„მეწარმეთა შესახებ კანონი“ ძალაშია - 21 მნიშვნელოვანი ცვლილება

„მეწარმეთა შესახებ კანონი“ ძალაშია - 21 მნიშვნელოვანი ცვლილება

2022 წლის 1 იანვრიდან საქართველოს ბიზნესსამართალში მნიშვნელოვანი ცვლილებები ამოქმედდა, მათ შორის უმთავრესი განახლებული „მეწარმეთა შესახებ კანონია“, რომელიც პარლამენტმა გასული წლის აგვისტოში დაამტკიცა. განახლებული კანონის მიღება ევროკავშირში მოქმედ ნორმებთან ჰარმონიზების აუცილებლობით იყო განპირობებული. იურიდიულმა საგადასახადო საკონსულტაციო ფირმა LTA-მ ახალი ნორმების შესახებ გამოაქვეყნა მიმოხილვა, წარმოგიდგენთ 21 მნიშვნელოვან ცვლილებას, რაც „მეწარმეთა შესახებ კანონში“ წელს ამოქმედდა.

LTA: 21 მნიშვნელოვანი ცვლილება საქართველოს სამეწარმეო სამართალში, რაც 2022 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდა

სადამფუძნებლო შეთანხმება

ახალ კანონში გაჩნდა ისეთი ტერმინი, როგორიცაა სადამფუძნებლო შეთანხმება. სამეწარმეო საზოგადოების დასაფუძნებლად აუცილებელი ხდება სამეწარმეო საზოგადოების სადამფუძნებლო შეთანხმების წარდგენა მარეგისტრირებელ ორგანოში. სამეწარმეო საზოგადოების სადამფუძნებლო შეთანხმება წერილობით ფორმდება და მას ხელს აწერს სამეწარმეო საზოგადოების ყველა დამფუძნებელი პარტნიორი. სადამფუძნებლო შეთანხმება შედგება წესდებისა და კანონით დაწესებული სხვა სავალდებულო მონაცემებისგან.

როგორც ახალი კანონის განმარტებითი ბარათი ხსნის, წესდება უნდა იყოს სამეწარმეო საზოგადოების ერთგვარი კონსტიტუცია, რომლის ცვლილების საჭიროებაც იშვიათად უნდა დადგეს, შესაბამისად, სადამფუძნებლო შეთანხმებას (გარდა წესდების ნაწილისა) ენიჭება შედარებით მოქნილი დოკუმენტის ფუნქცია და პარტნიორთა შორის ურთიერთობებს შედარებით მარტივი ფორმით დაარეგულირებს.

კანონი ადგენს იმ მინიმალურ მონაცემებს, რომელიც სადამფუძნებლო შეთანხმებაში უნდა აისახოს წესდების გარდა. აღნიშნული მინიმალური მონაცემები ემთხვევა წინა კანონში არსებულს: საფირმო სახელწოდება, ინფორმაცია პარტნიორებზე და ა.შ.

წესდებაში თავის მხრივ კანონი ავალდებულებს მეწარმეებს განსაზღვრონ:

ა) სამეწარმეო საზოგადოების სამართლებრივი ფორმა;

ბ) სამეწარმეო საზოგადოების საქმიანობის საგანი. საქმიანობის საგნად შეიძლება მიეთითოს როგორც ზოგადი სამეწარმეო საქმიანობა, ისე კონკრეტული საქმიანობის საგანი;

გ) პარტნიორთა შორის შეთანხმებულ შეზღუდვას წილზე საკუთრების უფლებასთან დაკავშირებით, ასეთი შეთანხმების არსებობის შემთხვევაში;

დ) ინფორმაციას პარტნიორთა შეთანხმების არსებობის თაობაზე, თუ ასეთი შეთანხმება არსებობს.

აღნიშნული ჩამონათვალიდან აღსანიშნავია, რომ დამატებით სავალდებულო ხდება სამეწარმეო საზოგადოების საქმიანობის მითითება.

სტანდარტული წესდება

ახალი კანონი გვთავაზობს სტანდარტული წესდების ცნებას. აქამდეც ძირითადად კომპანიების დაფუძნებისას მეწარმეები იყენებდნენ საჯარო რეესტრის სტანდარტულ შაბლონს. თუმცა, ახალი „სტანდარტული წესდება“ არ შეიცავს შესაცვლელ ელემენტებს და მის გამოსაყენებლად მეწარმეები უბრალოდ მიუთითებენ რომ იყენებენ სწორედ სტანდარტულ წესდებას და არა თავიანთ წესდების ვერსიას. სტანდარტულ წესდებას ამტკიცებს საქართველოს იუსტიციის მინისტრი და მისი შინაარსი განსხვავდება სამართლებრივი ფორმების მიხედვით.

მეწარმის საფირმო სახელწოდება

ცვლილებები განიცადა ასევე საწარმოს საფირმო სახელწოდებასთან დაკავშირებულმა რეგულაციამაც (სახელი, რომლითაც მეწარმე საქმიანობას ახორციელებს).

