ევროკავშირის პირადი მონაცემების მარეგულირებელმა სამსახურმა, მომხმარებელთა ინფორმაციის მიმოცვლის წესების დარღვევისთვის Meta 1.3 მილიარდი აშშ დოლარით დააჯარიმა. გარდა ამისა, მარეგულირებელმა კომპანიას ხუთთვიანი ვადა მისცა იმისათვის, რომ აშშ-ში მომხმარებელთა ინფორმაციის მიმოცვლა შეაჩეროს.
ამერიკულ ტექგიგანტს ჯარიმა ირლანდიის მონაცემთა დაცვის კომისარმა მას შემდეგ დააკისრა, რაც Meta-მ 2020 წლის ევროკავშირის სასამართლო დადგენილება უარყო და აშშ-ში მომხმარებელთა ინფორმაციის გაგზავნა გააგრძელა.
აღსანიშნავია, რომ ეს ევროკავშირის მარეგულირებლის მიერ ტექკომპანიისათვის დაწესებული რეკორდული მოცულობის ჯარიმაა. ცნობისათვის, აქამდე ყველაზე დიდ ჯარიმას 2021 წელს ლუქსემბურგის მიერ Amazon-ისათვის დაკისრებული 746 მილიონი ევრო წარმოადგენდა.
Meta-ს Facebook-ის ირგვლივ მონაცემთა მიმოცვლისა და შენახვის შესახებ დავა ჯერ კიდევ ათიოდე წლის წინ დაიწყო და ედუარდ სნოუდენთან დაკავშირებულ ცნობილ მოვლენას უკავშირდება.
Meta-ს მიერ გავრცელებული ოფიციალური განცხადების თანახმად, კომპანია აღნიშნულ განაჩენსა და ჯარიმის ოდენობას გაასაჩივრებს, რადგან „ის საშიშ პრეცედენტს ქმნის სხვა კომპანიებისათვის“.
სოცმედია გიგანტი იმედოვნებს, რომ ახალი შეთანხმება, რომელიც კომპანიას ევროკავშირის მოქალაქეების პერსონალური მონაცემების აშშ-ში გადაგზავნის შესაძლებლობას მისცემს, ტრანსფერების შეჩერებამდე ამოქმედდება.