მოლდავეთის მთავრობამ რუსეთს ოქტომბერში დაგეგმილ არჩევნებზე გავლენის მოსახდენად ვანდალური აქტების მოწყობაში დასდო ბრალი. საქართველოს მსგავსად, ოქტომბერი მოლდავეთისთვისაც პოლიტიკურად აქტიური თვეა. ქვეყანას ოთხ კვირაში ორი მნიშვნელოვანი არჩევნების ჩატარება უწევს – საპრეზიდენტო არჩევნებისა და ევროკავშირში გაწევრიანების რეფერენდუმის.
შესაბამისად, რუსეთის მხრიდან მოლდავეთის არჩევნებზე გავლენის მოხდენის რისკიც მაქსიმალურადაა გაზრდილი. მოლდავეთის მთავრობა ამ ბრალდებით რუსეთს ჰიბრიდული ომის წარმოებაში ადანაშაულებს და აცხადებს, რომ კრემლი დეზინფორმაციის კამპანიებს მიზანმიმართულად გეგმავს.
ბოლო კვირების განმავლობაში უცნობმა პირებმა ქვეყნის უზენაესი სასამართლოს, სახელმწიფო ტელევიზიისა და შრომისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შენობები პულვერიზატორით შეღებეს. მოლდავეთის პოლიციამ მომხდართან დაკავშირებით რამდენიმე პირი უკვე დააკავა, გამოძიება კი მოსკოვთან მათ კავშირს ადგენს.
შეგახსენებთ, რომ მოლდავეთის პროდასავლური მთავრობა ქვეყნის რუსეთზე დამოკიდებულების შემცირებას ცდილობს. მოლდავეთის ენერგეტიკული სექტორი მეტწილად სწორედ რუსეთზეა დამოკიდებული. 2022 წელს რუსეთის მიერ მიწოდების შემცირების გამო კი ქვეყანა დიდი პრობლემის წინაშე აღმოჩნდა.