ისევე როგორც აქამდე, დასაშვებია ნებისმიერი ფანტაზიის ნაყოფის გამოყენება დასახელებაში. თუმცა, მნიშვნელოვანია ახალი კანონის იმპერატიული მოთხოვნა – რა არ შეიძლება იქნეს გამოყენებული კომპანიის სახელად. მოგვყავს მთავარი აკრძალვები დადგენილი კანონით:

  • ანტიᲡახელმწიფოებრივი / შუღლის გამღვივებელი ან ძალადობის მოწონების / მოწოდების / პროპაგანდის სიტყვა ან სიტყვათწყობა;
  • დისკრიმინაციული ან საჯარო წესრიგის / საყოველთაოდ აღიარებული ზნეობრივი ნორმების საწინააღმდეგო სიტყვა ან სიტყვათწყობა;
  • შეცდომაში შემყვანი დამატებითი სიტყვა;
  • სახელმწიფო და სახელმწიფო ინსტიტუტების დასახელების იდენტური ან მიმსგავსებული დასახელების გამოყენება, ისეთი პირების მიერ, რომელშიც შესაბამის ინსტიტუტს არ აქვს წილობრივი მონაწილეობა;
  • ფიზიკური პირის სახელი, მისი წერილობითი თანხმობის გარეშე;
  • საქართველოში რეგისტრირებული სხვა იურიდიული პირის ან საქართველოში საყოველთაოდ ცნობილი პირის საფირმო სახელწოდების იდენტური ან მიმსგავსებული ფორმულირება, ამ პირის თანხმობის გარეშე;
  • უცენზურო ან შეურაცხმყოფელი სიტყვა ან სიტყვათწყობა.

კანონი ასევე განსაზღვრავს იმ პირის პასუხისმგებლობას, რომელიც მართლსაწინააღმდეგოდ სარგებლობს სხვა იურიდიული პირის საფირმო სახელწოდებით. ასეთ შემთხვევაში, ის ვალდებულია უფლებამოსილი პირის მოთხოვნის საფუძველზე შეწყვიტოს ასეთი სარგებლობა და აანაზღაუროს მართლსაწინააღმდეგო სარგებლობით გამოწვეული ზიანი.

სამეწარმეო საზოგადოებას შეუძლია დამრღვევს აღნიშნული ზიანის ანაზღაურების ნაცვლად მოსთხოვოს სხვა იურიდიული პირის საფირმო სახელწოდებით მართლსაწინააღმდეგო სარგებლობით მიღებული სარგებლის სამეწარმეო საზოგადოებისთვის გადაცემა ან ამგვარი სარგებლის მიღების უფლების დათმობა.

საქართველოში ამჟამად ძალიან ბევრი არის იდენტური ან ძალიან მსგავსი, ასევე ცნობილი ბრენდების დასახელებით არსებული საწარმოები. სავარაუდოდ ამიტომ, კანონის ამ მოთხოვნების შესაბამისობაში მოსაყვანად, მეწარმეებს ექნებათ ორი წელი. 2-წლიანი პერიოდის გასვლის შემდეგ მათ მიუვათ გადაწყვეტილება, რომლის თანახმად მიეცემათ დამატებითი 3 თვე ხარვეზის აღმოსაფხვრელად. თუკი დამატებითი 3-თვიან ვადაში შესაბამისი ცვლილება არ მოყვა სარეგისტრაციო მონაცემებს – მეწარმის რეგისტრაცია ჩაითვლება გაუქმებულად.

ინდივიდუალურ მეწარმეს შეუძლია მიუთითოს დასახელებაში მხოლოდ მისი სახელი და/ან გვარი, მაშინ როდესაც აქამდე სავალდებულო იყო ორივესი (სახელის და გვარის ერთად) მითითება.

საქმიანი წერილი და ვებგვერდი

საკანონმდებლო სიახლეს ასევე წარმოადგენს ჩანაწერი საქმიანი წერილისა და ვებგვერდის შესახებ.

ახალი ნორმის თანახმად, კომანდიტური საზოგადოების, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების, სააქციო საზოგადოების ყველა საქმიან წერილზე უნდა მიეთითოს სულ მცირე შემდეგი მონაცემები: საფირმო სახელწოდება; იურიდიული მისამართი; საიდენტიფიკაციო ნომერი.

ეს მოთხოვნები ეხება როგორც მატერიალური, ისე ელექტრონული სახით შედგენილ საქმიან წერილს. გაუგებარია ამ მომენტისთვის თუ რას მოიცავს საქმიანი წერილი ზუსტად. კონსერვატული ინტერპრეტაციისას სავარაუდოა, რომ ნებისმიერი სახის დოკუმენტი / წერილი რომელიც გამოიცემა კომპანიის სახელით, ელ. ფოსტით გაგზავნილის ჩათვლით, ჩაითვლება საქმიან წერილად. დიდი ალბათობით აღნიშნული არ მოიცავს მხოლოდ სახელმწიფო უწყებებთან მიმოწერის ფორმატს, და ვრცელდება ნებისმიერ პირთან კომუნიკაციის ფორმაზე.

ლიკვიდაციის პროცესში მყოფმა სამეწარმეო საზოგადოებამ საქმიან წერილზე საფირმო სახელწოდებასთან ერთად უნდა მიუთითოს დამატება „ლიკვიდაციის პროცესში“. იგივე წესი ვრცელდება გადახდისუუნარობის საქმის წარმოების პროცესში მყოფ პირზე. ეს პირი ვალდებულია მიუთითოს აგრეთვე „გადახდისუუნარობის პროცესში“ ან მიუთითოს გადახდისუუნარობის კონკრეტული რეჟიმის თაობაზე − „რეაბილიტაციის რეჟიმში“ ან „გაკოტრების რეჟიმში“. უცხო ქვეყნის სამეწარმეო საზოგადოების ფილიალის ყველა საქმიან წერილზე უნდა მიეთითოს აგრეთვე ფილიალის მარეგისტრირებელი ორგანო და რეგისტრაციის ნომერი.

