Meta Platforms-მა გაფართოებული რეალობის (AR) სათვალის პირველი პროტოტიპი წარადგინა – მოწყობილობა, რომელიც ციფრულ და ფიზიკურ სამყაროს აერთიანებს და კომპანიის CEO-ს, მარკ ცუკერბერგის მიერ სმარტფონების რეალურ ალტერნატივად აღიქმება.
Meta-ს ახალი სათვალის სახელწოდება Orion-ია. სათვალეს სქელი შავი ჩარჩო და ლინზები ექნება, რომელთა საშუალებითაც მომხმარებლის ხედვის არეალში ტექსტუალური შეტყობინებები, ვიდეოზარები და YouTube-ის ვიდეოები გამოისახება. ამ ეტაპზე კომპანიამ Orion-ის მხოლოდ ნიმუში წარადგინა და მისი გასაყიდად გამოტანა არ იგეგმება. პროტოტიპი პროდუქტის ტესტირებისა და გაუმჯობესებისთვის იქნება გამოყენებული.
თანმხლები სამაჯური ნერვულ სტიმულაციას აღიქვამს, ხოლო სათვალის ჩარჩოებში არსებული კამერები თვალის მოძრაობას აკონტროლებს. შედეგად, Orion-ის მფლობელებს „დაჭერისა“ და „გადასვლის“ ფუნქციების გამოყენება მხოლოდ ხელის მოძრაობით შეეძლებათ.
Meta-ს გაფართოებული რეალობის სათვალე, მომდევნო წლებში, კომპანიის ტექნოლოგიური განვითარებისა და ფინანსური ინვესტიციის მნიშვნელოვანი ნაწილია. Meta-ს პროგნოზით, AR-სათვალეები წარმოებაში მომდევნო ათწლეულის განმავლობაში ჩაეშვება. გარდა ამისა, კომპანია დამატებით ორი დიზაინის მოდელზეც მუშაობს.
ცნობისთვის, Meta უკვე ყიდის Ray-Ban-ის ბრენდირებულ სმარტსათვალეებს, რომლებიც კამერებითა და დინამიკებითაა აღჭურვილი. თუმცა ცუკერბერგს სჯერა, რომ AR-სათვალეები ერთ დღეს უკონტაქტო კომპიუტერისა და ერთგვარი მობილურის როლს შეითავსებს და სმარტფონების ჩანაცვლებას შეძლებს.