ოთხშაბათს, საფონდო ბირჟაზე სავაჭრო დღის ბოლოს, ამერიკულმა ტექნოლოგიურმა გიგანტმა, Microsoft-მა საბაზრო კაპიტალიზაციის $3-ტრილიონიან ნიშნულს მის ისტორიაში პირველად გადააბიჯა.
სავაჭრო დღის ბოლოს საფონდო ბირჟაზე Microsoft-ის აქციების ფასი 1.5%-ით გაიზარდა და $404.72 შეადგინა, რაც კომპანიისთვის რეკორდული მაჩვენებელია. ამის დამსახურებით, კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია $3.004 ტრილიონამდე გაიზარდა.
შეგახსენებთ, რომ მეორე კომპანია, რომლის ღირებულებაც $3 ტრილიონს აჭარბებს სმარტფონების მწარმოებელი ასევე ამერიკული გიგანტი Apple-ია. მისმა საბაზრო კაპიტალიზაციამ ისტორიულ ნიშნულს ჯერ კიდევ გასული წლის ზაფხულში გადააჭარბა. ამჟამად მისი ღირებულება Microsoft-ზე მცირედით მაღალია და $3.03 ტრილიონს შეადგენს.
ბაზრის ანალიტიკოსების მოსაზრებით, Microsoft-ის ღირებულების $3 ტრილიონამდე ზრდა კომპანიის ხელოვნური ინტელექტის მიმართ მხარდაჭერამ განაპირობა. შეგახსენებთ, რომ დღესდღეობით ყველაზე პოპულარული AI-ჩატ-ბოტი, ChatGPT-ი სწორედ Microsoft-ის მიერ მხარდაჭერილი პროექტია.
2022 წლის ნოემბერში ChatGPT-ის ჩაშვებიდან დღემდე Microsoft-ის აქციათა ღირებულება 60%-ით გაიზარდა. Microsoft-ის ზრდის ტემპმა იმავე პერიოდში Apple-ის 30%-იან ზრდასაც გადაასწრო. კომპანიის შემოსავალი უკანასკნელი ორი კვარტალის განმავლობაში 20-20%-ით გაიზარდა.
Microsoft-ი ე.წ. უნიქორნ-კომპანიების რიგს 1986 წელს შეუერთდა, როდესაც კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაციამ $1 მილიარდს გადააჭარბა.