საყურადღებოა, რომ ყველა მონაცემი, რომელიც მიეთითება საქმიან წერილზე, უნდა მიეთითოს აგრეთვე სამეწარმეო საზოგადოების ვებგვერდზე (არსებობის შემთხვევაში). ანუ კომპანიების ვებგვერდზე სავალდებულო გახდა როგორც მინიმუმ შპს-ს საფირმო სახელწოდების, საიდენტიფიკაციო კოდის და იურიდიული მისამართის მითითება. ამ მოთხოვნების შეუსრულებლობისთვის, ხელმძღვანელობაზე უფლებამოსილ პირს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა დაეკისრება საქართველოს კანონმდებლობით.

ეს კიდევ ერთი ისეთი ცვლილებაა, რომელიც ასევე მოახდენს ზეგავლენას ყველა უკვე არსებულ იურიდიულ პირზე და მასთან შესაბამისობაში მოყვანა გახდება საჭირო ყველა ქართული საწარმოსთვის სავალდებულო გახდება.

მარეგისტრირებელი ორგანოს შეტყობინების ჩაბარების წესი

ახალი კანონი ითვალისწინებს მარეგისტრირებელი ორგანოს შეტყობინების ჩაბარების წესს.

მარეგისტრირებელი ორგანოს მიერ გაგზავნილი შეტყობინება ჩაბარებულად ჩაითვლება:

  1. მეწარმის მიერ გაცნობისთანავე;
  2. იურიდიულ მისამართზე ჩაბარების მომენტიდან;
  3. ან ელექტრონულ მისამართზე განთავსებიდან მე-15 დღეს.

მეწარმეებთან საკომუნიკაციოდ და ელ. სერვისების მისაწოდებლად მარეგისტრირებელმა შექმნა ელ. პორტალი. ელექტრონულ მისამართად ნაგულისხმევია ამ ელ. პორტალზე არსებულ მეწარმის ავტორიზებული მომხმარებლის გვერდი.

მოსალოდნელია, რომ ეს იქნება ისეთივე გვერდი, როგორიცაა საგადასახადო ორგანოსთან გადასახადის გადამხდელის საკომუნიკაციო გვერდი https://rs.ge, რომელიც წარმატებით მუშაობს საქართველოში.

ელექტრონული მისამართის არსებობა, მარეგისტრირებელ ორგანოსა და საზოგადოებას შორის კომუნიკაციას ბევრად მოსახერხებელს გახდის. სავარაუდოდ, მარეგისტრირებელი ორგანოს მხრიდან ფიზიკურად წერილი მხოლოდ უკიდურეს შემთხვევებში გაიგზავნება. ეს გაცილებით ეფექტურს გახდის საკორპორაციო სამართლებრივი საკითხების სახელმწიფოს მხრიდან დარეგულირებას.

ხელმძღვანელი ორგანო / პირი

ახალ სამეწარმეო კანონში დირექტორის ცნება აღარ გვხვდება. მის ნაცვლად კი გაჩნდა ტერმინი – ხელმძღვანელი ორგანო/ხელმძღვანელი პირი. ისევე როგორც აქამდე – საზოგადოების ხელმძღვანელობა შეიძლება განხორციელდეს რამდენიმე ხელმძღვანელი პირის მიერ ერთობლივად ან ცალ-ცალკე.

მოხდა მნიშვნელოვანი დაკონკრეტება ხელმძღვანელი პირის პასუხისმგებლობაზე საზოგადოების წინაშე. კერძოდ, მუხლი „სამეწარმეო გადაწყვეტილების თავისუფლების შესახებ“ ადგენს, რომ ხელმძღვანელი პირი თავისუფლდება ზიანის ანაზღაურების ვალდებულებისგან თუ მან სამეწარმეო გადაწყვეტილება მიიღო საკმარისი და სანდო ინფორმაციის საფუძველზე, სამეწარმეო საზოგადოების ინტერესებიდან გამომდინარე, დამოუკიდებლად და ინტერესთა კონფლიქტის ან სხვების ზეგავლენის გარეშე. საგულისხმოა, რომ ამავდროულად ეს გათავისუფლება არ ვრცელდება, თუ იგი მოქმედებდა კანონით ან წესდებით გათვალისწინებული ვალდებულებების საწინააღმდეგოდ.

ახალი კანონით დაკონკრეტდა ხელმძღვანელი პირის მიერ კონკურენციის აკრძალვის წესის დარღვევისათვის პასუხისმგებლობის სახეები. გაიზარდა კონკურენციის წესის მოქმედების შესაძლო ვადა 3 წლამდე, თანამდებობიდან გათავისუფლების შემდეგ. კონკურენციის წესი ხელმძღვანელი ორგანოს წევრს უკრძალავს სამეწარმეო საზოგადოების თანხმობის გარეშე იგივე საქმიანობის განხორციელებას, რომელსაც ეწევა აღნიშნული საზოგადოება, ასევე, უკრძალავს იყოს მსგავს სფეროში მოქმედი სამეწარმეო საზოგადოების ხელმძღვანელი პირი.

კონკურენციის აკრძალვის წესის დარღვევის შემთხვევაში სამეწარმეო საზოგადოებას შეუძლია დამრღვევს მიყენებული ზიანისთვის კომპენსაციასთან ერთად შეთანხმებული პირგასამტეხლოს გადახდაც მოსთხოვოს. ალტერნატიულად, კომპენსაციის ნაცვლად საწარმომ შეიძლება მოსთხოვოს საკუთარი ან მესამე პირის სახელით დადებული გარიგებიდან მიღებული სარგებლის სამეწარმეო საზოგადოებისთვის გადაცემა ან სარგებლის მიღების უფლების დათმობა. აღნიშნულის მოთხოვნის უფლება საზოგადოებას არ აქვს იმ შემთხვევაში, თუ ხელმძღვანელის დამნიშვნელისთვის ცნობილი იყო ხელმძღვანელის პარალელური საქმიანობის შესახებ.

