Microsoft-ი აცხადებს, რომ 29 მარტიდან თანამშრომლების დიდ ნაწილს სათავო ოფისებში დაბრუნების უფლებას აძლევს. საუბარია ვაშინგტონის შტატის ქალაქ რედმონდში მდებარე ოფისსა და მის მიმდებარე კამპუსებზე.
თანამშრომლებს ექნებათ არჩევანის შესაძლებლობა, ოფისში დაბრუნდნენ, თუ მუშაობა დისტანციურად გააგრძელონ, ან კიდევ მუშაობის ჰიბრიდულ მოდელზე გადავიდნენ. ამის შესახებ Microsoft-ი თავის ბლოგ-პოსტში წერს.
შეგახსენებთ, პანდემიის დასაწყისში, გასულ წელს Microsoft-მა, ისევე როგორც არაერთმა მსხვილმა კორპორაციამ, თანამშრომლებს დისტანციურად მუშაობის უფლება მისცა. შეზღუდვების შემსუბუქების შემდეგ კი ასევე ბევრმა მსხვილმა კომპანიამ თანამშრომლებს შესთავაზა, აერჩიათ: ოფისებში დაბრუნებულიყვნენ, თუ მუშაობა დისტანციურად გაეგრძელებინათ. მათ შორის არის Twitter-ი და Salesforce-ი, რომლებიც ჰიბრიდულ მოდელებზე გადავიდნენ. უფრო მეტიც, აღნიშნულ კომპანიებში თანამშრომლებს შეუძლიათ, პანდემიის დასრულების შემდეგაც დისტანციური მუშაობის რეჟიმზე დარჩნენ.