მას მერე, რაც გასულ კვირას მსოფლიო მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს მონაცემთა დაცვის ახალი რეგულაციების გამო, Meta ევროპის ბაზარს დატოვებდა და ევროპაში Facebook-ის, Instagram-ისა და სხვა პლატფორმების ფუნქციონირება შეწყდებოდა, კომპანიას ოფიციალური განმარტების გაკეთება მოუხდა: Meta Europe-ის ვიცე-პრეზიდენტის, მარკუს რაინიშის თქმით, Meta-ს ბაზრიდან გასვლით ევროპა აბსოლუტურად არ დაუშინებია.
„პრესაში წერდნენ, თითქოს ევროკავშირსა და აშშ-ს შორის მონაცემთა ტრანსფერის მექანიზმების გამო, ევროპის ბაზრიდან გასვლით ვიმუქრებოდით – ეს სიმართლე არ არის“, – ვკითხულობთ Meta-ს მიერ გამოქვეყნებულ ბლოგში. Meta-ში აღნიშნავენ, რომ ამერიკასა და ევროკავშირს შორის მონაცემთა ტრანსფერთან დაკავშირებული ახალი რეგულაციები მხოლოდ მათ როდი ეხებათ – როგორც ირკვევა, ამ რეგულაციით წარმოქმნილი რისკის წინაშე სხვადასხვა ინდუსტრიის სულ მცირე 70 კომპანია დგას.
Meta-ში აცხადებენ, რომ მონაცემების საერთაშორისო მიმოცვლა გლობალური ეკონომიკის ერთ-ერთი დასაყრდენია, რომელიც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია იმ სერვისებისთვის, ყოველდღიურად რომ ვიყენებთ. ამასთანავე, Meta ევროკავშირის პოზიციასაც იზიარებს და სურს, ევროკავშირის მოქალაქეების პირადი მონაცემები უაღრესად დაცული იყოს. „უამრავი წლის განმავლობაში, სამართლებრივმა ჩარჩომ, რომელიც მონაცემების ტრანსატლანტიკურ მიმოცვლას არეგულირებს, არაერთი საფუძვლიანი ცვლილება განიცადა… გვსურს, ევროკავშირის მოქალაქეთა ფუნდამენტური უფლებები დაცული იყოს, მაგრამ ამასთანავე გვინდა, რომ ინტერნეტმა ფუნქციონირება ისე გააგრძელოს, როგორც ეს თავიდანვე იყო გამიზნული: შესაბამისი კანონების გათვალისწინებით და დაბრკოლებების გარეშე – თუმცა, ეროვნული საზღვრების მიღმა“, – აღნიშნულია განცხადებაში.
თავისთავად ცხადია, რომ მსოფლიოს ერთ-ერთ უმსხვილეს კომპანიასა და ევროპელ ბიუროკრატებს შორის გამართული ამ ბრძოლის ესკალაცია არავის აწყობს: ევროკავშირი უზარმაზარი ბაზარია, რომელზე წვდომის დაკარგვა Meta-ს არ სურს, ხოლო თავისთავად Meta ის კომპანიაა, რომელიც უამრავ ევროპელს ასაქმებს და არცთუ ისე მცირე თანხას იხდის გადასახების სახით. ამგვარად, მოსალოდნელია, რომ დროთა განმავლობაში, ეს საკითხი დასტაბილურდება და მხარეები იმგვარ სამართლებრივ ჩარჩოზე შეთანხმდებიან, რომელიც ყველასათვის მისაღები იქნება.