აქვე, აღსანიშნავია, რომ კანონმდებლობა ბათილად ცნობს ნებისმიერ დათქმას, (თუნდაც სახელშეკრულებოს), რომელიც ხელმძღვანელი ორგანოს წევრის / ხელმძღვანელი პირის დანიშვნას და გათავისუფლებას ზღუდავს. სავარაუდოა, რომ ასეთი იმპერატიული ნორმა შექმნილია იმისათვის რომ გამოირიცხოს სიტუაცია, რომელმაც შეიძლება „გაყინოს“ საზოგადოება ხელმძღვანელის არყოლის ან კონკრეტული ხელმძღვანელის სავალდებულო ყოლის გამო.

სასამსახურო ხელშეკრულება

სიახლეს წარმოადგენს ასევე სასამსახურო ხელშეკრულება. მას შემდეგ, რაც მიღებულ იქნება გადაწყვეტილება ხელმძღვანელი პირის თანამდებობაზე დანიშვნის შესახებ (რაც საკმარისია ხელმძღვანელი პირისთვის წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მისანიჭებლად) – პარალელურად შპს / სს / კოოპერატივს და ხელმძღვანელ პირს შორის იდება სასამსახურო ხელშეკრულება. ასეთ ხელშეკრულებაზე არ ვრცელდება შრომის სამართლის დებულებები.

სასამსახურო ხელშეკრულების დადების ნებაყოფლობითობაზე კანონს მითითება არ აქვს, რაც მიანიშნებს იმაზე, რომ ყველა შპს-ს და სს-ს აქვს გასაფორმებელი ასეთი სასამსახურო ხელშეკრულება. თუმცა, მისი არ გაფორმებისთვის კანონი სანქციას არ ითვალისწინებს.

სასამსახურო ხელშეკრულებაში გაიწერება ხელმძღვანელი პირის უფლება-მოვალეობები, ანაზღაურების წესი და სხვა. ეს ხელშეკრულება არ წარმოადგენს შრომით ხელშეკრულებას და მასზე ვრცელდება სამოქალაქო კოდექსის ნორმები.

თუ სასამსახურო ხელშეკრულებაში არ არის მოცემული ინფორმაცია ხელმძღვანელი პირის საქმიანობის ანაზღაურების შესახებ, ივარაუდება, რომ იგი თავის საქმიანობას უსასყიდლოდ ახორციელებს. ხელმძღვანელი პირის თანამდებობიდან გათავისუფლება ავტომატურად იწვევს სამეწარმეო საზოგადოების მიერ მასთან დადებული სასამსახურო ხელშეკრულების მოშლას, თუ ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

რეორგანიზაცია

ახალი კანონი დეტალურად აწესრიგებს საწარმოს რეორგანიზაციასთან დაკავშირებულ საკითხებს როგორიცაა, რეორგანიზაციის სახეები, პროცედურები, კრედიტორთა დაკმაყოფილება, პარტნიორის მიერ წილის გამოსყიდვა.

სამეწარმეო საზოგადოების არსებობის შეწყვეტა

ახალ კანონში მოცემულია სამეწარმეო საზოგადოების არსებობის შეწყვეტის პროცესი, რომელიც სამი სტადიისგან შედგება:

საზოგადოების დაშლა

საზოგადოების დაშლის საფუძველი შეიძლება იყოს პარტნიორთა გადაწყვეტილება; პარტნიორთა სავალდებულო რაოდენობასთან დაკავშირებით კანონის დადგენილი მოთხოვნების დარღვევა; იურიდიული პირის ლიკვიდაციის შესახებ სისხლის სამართლის საქმეზე სასამართლოს განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლა; პარტნიორის განცხადების/სარჩელის საფუძველზე სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება; წესდებით გათვალისწინებული სხვა საფუძვლები.

სიახლეს წარმოადგენს სამეწარმეო საზოგადოების დაშლა სასამართლოს გადაწყვეტილებით, პარტნიორის განცხადების/სარჩელის საფუძველზე. ამისთვის საჭიროა მნიშვნელოვანი საფუძვლის არსებობა, რომელიც ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა შეფასდეს. მნიშვნელოვან საფუძვლად მიიჩნევა თუ ერთ-ერთმა პარტნიორმა განზრახ ან უხეში გაუფრთხილებლობით დაარღვია კანონით ან წესდებით მისთვის დაკისრებული არსებითი მოვალეობა, ან თუ პარტნიორი მოვალეობას ვეღარ ასრულებს და შეუძლებელი ხდება სამეწარმეო საზოგადოების მიზნის მიღწევა.

ამავე დროს, გასათვალისწინებელია სხვა პარტნიორების ინტერესიც საზოგადოების არსებობის გაგრძელების თაობაზე. პარტნიორთა გადაწყვეტილების საფუძველზე დაშლილმა სამეწარმეო საზოგადოებამ შეიძლება გააგრძელოს არსებობა, თუ ამას გადაწყვეტს საერთო კრება კენჭისყრაში მონაწილეთა ხმების 3/4-ის უმრავლესობით და სამეწარმეო საზოგადოების ქონების პარტნიორთა შორის განაწილება არ დაწყებულა.

საზოგადოების ლიკვიდაცია

საზოგადოების დაშლის შემდგომ იწყება ლიკვიდაციის პროცესი და ინიშნება შესაბამისი ლიკვიდატორი, რომელიც უნდა აკმაყოფილებდეს სამეწარმეო საზოგადოების ხელმძღვანელი პირისთვის წაყენებულ მოთხოვნებს. ლიკვიდაციის პროცესში საზოგადოებას უნარჩუნდება იურიდიული პირის სტატუსი, მაგრამ თავის საფირმო სახელწოდებას აუცილებლად უნდა დაურთოს დამატება „ლიკვიდაციის პროცესში“.

