საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო Moody’s-მა საქართველოს ეკონომიკის შესახებ საკუთარი შეფასება განაახლა. ორგანიზაციამ ქვეყნის სუვერენული საკრედიტო რეიტინგი უცვლელად „Ba2“-ზე დაადასტურა, თუმცა „სტაბილურიდან“ „ნეგატიურამდე“ შეამცირა რეიტინგის მოლოდინი.
Moody’s-ის განმარტებით, საკრედიტო რეიტინგის მოლოდინის გაუარესება ასახავს გაზრდილ გეოპოლიტიკურ რისკებს, რაც რუსეთის მიერ უკრაინაში დაწყებულმა ომმა გამოიწვია. Moody’s-ი აღნიშნავს, რომ არსებულ ვითარებაში პოლიტიკური სახით საქართველო მოწყვლადია, რაც რუსეთთან ორ გაყინულ კონფლიქტს – აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს უკავშირდება.
ამასთანავე, Moody’s-ი განმარტავს, რომ საქართველოს ეკონომიკა ინარჩუნებს მაღალ მოქნილობას და ადეკვატურ ბუფერებს ეკონომიკური და ფინანსური შოკების მიმართ. მათ შორის დადებითად არის შეფასებული გაცვლითი კურსის მცურავი რეჟიმი.
Moody’s-ი წელს საქართველოში 3.8%-იან ეკონომიკურ ზრდას მოელის, რაც ორგანიზაციის მიერ ომამდე გაკეთებულ 7.3%-იან ზრდის პროგნოზზე ორჯერ ნაკლებია.
ამასთანავე, საკრედიტო სააგენტო მიიჩნევს, რომ მომდევნო წლებში საქართველოში საშუალოდ 4-5%-ის ეკონომიკური ზრდა იქნება.