„ტოტენჰემ ჰოტსპურის“ ყოფილი მფლობელი, მილიარდერი ჯო ლუისი, ინსაიდერული ვაჭრობის საქმეში თავს დამნაშავედ ცნობს. ინფორმაციას უცხოური გამოცემები ავრცელებენ. პრემიერ-ლიგის კლუბის ყოფილ მფლობელს ფასიანი ქაღალდებით თაღლითობისა და ინსაიდერული ვაჭრობისთვის ბრალი ივლისში წარუდგინეს.
ნიუ-იორკის სამხრეთ ოლქის სასამართლოს ფედერალური პროკურორების მტკიცებით, ლუისი ოთხი საჯაროდ დალისტული კომპანიის შესახებ ინსაიდერულ ინფორმაციას ბიზნესპარტნიორებსა და მეგობარ ქალს გადასცემდა. თავდაპირველად 86 წლის მილიარდერმა წაყენებულ 16 ბრალდებაში თავი უდანაშაულოდ ცნო. თუმცა, Bloomberg-ის ცნობით, ოთხშაბათს ლუისმა ფასიანი ქაღალდებით თაღლითობის სამ პუნქტში ბრალი აღიარა და განაცხადა, რომ იმ დროს იცოდა, რომ არასწორ ქმედებას სჩადიოდა.
ინსაიდერული ინფორმაციის გაცვლით, მილიარდერთან დაახლოებულმა პირებმა, პატრიკ ო’კონორმა, ბრაიან უაუმ და მისმა ყოფილმა მეგობარმა ქალმა, კაროლინ კარტერმა, სავარაუდოდ, $545,000-ზე მეტის სარგებელი მიიღეს. ფასიანი ქაღალდებისა და ბირჟის კომისიამ საქმე მათ წინააღმდეგაც აღძრა, რომელიც სექტემბერში, კრიმინალური ბრალდების დასკვნის მიღებამდე შეჩერდა.
მანჰეტენის ფედერალურმა პროკურორებმა და ფასიანი ქაღალდებისა და ბირჟის კომისიამ „ტოტენჰემის“ ყოფილი მფლობელი საჯაროდ დალისტული კომპანიების, მათ შორის Australian Agricultural-ისა და Mirati Therapeutics-ის ინსაიდერული ინფორმაციის თანამოაზრეებისთვის გადაცემაში ექვსი თვის წინ დაადანაშაულა. ლუისს სხვადასხვა კომპანიაში აქციების მფლობელობის შესახებ ცრუ და შეცდომაში შემყვანი მონაცემებისა და განცხადებების გავრცელებასაც ედავებიან.
ამერიკული Forbes-ი პრემიერ-ლიგის კლუბის ყოფილი მფლობელის, 86 წლის ჯო ლუისის ქონებას $6.2 მილიარდად აფასებს.