კანონის მოთხოვნაა, რომ ლიკვიდატორებმა მარეგისტრირებელი ორგანოს ერთიან ელექტრონულ პორტალზე ან თავიანთ ვებგვერდზე გამოაქვეყნონ განცხადება და დაუყოვნებლივ შეატყობინონ კრედიტორებს სამეწარმეო საზოგადოების დაშლის შესახებ და მოიწვიონ ისინი თავიანთი მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად. ლიკვიდაციის პროცესში მყოფი საზოგადოება თავის ქონებას ანაწილებს პარტნიორებზე წილების პროპორციულად. ამისთვის დაწესებულია კონკრეტული ვადა იმისდა მიხედვით თუ რა საფუძვლით ხდება საზოგადოების დაშლა.

რეგისტრაციის გაუქმება

საზოგადოების ქონების სრულად განაწილების შემდეგ ლიკვიდაციის პროცესი სრულდება. ლიკვიდატორებმა მარეგისტრირებელ ორგანოს უნდა მიმართონ ლიკვიდაციის რეგისტრაციის მოთხოვნით, რის საფუძველზეც მარეგისტრირებელი ორგანო გააუქმებს სამეწარმეო საზოგადოების რეგისტრაციას.

ახალი კანონით გათვალისწინებულია შემთხვევა, როდესაც საზოგადოების რეგისტრაციის გაუქმების შემდეგ გაირკვევა, რომ საზოგადოებას დარჩა გარკვეული ქონება ან საჭიროა დამატებითი სალიკვიდაციო მოქმედებების განხორციელება, ასეთ დროს სასამართლო ნიშნავს იგივე ან ახალ ლიკვიდატორს, რომ ეს პროცესი საბოლოოდ დასრულდეს.

შეცილება, გასაჩივრების უფლებამოსილება და ვადები

კანონში ცალკე თავი ეთმობა ხანდაზმულობას და შეცილებას, გასაჩივრების უფლებამოსილებასა და ვადებს. სიახლეა შეცილების უფლება, რომლის ზოგად ვადად 6 თვე განისაზღვრა. ნორმა განსაზღვრავს პირთა წრეს, რომლებსაც საერთო კრების გადაწყვეტილების, სამეთვალყურეო საბჭოსა და ხელმძღვანელი ორგანოს/ხელმძღვანელი პირის გადაწყვეტილების შეცილების უფლება აქვთ. სარჩელი შეცილების შესახებ შეტანილ უნდა იქნეს 1 თვის ვადაში (არაუგვიანეს გადაწყვეტილების მიღების დღიდან 6 თვისა), ხოლო თუ საერთო კრება კანონის ან წესდების მოთხოვნათა უხეში დარღვევით იქნა მოწვეული ან ჩატარებული − გადაწყვეტილების მიღების დღიდან არაუგვიანეს 1 წლისა.

კანონი იმპერატიულად ადგენს, რომ გადაწყვეტილების გასაჩივრების გაშვებული ვადის აღდგენა დაუშვებელია.

შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება (შპს)
შპს-ის წილების სახეები

მეწარმეთა შესახებ ახალი კანონის ერთ-ერთ მნიშვნელოვან სიახლეს წარმოადგენს შპს-ში კაპიტალის მოზიდვის გამარტივება, რაც ნებადართული წილების დასაშვებობასა და წილების განსხვავებული კლასების გამოშვების შესაძლებლობაში გამოიხატება.

ახალი კანონის მიხედვით, კაპიტალის სტრუქტურა უფრო მოქნილია და ის სააქციო საზოგადოების კაპიტალის ძირითად ნიშან-თვისებებს იზიარებს. აღნიშნული სიახლე ინვესტორებს გაუადვილებს საზოგადოების დაფინანსებას, კომპანიაში წილის სანაცვლოდ.

კანონი ითვალისწინებს შპს-ის კაპიტალის დაყოფას განთავსებულ, გამოშვებულ და ნებადართულ წილებად. ამით შპს-ს დაემატა სააქციო საზოგადოების მსგავსი მექანიზმი.

განთავსებული წილი – წილი განთავსებულად მიიჩნევა, თუ ის გასცა შპს-მ სხვა პირზე გარკვეული საზღაურის სანაცვლოდ, მიუხედავად იმისა, მიღებული აქვს თუ არა ამ საზოგადოებას ეს საზღაური. განთავსებული წილი უნდა განვასხვავოთ განთავსებული კაპიტალისგან, რომლის მთავარი ფუნქცია დაფუძნებისას საზოგადოების საწყისი კაპიტალის ფორმირებაა (ე.წ: საწესდებო კაპიტალი (statutory capital, legal capital, charter capital, subscribed capital) და მხოლოდ სააქციო საზოგადოების შემთხვევაშია სავალდებულო.

გამოშვებული წილი – წილები, რომელთა განთავსების შესახებ გადაწყვეტილებაც პარტნიორთა გადაწყვეტილებით ან წესდებით განსაზღვრულმა ორგანომ მიიღო ან პარტნიორებმა მიიღეს. გამოშვებული წილები რეესტრში აღირიცხება და განთავსებამდე უფლებებსა და მოვალეობებს არ წარმოშობს. წილების განთავსებას ახორციელებს შპს-ის ხელმძღვანელი.

ნებადართული წილი – წილი, რომელიც პარტნიორთა გადაწყვეტილების შესაბამისად შესაძლოა მომავალში იქნეს გამოშვებული და განთავსებული. ნებადართული წილის ოდენობა, კლასი, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების კაპიტალში შესაბამისი წილი, აგრეთვე მისი ნომინალური ღირებულება (თუ ასეთი ღირებულება დადგენილია) შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების სადამფუძნებლო შეთანხმებაში უნდა აისახოს.

