ყაზახეთის წამყვანი ფინტექ-კომპანიის, Kaspi.kz-ის ქართველი თანადამფუძნებელი და აღმასრულებელი ხელმძღვანელი, მიხეილ ლომთაძე ყაზახეთის საუკეთესო CEO-დ აღიარეს, ზედიზედ მეხუთედ. აღნიშნული აღიარება PricewaterhouseCoopers-ის (PwC) ყოველწლიურ გამოკითხვას ეფუძნება, რომელშიც მონაწილეობა უდიდესი ყაზახური კომპანიების 71-მა აღმასრულებელმა ხელმძღვანელმა მიიღო.
„დიდ მადლობას ვუხდი PwC-ს გამოკითხვის ორგანიზებისთვის და ყველა მონაწილეს – ჩვენი მუშაობის დაფასებისთვის. ეს ჯილდო მთელ ჩვენს გუნდს ეკუთვნის, რომელიც ახალი სერვისების გაშვებისთვის დაუღალავად იღვწის და მუდამ მზად არის, რომ ჩვენი საყვარელი მომხმარებლები იმ ინოვაციებით გააოცოს, რომლებიც მათ ცხოვრებას გაამარტივებს. ძლიერ ვამაყობ იმით, რომ Kaspi.kz-ის პროფესიონალებით დაკომპლექტებული, უნიკალური და შესანიშნავი გუნდის ნაწილი ვარ. მადლობას ვუხდი ჩვენს თითოეულ კლიენტს. მადლობა, რომ ჩვენთან ხართ – არასდროს დაგაღალატებთ“, – ასე გამოეხმაურა ჯილდოს მიხეილ ლომთაძე.
გამოკითხვის მონაწილეებმა Kaspi.kz-ის სწრაფად ცვალებად გარემოსთან ადაპტაციის უნარი, ახალი და თანამედროვე ტექნოლოგიური სერვისების დანერგვის ეფექტიანობა და მომხმარებლების მხრიდან არსებული ნდობა გამოარჩიეს.