Wall Street Journal-ის ინფორმაციით, ამერიკულ ტექნოლოგიურ გიგანტ Meta-ს Ray-Ban-ის მწარმოებელი კომპანიის, EssilorLuxottica-ს 5%-იანი წილის შესყიდვა სურს. იტალიურ-ფრანგული მოდის ბრენდის საბაზრო კაპიტალიზაციის გათვალისწინებით, 5%-იანი წილის ღირებულება Meta-ს $4.73 მილიარდი დაუჯდება. ცნობისთვის, EssilorLuxottica-ს ღირებულება $94.14 მილიარდს შეადგენს.
შეგახსენებთ, Meta და Ray-Ban-ი სმარტ-სათვალის წარმოებაში უკვე რამდენიმე წელია, თანამშრომლობენ. Meta-ს სმარტ-სათვალე მომხმარებლებში დიდი პოპულარობით სარგებლობს. Ray-Ban Meta სმარტ-სათვალის პირველი ვერსია წარმოებაში 2021 წელს ჩაეშვა. თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავება კი Meta-ს შესაძლებლობას მისცემს, კონკურენტებთან გარდამტეხი უპირატესობა მოიპოვოს. განსაკუთრებით კი იმის გათვალისწინებით, რომ მსხვილი ტექნოლოგიური კომპანიები, მათ შორის Apple-ი, აუგმენტური რეალობის მოწყობილობების შექმნასა და დახვეწაზე აქტიურად მუშაობენ.
სიახლის გავრცელების შემდეგ პარიზის საფონდო ბირჟაზე დალისტული EssilorLuxottica-ს აქციათა ფასი 3%-ით, Meta-ს აქციათა ფასი კი 1.2%-ით გაიზარდა.
ცნობისთვის, სათვალეების მწარმოებელი ბრენდების მფლობელი კომპანია 2018 წელს ფრანგული Essilor-ისა და იტალიური Luxottica-ს შერწყმით დაარსდა. კომპანიის ყველაზე მსხვილი აქციონერი ჰოლდინგ-კომპანია Delfin-ია, რომელსაც, თავის მხრივ, Luxottica-ს დამფუძნებლის ოჯახი ფლობს. Delfin-ი EssiloLuxottica-ს 33%-იანი წილის მესაკუთრეა.
Meta-სა და Ray-Ban-ის თანამშრომლობით შექმნილი სმარტ-სათვალის ახალი მოდელი 2025 წლისთვის იქნება მზად.