მეწარმეთა შესახებ ახალი კანონის თანახმად, წილები შეიძლება იყოს ნომინალური ღირებულების ან ასეთის არმქონე. თუ შპს-ს აქვს მხოლოდ ნომინალური ღირებულების მქონე წილები, განთავსებული კაპიტალის ოდენობა უნდა შეადგენდეს ნომინალური ღირებულების მქონე წილების ჯამს.

თუ შპს-ს განთავსებული აქვს მხოლოდ ნომინალური ღირებულების არმქონე წილები, განთავსებული კაპიტალი შეიძლება განისაზღვროს ნებისმიერი ოდენობით. განთავსებული კაპიტალი აუცილებლად ეროვნულ ვალუტაში უნდა იყოს გამოსახული.

წესდებით შესაძლოა წილები დაიყოს კლასებად. წილები, რომლებიც იდენტურ უფლებებსა და ვალდებულებებს წარმოშობს, წილების ერთ კლასში გაერთიანდებიან, შესაბამისად ერთი კლასის ყველა წილის ნომინალური ღირებულება ერთი და იგივე უნდა იყოს.

შპს-ის მიერ გამოშვებული ახალი წილების უპირატესი შესყიდვის პარტნიორების უფლების გამოყენება გაიზარდა 10-დან 14 დღემდე.

დივიდენდის განაწილება

კანონმდებელმა დააწესა ახალი შეზღუდვა დივიდენდის განაწილებაზე: დივიდენდის პარტნიორებზე განაწილება დაუშვებელია, თუ დიდია ალბათობა, რომ ამის შედეგად შპს მომდევნო კალენდარული წლის განმავლობაში ვერ შეძლებს ვადამოსული ვალდებულებების ჩვეულებრივი ან/და დაგეგმილი საქმიანობის ფარგლებში შესრულებას. ასევე, დაუშვებელია დივიდენდის პარტნიორებზე განაწილება, თუ ამის შედეგად შპს-ს აქტივები ვეღარ დაფარავს ვალდებულებებსა და განთავსებული კაპიტალის ოდენობას.

საკუთარი წილის შეძენა შპს-ის მიერ

ასევე მნიშვნელოვანი სიახლეა, რომ კანონმა პირდაპირ დაუშვა საკუთარი წილის შეძენა შპს-ის მიერ, რომლის მისაღები შენატანი სრულად არის განხორციელებული.

დაუშვებელია შპს-ის მიერ საკუთარ კაპიტალში იმ წილის სრულად შეძენა, რომელიც იძლევა შეუზღუდავ ხმის უფლებას ან შპს-ის ლიკვიდაციის პროცესის დასრულებისას მისი ქონების მიღების უფლებას. თუკი შპს მაინც განახორციელებს ამ მოქმედებას საკუთარ კაპიტალში შეძენილი წილი უნდა გაიყიდოს ან გაუქმდეს იმ კალენდარული წლის დასრულებამდე, რომელშიც ის იქნა შეძენილი.

განთავსებული კაპიტალი

მნიშვნელოვანია რომ შპს-ის მინიმალური განთავსებული კაპიტალის დაწესების ვალდებულება კვლავ არ გვხვდება. კომპანიის შპს-ს სახით დაფუძნება შესაძლებელია განთავსებული კაპიტალის გარეშე, თუმცა ეს წესი არ ზღუდავს საზოგადოებას, დააწესოს მინიმალური საწესდებო კაპიტალი.

ახალი კანონი ასევე ადგენს პარტნიორის გასვლის/გარიცხვის წინაპირობებსა და პროცედურებს.

საზოგადოებიდან პარტნიორის გასვლა

ისევე როგორც წინა კოდექსში – პარტნიორს შეუნარჩუნდა უფლება გავიდეს საზოგადოებიდან, თუმცა დაკონკრეტდა დამატებითი შემთხვევები, როდესაც მას ასევე შეუძლია გავიდეს საზოგადოებიდან. კერძოდ, მას შეუძლია გავიდეს საზოგადოებიდან, თუ მის ინტერესებს ადგება მნიშვნელოვანი ზიანი სხვა პარტნიორების ან ხელმძღვანელის ქმედებების გამო ან არსებობს შემდეგი საფუძვლები:

ა) მნიშვნელოვნად შეიცვალა შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების საქმიანობის საგანი;

ბ) შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებას დივიდენდი ბოლო 3 წლის განმავლობაში არ გაუნაწილებია, მიუხედავად იმისა, რომ შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების ფინანსური მდგომარეობა ამის საშუალებას იძლეოდა;

გ) შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებამ მიიღო წილების რომელიმე კლასთან დაკავშირებული უფლების ცვლილებას შესახებ გადაწყვეტილება;

დ) სხვა პარტნიორებმა მიიღეს გადაწყვეტილება დამატებითი შენატანის განხორციელების ვალდებულების შესახებ, რომელიც მასზეც ვრცელდება.

შპს-დან გასვლის მსურველი პარტნიორის წილის ღირებულება უნდა დადგინდეს მხარეთა შეთანხმებით, შეუთანხმებლობის შემთხვევაში ინიშნება აუდიტორი.

საზოგადოებიდან პარტნიორის გარიცხვა

მნიშვნელოვანი საფუძველის არსებობის შემთხვევაში, პარტნიორის საზოგადოებიდან გარიცხვა შესაძლებელია მხოლოდ შპს-ს სარჩელის საფუძველზე, სასამართლოს გადაწყვეტილებით.

