მიმდინარე კვირის მთავარი ეკონომიკური ამბები

მიმდინარე კვირის მთავარი ეკონომიკური ამბები

აშშ-ის კონგრესი განაგრძობს დებატებს დამატებითი ფისკალური დახმარების შესახებ. პარალელურად, მიმდინარე კვირას, ქვეყნის ფედერალური სარეზერვო სამსახური აპირებს ორდღიანი შეხვედრების გამართვას, რომელზეც უწყება გააგრძელებს ფისკალური პოლიტიკის შესახებ მსჯელობას მას შემდეგ, რაც საპროცენტო განაკვეთები თითქმის ნულამდე დაიყვანეს. აღსანიშნავია, რომ ფედერალური სარეზერვო სამსახურის მაღალჩინოსნები ბოლო კვირების განმავლობაში საკმაოდ პესიმისტურები არიან ეკონომიკური პროგნოზის გაკეთების თვალსაზრისით, ეს გარკვეულწილად კორონავირუსის პანდემიის კიდევ უფრო დამძიმებამ განაპირობა.

ისევ რომ დავრჩეთ ამერიკაში, მიმდინარე კვირა ამ ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი იქნება იმ თვალსაზრისითაც, რომ სავაჭრო დეპარტამენტი მეორე კვარტლის მშპ-ის შედეგებს გაასაჯაროვებს. ანალიტიკოსები შიშობენ, რომ ამ მხრივ მონაცემების ზრდა შესაძლოა შეაფერხოს კორონავირუსის შემთხვევების მატებამ. მოგეხსენებათ რამდენიმე შტატში შესაძლოა, კვლავ დაიხუროს ბიზნესები იმის გამო, რომ ვირუსის შეკავება ვერ მოხდა.

გარდა ამისა, მიმდინარე კვირას უნდა ველოდოთ მსოფლიოს უმსხვილესი კომპანიების წლის პირველი ნახევრის შემოსავლების შესახებ ინფორმაციის გასაჯაროებას. მათ შორის, ყველაზე პოპულარული სოციალური ქსელის Facebook-ის შემოსავლებს, მას მოჰყვება Apple-ის, Alphabet-ის და Amazon-ის შემოსავლების გამოცხადებაც, ასევე საინტერესო იქნება ფარმაცევტული კომპანიების Merck-ის, Pfizer-ის და Eli Lilly-ს შემოსავლების შესახებ ინფორმაციაც. მიმდინარე კვირას, Procter & Gamble-ის და Starbucks-ის შემოსავლებსაც უნდა ველოდოთ. კვირის ბოლოს კი უკვე ენერგოკომპანიების Exxon Mobil-ის დ Chevron-ის შემოსავლებიც გახდება ცნობილი.

რაც შეეხება ევროპის რეგიონს, მიმდინარე კვირას გერმანიასა და მთლიანად ევროზონაში ეკონომიკის კლების მაჩვენებლების შესახებ გამოაქვეყნებენ მონაცემებს, რაც მეორე კვარტალში “ლოქდაუნმა” გამოიწვია.

ელოდებიან, რომ გერმანიის ეკონომიკა, რომელიც ევროზონის უმსხვილეს ბაზარს წარმოადგენს, 9%-ით შემცირდება, მაშინ როდესაც მთლიანად ევროზონის ეკონომიკური კლება 11.2%-ზეა ნავარაუდები.

გარდა ამისა, მიმდინარე კვირას საინტერესო იქნება საფრანგეთში უმუშევრად დარჩენილების სტატისტიკა, ასევე გერმანია და იტალიაც გამოაქვეყნებს ივლისის თვის უმუშევრობის სტატისტიკას. ესპანეთში კი მეორე კვარტლის უმუშევრობის დონის შესახებ გახდება ცნობილი.

ასევე მნიშვნელოვანი და საინტერესო იქნება იაპონიასა და ესპანეთში რითეილ-გაყიდვების ივნისის თვის მაჩვენებელი.

     

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.