციატივის ხელმომწერთა შორის არიან. ხელმოწერით, მილიარდერები, მათი სიცოცხლის განმავლობაში, ქონების ქველმოქმედებისთვის გაღების პირობას დებენ. Forbes-ის შეფასებით, მელინდა გეიტსის ქონება $11.2 მილიარდია, რაც მას 182-ე უმდიდრეს ადამიანად აქცევს მსოფლიოში.