მნიშვნელოვანი საფუძველი არსებობს, როდესაც პარტნიორის ქმედება მნიშვნელოვან ზიანს აყენებს შპს-ის ინტერესებს ან მისი პარტნიორად დარჩენა საზიანოა შპს-ის შემდგომი საქმიანობისთვის, თუ პარტნიორი შპს-მ წერილობით უშედეგოდ გააფრთხილა შპს-ის ინტერესების დამაზიანებელი ქმედების შეწყვეტისა და შესაძლო გარიცხვის შესახებ.

საზოგადოების მოთხოვნის საფუძველზე შესაძლოა პარტნიორს შეუჩერდეს ხმის მიცემის უფლება ან სხვა არაქონებრივი უფლებები. პარტნიორი გარიცხულად მიიჩნევა სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის მომენტიდან.

საზოგადოებიდან გასული ან გარიცხული პარტნიორის ქონებრივი უფლებები დაცულია საწარმოს ვალდებულებით, წილის სანაცვლოდ გადაუხადოს პარტნიორს სამართლიანი კომპენსაცია.

სიახლეს წარმოადგენს ტექნიკური საშუალების გამოყენებით საერთო კრებაში ხმის მიცემა. მიცემული ხმა მხოლოდ მაშინ იქნება გათვალისწინებული, თუ შესაძლებელია ხმის უფლების გამოყენების უფლებამოსილების მქონე პირისა და შესაბამისი წილების სარწმუნო იდენტიფიცირება. ნების ელექტრონული კომუნიკაციის საშუალებით გამოვლენისას აუცილებელია, იგი დადასტურდეს ნოტარიუსის მიერ ან ელექტრონული ხელმოწერით.

სააქციო საზოგადოება
მართვის სისტემა

ახალი კანონით განისაზღვრა სს-ის მართვის მონისტური და დუალისტური სისტემა. დუალისტურია მართვის სისტემა, როდესაც სააქციო საზოგადოებას, საერთო კრებისა და ხელმძღვანელი ორგანოს გარდა, ჰყავს სამეთვალყურეო საბჭო. მონისტურია მართვის სისტემა, როდესაც სს-ს არ ჰყავს სამეთვალყურეო საბჭო. მართვის სისტემის არჩევის შესახებ გადაწყვეტილება მიიღება სააქციო საზოგადოების დაფუძნებისას და აღინიშნება წესდებაში.

სს-ის კაპიტალში შენატანი

მეწარმეთა შესახებ ახალი კანონით, სს-ის რეგისტრაციის ან კაპიტალის გაზრდის მომენტისთვის აქციონერმა ფულადი შენატანი უნდა განახორციელოს შესაბამისი გამოშვებული აქციის ნომინალური ღირებულების სულ მცირე 25%-ის ოდენობით, ხოლო ნომინალური ღირებულების არარსებობის შემთხვევაში − 100,000 ლარის სულ მცირე 25 პროცენტის ოდენობით. სააქციო საზოგადოების განთავსებული კაპიტალის მინიმალური ოდენობა საზოგადოების რეგისტრაციის მომენტისთვის უნდა შეადგენდეს სულ მცირე 100,000 ლარს.

შენატანის წესი და ვადა განისაზღვრება კანონით და სს-ის წესდებით, მაგრამ მისი დაფუძნებისას ან კაპიტალის გაზრდისას აქციონერმა შენატანი უნდა განახორციელოს სს-ის რეგისტრაციის ან მისი კაპიტალის გაზრდის მომენტიდან 5 წლის ვადაში. სამუშაოს შესრულება ან მომსახურების გაწევა არ შეიძლება იყოს სააქციო საზოგადოებაში არაფულადი შენატანის განხორციელების საგანი, თუმცა სხვა სახის არაფულადი შენატანის განხორციელება დასაშვებია მაგ: უძრავი ქონების.

თუკი აქციონერმა დაარღვია ფულადი შენატანის განხორციელების ვადა, ვადამოსულ განუხორციელებელ ფულად შენატანს ერიცხება წლიური პროცენტი; საზოგადოების მიერ, დამატებით შეიძლება განხორციელდეს აღნიშნული ვადის დარღვევით გამოწვეული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნა. აქციონერის მიერ ფულადი შენატანის განხორციელების ვადის დარღვევისას სს-ის ხელმძღვანელ ორგანოს შეუძლია დაიწყოს აქციის ჩამორთმევის პროცესი, თუმცა აღნიშნული უფლებამოსილების გამოყენებამდე, სავალდებულოა დამატებითი ვადის დანიშვნა. დამატებითი ვადის უშედეგოდ გასვლის შემდეგ კი, ხელმძღვანელი ორგანოს მიერ გაგზავნილი შეტყობინებით აქციონერი სს-ის სასარგებლოდ კარგავს აქციას, განხორციელებულ შენატანს და მასთან დაკავშირებულ უფლებებს.

მნიშვნელოვანი გარიგება

ახალ კანონში გაჩნდა მნიშვნელოვანი გარიგების ცნება. მნიშვნელოვანი გარიგება არის გარიგება, ან ერთი მიზნისთვის განკუთვნილი რამდენიმე ურთიერთდაკავშირებული გარიგება, რომელიც/რომლებიც პირდაპირ ან ირიბად არის დაკავშირებული სს-ის ქონების (სააქციო საზოგადოების აქტივების საბალანსო ღირებულების) 25%-ის ან მეტის შეძენასთან, გასხვისებასთან ან უფლებრივად დატვირთვასთან.

კანონით მოწესრიგებულია მნიშვნელოვანი გარიგების დადების წესი. კერძოდ, მონისტური სისტემის დროს საჭიროა არააღმასრულებელი ხელმძღვანელი პირის ან საერთო კრების თანხმობა, ხოლო დუალისტური მმართველობის პირობებში – სამეთვალყურეო საბჭოს ან საერთო კრების თანხმობა.

