მას მერე, რაც ჯერ კიდევ 2020 წლის ნოემბერში Meta-ს (მაშინ კი Facebook-ის) მიერ Kustomer-ის $1 მილიარდად შეძენის გადაწყვეტილება გასაჯაროვდა, ამ გარიგების ბაზრის სტრუქტურაზე გავლენის შესწავლა ამერიკის შეერთებული შტატების მარეგულირებელმა ორგანომ, ფედერალურმა სავაჭრო კომისიამ დაიწყო, რის გამოც, გარიგების ბედი დროებით ჰაერში აღმოჩნდა. თუმცა, როგორც Meta-ს განცხადებიდან ირკვევა, კომპანიამ მარეგულირებლის ყველა მოთხოვნა დააკმაყოფილა და ეს ტრანზაქცია ამა წლის 15 თებერვალს დაიხურა.
„დღეს Meta-მ Kustomer-ი საბოლოოდ შეისყიდა. მოხარულნი ვართ, რომ Kustomer-ი Meta-ს ნაწილად იქცა, რადგან ერთად, ადამიანებსა და ბიზნესებს შორის კომუნიკაციას კიდევ უფრო სწრაფსა და მარტივს გავხდით. დროთა განმავლობაში, შეტყობინებების ღირებულებას ყველა ზომის ბიზნესი ხვდება და ჩვენც მზად ვართ, რომ ამ ეკოსისტემას ჩვენი სრული მხარდაჭერა გამოვუცხადოთ, რათა ბიზნესებს მათ მომხმარებლებთან კომუნიკაციის კიდევ უფრო მეტი გზა შევთავაზოთ“, – ვკითხულობთ Meta-ს ბიზნესშეტყობინებების ვიცე-პრეზიდენტის, მეტ იდემას ბლოგში.
მარტივად რომ ვთქვათ, Kustomer-ი Meta-სთვის იმგვარ პლატფორმას შექმნის, რომელიც ბიზნესებს საშუალებას მისცემს, სხვადასხვა პროგრამაში არსებულ საკუთარ კლიენტებს ერთობლივად, ერთი პროგრამის საშუალებით უპასუხოს. Bloomberg-ის თქმით, ამ სტარტაპის შეძენით Meta საკუთარი მესიჯ-პლატფორმების, WhatsApp-ისა და Facebook Messenger-ის მონეტიზაციას გაცილებით უკეთესად შეძლებს, რადგან კლიენტებთან ურთიერთობისთვის ბიზნესები ნელ-ნელა WhatsApps-ზე გადავლენ და ტელეფონსა და ელექტრონულ ფოსტაზე უარს იტყვიან.