Microsoft-ს „გეიმერების“ საკომუნიკაციო პლატფორმა Discord-ის ყიდვა სურს - მედია

Microsoft-ს „გეიმერების“ საკომუნიკაციო პლატფორმა Discord-ის ყიდვა სურს - მედია

Microsoft-ი Discord-ის ყიდვასთან დაკავშირებით მოლაპარაკებებს აწარმოებს. Discord-ი „გეიმერების“ საკომუნიკაციო პლატფორმაა, რომელშიც Microsoft-ი მზადაა,  $10 მილიარდზე მეტი გადაიხადოს. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters- წყაროებზე დაყრდნობით წერს.

ცნობისთვის, კორონავირუსის პანდემიამ სათამაშო კომპანიების პესპექტივები მნიშვნელოვნად გაზარდა, ვინაიდან იმატა ვიდეოთამაშების მომხმარებელთა რაოდენობამ. Discord-ი, რომლის საბაზრო ღირებულება დეკემბერში დაახლოებით $7 მილიარდი იყო, ვიდეოთამაშების მომხმარებელთა კომუნიკაციის პლატფორმას წარმოადგენს, სადაც „გეიმერებს“ საუბარი, დისკუსიების მოწყობა და ვირტუალური წვეულებების გამართვაც კი შეუძლიათ.

Microsoft-ს კი უკვე დიდი ხანია სურს საკუთარი სოციალური მედიის პლატფორმების ქონა. აღნიშნულმა კომპანიამ ჯერ კიდევ 2016 წელს $26.2 მილიარდად LinkedIn-ი იყიდა. პარალელურად, Xbox-ის შემქმნელი Microsoft-ი უკვე დიდი ხანია, ცდილობს ვიდეოთამაშების პლატფორმების ბიზნესის გაფართოებასაც. ამ კუთხით მან გასულ წელს $7.5 მილიარდად ZeniMax Media იყიდა.

ახლა კი Microsoft-ის პლატფორმების სიას შესაძლოა Discord-იც შეემატოს, რომელიც პოტენციურ მყიდველებს ეძებს. მხარეები მედიასთან ღიად კომენტარს ჯერჯერობით არ აკეთებენ.