ახალი კანონის თანახმად, ხელმძღვანელი პირი, სს-ის მართვის სისტემის მიხედვით, ვალდებულია შეატყობინოს შესაბამის ორგანოს ყველა ისეთი დადებული ან დასადები გარიგების შესახებ, რომლის მიმართაც ის დაინტერესებული პირია, აგრეთვე მიუთითოს თავისი დაინტერესების ხასიათი. ნორმაში ასევე ჩამოთვლილია ხელმძღვანელი პირის დაინტერესებულ პირად მიჩნევის კრიტერიუმები.

დივიდენდის განაწილება სს-ის მიერ

სს-ის მიერ დივიდენდის განაწილებაზე, ისევე როგორც შპს-ს დივიდენდის განაწილების შემთხვევაში დაწესდა ახალი შეზღუდვები. კერძოდ დაუშვებელია დივიდენდის განაწილება სს-ის მიერ, თუ:

დივიდენდის განაწილებამდე ან დივიდენდის განაწილების შედეგად სააქციო საზოგადოების ბოლო ფინანსურ ანგარიშგებაში აღნიშნული წმინდა აქტივის ოდენობა იქნება უფრო ნაკლები, ვიდრე განთავსებული კაპიტალის ოდენობა და კანონით ან წესდებით გათვალისწინებული იმ რეზერვების ოდენობა, რომელთა აქციონერებზე განაწილება დაუშვებელია;

გასანაწილებელი დივიდენდის ოდენობა აღემატება ბოლო ფინანსურ ანგარიშგებაში აღნიშნულ, ხოლო შუალედური დივიდენდის შემთხვევაში − ბოლო ფინანსური ანგარიშგების შედგენის შემდეგ მიღებულ, სააქციო საზოგადოების წმინდა მოგებისთვის წინა წლების გაუნაწილებელი მოგებისა და თავისუფალი რეზერვებიდან გამოთავისუფლებული სახსრების დამატებით და წინა წლების დაუფარავი ზარალისა და კანონით ან წესდებით დადგენილ რეზერვებში გადასარიცხი თანხების გამოკლებით მიღებულ ოდენობაზე;

დივიდენდის გადახდის დღისთვის ან დივიდენდის გადახდის შედეგად სააქციო საზოგადოება გადახდისუუნარო გახდება ან გადახდისუუნარობის საშიშროების წინაშე დადგება.

დივიდენდის გადახდის (მათ შორის, დივიდენდის მოცულობისა და თითოეული სახის აქციაზე დივიდენდის გაცემის ფორმის) შესახებ გადაწყვეტილებას იღებს საერთო კრება. დივიდენდი გადახდილი უნდა იქნეს ფულით, თუ დივიდენდის გადახდის შესახებ საერთო კრების გადაწყვეტილებით დივიდენდის სხვა ქონებით გაცემა დადგენილი არ არის.

აღსანიშნავი დამატებითი ცვლილებები

ახალი კანონით, სიახლეა უცხო ქვეყნის ინდივიდუალური მეწარმის ფილიალის რეგისტრაციის შესაძლებლობაც. აღნიშნული პირდაპირ არ წერია კანონში, თუმცა აღინიშნება კანონის განმარტებით ბარათში, და გამომდინარეობს სავარაუდოდ იქიდან რომ კანონი უშვებს ნებისმიერი მეწარმის ფილიალის რეგისტრაციას საქართველოში, ხოლო მეწარმედ მიიჩნევა ფიზიკური პირიც, რომელსაც აქვს საწარმო.

არსებული წესდების შესაბამისობაში მოყვანის ვალდებულება

მნიშვნელოვან სიახლეს წარმოადგენს უკვე რეგისტრირებული საწარმოების ვალდებულება, სარეგისტრაციო მონაცემები შესაბამისობაში მოიყვანოს ამავე კანონის მოთხოვნებთან მისი ძალაში შესვლიდან 2 წლის ვადაში.

დასკვნა

ახალმა კანონმა ბევრი დამატებითი ვალდებულების გარდა (სს-ს მინიმალური საწესდებო კაპიტალის დაწესება, საქმიანი წერილებში და ვებ გვერდებზე სავალდებულო ინფორმაციის განთავსება, საფირმო სახელწოდებების შეზღუდვები და აშ) დააწესა ბევრი ისეთი უფლება როგორიც აქამდე არ არსებობდა (უცხოური ინდ. მეწარმის ფილიალის დაარსება, შპს-ის მიერ განსხვავებული ტიპის წილების გამოშვება და საკუთარი წილებისვე შეძენა, სპეციალური პორტალის გამოყენებით ოფიციალური მიმოწერის არსებობა რეესტრთან და სხვა).

გარდა ამისა, ახალმა კანონმა ბევრი ისეთი საკითხი დაარეგულირა, რომელიც აქამდე ბუნდოვანი იყო და ზოგჯერ ინტერპრეტაციის საშუალების ზედმეტად ფართო ჩარჩოს გვთავაზობდა. მართალია, გარკვეული სიახლეები ჯერჯერობით გაუგებარია როგორ დაინერგება პრაქტიკაში, თუმცა, იმედი გვაქვს, რომ უახლოეს მომავალში დავინახავთ დადებით დინამიკას. საერთო ჯამში, ვთვლით, რომ წინა კანონში არსებული ბევრი ბუნდოვანება აღმოფხვრილია და საკორპორაციო ურთიერთობების ასეთი ფორმალიზება დადებით გავლენას იქონიებს ბიზნესებსა და მომხმარებელზე.