ევროპული სატრანსპორტო-ტექნოლოგიური კომპანია Bolt-ის მიერ მიწოდების სერვისის დამატების შემდგომ, კომპანიის ღირებულება 713 მილიონი აშშ დოლარით გაიზარდა. მოზიდული ინვესტიციის ზრდასთან ერთად Bolt-ის კერძო (არასაჯარო) ღირებულება გაორმაგდა და 4.75 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა.
სატრანსპორტო-ტექნოლოგიური კომპანია Bolt-ის აღმასრულებელი დირექტორისა და დამფუძნებლის, მარკუს ვილიგის განცხადებით, პანდემიის პერიოდში, რიგ ქვეყნებში „ლოქდაუნის“ გამოცხადებამ, 1 წლის განმავლობაში კომპანიისთვის არნახული მასშტაბის კრიზისი გამოიწვია. მიუხედავად ამისა, უკანასკნელი 18 თვის განმავლობაში, კომპანია რადიკალურად შეიცვალა – სრულად აღდგა სატრანსპორტო მომსახურების ინდუსტრია, მიტანის სერვისი კი მცირე ბიზნესიდან, ევროპის ერთ-ერთ წამყვან და ამასთანავე მზარდ დარგად ჩამოყალიბდა.
Bolt-ი, ადრე ცნობილი როგორც Taxify, ესტონური სატრანსპორტო-ტექნოლოგიური აპლიკაციაა. დაფუძნების შემდგომ, Bolt-ის აპლიკაციას ახალი სერვისები შეემატა, მათ შორისაა მანქანების გაზიარება ე.წ. „car-sharing“, ელექტრო სკუტერებისა და მოტოციკლეტების გაქირავება. Bolt-ის სერვისებს ახლა სურსათის მიწოდებაც შეემატა, რომელიც მომავალ თვეებში ევროპის დაახლოებით ათ ქვეყანაში დაინერგება. აღსანიშნავია, რომ მიტანის სერვისის „Bolt Food“ აპლიკაციის ჩამოწერა და გამოყენება უკვე შესაძლებელია საქართველოშიც.
მიტანის სერვისი ევროპაში განსაკუთრებით კონკურენტულ სექტორად პანდემიის პერიოდში ჩამოყალიბდა. ევროპის კონტინენტზე ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული კომპანია თურქეთის Getir-ია, რომლის ღირებულებაც 7.5 მილიარდ აშშ დოლარად არის შეფასებული. აქედან გამომდინარე, Bolt-ის დამფუძნებელი მომავალ წლებში ბიზნესის განვითარებისთვის მილიარდობით ინვესტიციის მოზიდვასა და ახალი სერვისების დამატებას გეგმავს.
მიუხედავად პანდემიის პერიოდში განცდილი კრიზისისა, კომპანია შეზღუდვების მოხსნასთან ერთად გაფართოებას განაგრძობს. Bolt-ის აპლიკაციას აფრიკისა და ევროპის 45 ქვეყანაში დაახლოებით 75 მილიონი მომხმარებელი ჰყავს.