მოლდავეთის პრორუსული ოპოზიციური პარტიები მოსკოვში შეიკრიბნენ და ახალი, ანტიევროპული პოლიტიკური ბლოკიც ჩამოაყალიბეს. ოპოზიციური გაერთიანება, სახელწოდებით „გამარჯვება“, ევროკავშირში ქვეყნის გაწევრიანების პროცესისთვის ხელის შეშლას ისახავს მიზნად.
ამავდროულად კი ოპოზიციურ პარტიებს ოქტომბრიდან 2025 წლის შუა რიცხვებამდე დანიშნულ სამ არჩევნებში მოლდავეთის პროევროპელი პრეზიდენტის მაია სანდუსა და მისი მთავრობის დამარცხებაც აქვთ გეგმაში. შეხვედრის მოსკოვში ჩატარების მთავარი მიზეზი კი ქვეყნიდან გაქცეული ოლიგარქი ილან შორია, რომელიც, ამავდროულად, ახალი გაერთიანების კოორდინატორი და დამფინანსებელიცაა.
შორს, მოლდავეთში, ქვეყნის საბანკო სისტემიდან $1 მილიარდის მოპარვის ბრალდებით 15-წლიანი პატიმრობა ემუქრება. მოლდავეთმა, ინტერპოლის მეშვეობით, მისი ექსტრადიცია უკვე მოითხოვა. ოლიგარქი ამჟამად ისრაელში ცხოვრობს, სწორედ იქ, სადაც დაიბადა, პერიოდულად კი მოსკოვში სტუმრობს.
მიმდინარე წლის ოქტომბრიდან 2025 წლის შუა რიცხვებამდე მოლდავეთში სამი არჩევნებია დანიშნული. საპრეზიდენტო არჩევნები, რომელშიც სანდუ პრორუსულ კანდიდატთან მეორე ვადით არჩევისთვის იბრძოლებს, 20 ოქტომბერს გაიმართება. იმავე დღეს დაინიშნება ევროკავშირის საკონსტიტუციო რეფერენდუმი, ხოლო 2025 წლის ზაფხულში მოლდავეთის მოსახლეობა უკვე საპარლამენტო არჩევნებში ჩაერთვება.
მოლდავეთის ხელისუფლების გაფრთხილებით, მოსკოვის მთავარი იარაღი მოლდავეთის მოსახლეობის დესტაბილიზაციისთვის სწორედ შორის გარშემო პოლიტიკური პარტიების შემოკრება იქნება. სპეცსამსახურების განცხადებით, ჯგუფი ანტიევროპული დეზინფორმაციების გავრცელების მთავარ წყაროს წარმოადგენს. ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების მინისტრ ანდრეი სპინუს შეფასებით, მოსკოვში შეხვედრის ჩატარებამ კიდევ ერთხელ დაანახა მოსახლეობას, რომ ქვეყნის მოღალატეები სწორედ რუსეთის ინტერესებს ემსახურებიან.
პრორუსული პარტიები ასევე აკონტროლებენ მოლდავეთის ავტონომიურ რეგიონს გაგაუზიას, რომელიც უკრაინასა და რუმინეთს შორისაა მოქცეული და სურთ ეს ტერიტორიაც დნესტრისპირეთის მსგავს სეპარატისტულ სახელმწიფოდ გადააკეთონ. ეს კი კიშინიოვის ცენტრალური ხელისუფლებისთვის ეროვნულ საფრთხეს წარმოადგენს. თავის მხრივ, გაგაუზიის გუბერნატორი ევგენია გუცული მოსკოვის ხშირი სტუმარია, მარტში რუსეთის პრეზიდენტ პუტინსაც შეხვდა.
უახლესი გამოკითხვით, ოლიგარქ შორთან დაკავშირებულ ორ პარტიას – „შანსსა“ და „რენესანსს“ – მოლდავეთის მოსახლეობის 11.7% უჭერს მხარს. დამატებით ორი პარტიის მხარდამჭერთა რაოდენობა იმდენად მცირეა, რომ ისინი მონაცემებში არც ითვლებიან, ხოლო თავად შორის პარტია მოლდავეთში არაკონსტიტუციურადაა გამოცხადებული.
თუმცა არსებობს ვარაუდი, რომ შორის პარტიას კიდევ ორი პრორუსული ერთეული შეუერთდება, მათ შორისაა ყოფილი პრეზიდენტის, იგორ დოდონის „სოციალისტური პარტია“, რომელსაც ბოლო კვლევებით მოსახლეობის 22.6%-იანი მხარდაჭერა აქვს და „კომუნისტების პარტია“ – 6.8%-იანი მხარდაჭერით.
საპრეზიდენტო არჩევნებისთვის, სანდუს დოდონთან შედარებით მნიშვნელოვანი უპირატესობა აქვს. მოქმედ პრეზიდენტს ქვეყნის მოსახლეობის 35% უჭერს მხარს, ხოლო დოდონს – 16%.