ცოტა ხნის წინ ე.წ. „პიჯაკების საქმეზე“ მოსამართლე ბადრი კოჭლამაზაშვილმა განაჩენი გამოაცხადა. სასამართლომ, საქმეში ბრალდებული პირები, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილი უფროსი ბადრი ჯანაშია დამნაშავეებად ცნო. სააკაშვილს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო ჯანაშიას – 300,000-ლარიანი ჯარიმა დაეკისრა.
ექსპრეზიდენტ სააკაშვილსა და სდსს-ს ყოფილ უფროსს, თეიმურაზ ჯანაშიას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილით ჰქონდათ წარდგენილი, რაც წინასწარი შეთანხმებითა და სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით თანხის მართლსაწინააღმდეგო მითვისებას გულისხმობს. საერთო ჯამში, პროკურატურა სააკაშვილსა და ჯანაშიას 9 მილიონი ლარის ჯგუფურ გაფლანგვას ედავებოდა – მათ შორის, პირადი გამოყენებისთვის. წარდგენილი ბრალდება 7-დან 11-წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
მოსამართლის განმარტებით, საქმის მასალებიდან ჯანაშიას მიერ საბიუჯეტო თანხების უშუალოდ გაფლანგვის ფაქტი არ დგინდება. გამომდინარე აქედან, სდსს-ს ყოფილი უფროსს მხოლოდ საჯარო ინტერესების საწინააღმდეგოდ, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებაში ედება ბრალი. რაც შეეხება სააკაშვილს, მოსამართლე კოჭლამაზაშვილმა ის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტითა და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის ცნო დამნაშავედ და 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
ამჟამად, საქართველოს ექსპრეზიდენტს 6-წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი. სააკაშვილი კლინიკა „ვივამედში“ იმყოფება და სასამართლო სხდომებს ონლაინ ერთვება. თუმცა მიმდინარე სხდომას, ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, სააკაშვილი არ დასწრებია, რის გამოც მან განაჩენის გამოცხადების გადავადება მოითხოვა. სასამართლომ მოთხოვნა არ დააკმაყოფილა.
სასამართლოში განაჩენის გამოცხადებას ხმაური მოჰყვა. დაცვის მხარე, მათ შორის „ნაციონალური მოძრაობა“ მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ მიღებულ გადაწყვეტილებას პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებს და განაჩენის გასაჩივრებას გეგმავს. მოსამართლე კოჭლამაზაშვილის განმარტებით, სააკაშვილს დარჩენილი სამი წლისა და ექვსი თვის ნაცვლად, დამატებით ექვსი წელი და ექვსი თვე მოუწევს პატიმრობაში ყოფნა. შედეგად, თუ არსებული განაჩენი არ შეიცვლება, სააკაშვილი პატიმრობაში 2030 წლამდე დარჩება.