Tesla-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, ილონ მასკმა, განაცხადა, რომ ასპერგერის სინდრომი აქვს. მასკის თქმით, ამ მდგომარეობას მისთვის მრავალი პრობლემა შეუქმნია. ცნობისთვის, ასპერგერის სინდრომის მქონე პირებს ექსცენტრული ქცევები ახასიათებთ. ასევე, მათ უჭირთ კომუნიკაცია. თუმცა აღსანიშნავია, რომ ილონ მასკი ერთადერთი მილიარდერი არ არის, რომელსაც ნეიროგანსხვავებული მდგომარეობა აქვს.
2019 წელს, ინვესტიციების მენეჯმენტის ფირმა Pacific Investment Management Co.-ის დამფუძნებელმა ბილ გროსმა განაცხადა, რომ მას ასპერგერის სინდრომი აქვს. მიუხედავად ამისა, ბილ გროსის თქმით, ასპერგერის სინდრომი მას უკეთეს ინვესტორად აქცევს. აღსანიშნავია ისიც, რომ მილიარდერი ასპერგერის სინდრომს უკავშირებს საკუთარ აკვიატებულ გატაცებას – მარკების შეგროვებას. Forbes-ის მიხედვით, გროსის ქონება $1.5 მილიარდადაა შეფასებული.
2018 წელს Virgin Group-ის დამფუძნებელმა რიჩარდ ბრენსონმა საკუთარ მდგომარეობაზე საჯაროდ ისაუბრა. ბრენსონის განცხადებით, მას სკოლაში ზარმაც და მუნჯ ბავშვად თვლიდნენ. აღმოჩნდა, რომ მილიარდერს დისლექსია აქვს. შეგახსენებთ, რომ დისლექსია ესაა სწავლის უნარის დაქვეითება, რომელიც კითხვის, წერის, ზეპირი მეტყველების პრობლემებით ხასიათდება. რიჩარდ ბრენსონის თქმით, დისლექსია კრეატიული აზროვნების გზაა. Forbes-ის მიხედვით, ბრენსონის ქონება $4,2 მილიარდს შეადგენს.
დისლექსია აქვს Charles Schwab Corporation-ის თავმჯდომარე ჩარლზ შვაბსაც. საბროკერო ფირმის დამფუძნებელი აღნიშნავს, რომ დისლექსიის გამო მისთვის წერა-კითხვა მთელი ცხოვრების განმავლობაში პრობლემას წარმოადგენს. ჩარლზ შვაბის ქონება $11,4 მილიარდია.
ავეჯის წარმოებაში სპეციალიზებული შვედური კომპანიის, IKEA-ის, დამფუძნებელი ინგვარ კამპრადი ასევე დისლექსიით იყო დაავადებული. Forbes-ის მიხედვით, კამპრადის ქონება $28 მილიარდად ფასდებოდა. ინგვარ კამპრადის განცხადებით, დისლექსიის გამო მან IKEA-ის პროდუქტებს ის შვედური სახელები მიანიჭა, რომლებიც ინვენტარის ტიპურ ნომრებზე მუშაობას გაუმარტივებდა.