მილიარდერმა ინვესტორმა ნელსონ პელცმა Disney-ში წილი სრულად გაყიდა. დასავლური გამოცემების ინფორმაციით, აქციების გაყიდვის გადაწყვეტილება პელცმა მას შემდეგ მიიღო, რაც ორი თვის წინ, კონგლომერატის მიერ დამტკიცებულ საბჭოს წევრთა შემადგენლობაში მოხვედრა ვერ მოახერხა.
მინდობილობასთან დაკავშირებული, ე.წ. „პროქსი“ დავა, პელცსა და Disney-ის შორის საბოლოოდ აპრილში, კონგლომერატის საბჭოს დამტკიცებით დასრულდა. დავის დროს აქტივისტი ინვესტორი აქციების მფლობელთანაც ხმის მიცემის უფლების მიღებას ცდილობს, რაც მას მენეჯმენტში ან დირექტორთა საბჭოში ცვლილებების შეტანის საშუალებას მისცემს.
ამ შემთხვევაში, აქტივისტი ინვესტორი სწორედ პელცი იყო, რომელიც Disney-ს დაუპირისპირდა, თუმცა დავა მისთვის და მის საკუთრებაში არსებული ჰეჯ-ფონდ, Trian Fund Management-ისთვის არასასურველი შედეგით დასრულდა. პელცს კონგლომერატის საბჭოში თავისთვის და ჯეი რასულოსთვის, Disney-ის ყოფილი ფინანსური დირექტორისთვის, ადგილების მოპოვება სურდა.
CNBC-ის ინფორმაციით, მან Disney-ში თავისი წილი სრულად გაყიდა, აქციაზე $120-ის ღირებულებით. სააგენტოს ინფორმაციითვე, Disney-ის აქციონერად ყოფნის პერიოდში, პელცმა დაახლოებით $1 მილიარდი გამოიმუშავა. Forbes-ის შეფასებით, ძირითადად მისი ჰეჯ-ფონდის წყალობით, პელცის ქონება $1.6 მილიარდს უტოლდება.
თავად Disney-ის საბაზრო ღირებულება ოთხშაბათის მონაცემებით $183.9 მილიარდია, აქციების ფასი კი ვარდნას განაგრძობს, მხოლოდ ბოლო სამი თვის განმავლობაში 9%-ით შემცირდა. Trian-ი კვლავ რჩება Disney-ის ერთ-ერთ უმსხვილეს ინსტიტუციონალურ ინვესტორად, კომპანიაში 1.7%-იანი წილით, რომლის ღირებულებაც $3.2 მილიარდია.