კალიფორნიისა და მერილენდის ფედერალურმა მოსამართლეებმა პრეზიდენტის ადმინისტრაციას 19 სხვადასხვა სააგენტოს მიერ ათასობით გათავისუფლებული ფედერალური მუშაკის სამსახურებში აღდგენა დაავალეს. აღნიშნული სასამართლო გადაწყვეტილება ერთ-ერთი პირველი წარმატებული მცდელობაა, წინააღმდეგობა გაეწიოს ილონ მასკის მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტის მიერ საჯარო მოხელეების მასობრივად გათავისუფლების პროცესს.
შეგახსენებთ, მომდევნო კვირიდან აშშ-ში საჯარო მოხელეებისა და ფედერალური მუშაკების გათავისუფლების მეორე ტალღა დაიწყება. ფედერალურ სააგენტოებს ვადა მომდევნო კვირას ეწურებათ – მათ გათავისუფლებების გეგმა უნდა წარადგინონ და ბიუჯეტი შეკვეცონ.
აშშ-ის საოლქო მოსამართლის, ჯეიმს ბრედარის გადაწყვეტილებით, 18 სხვადასხვა სააგენტოს მიერ გამოსაცდელი ვადით მყოფი თანამშრომლების მასობრივად გათავისუფლება ფედერალური მუშაკების გათავისუფლების რეგულაციებს არღვევს. აშშ-ის საოლქო მოსამართლის გადაწყვეტილება ისეთ სააგენტოებს ეხება, როგორებიცაა: გარემოს დაცვის სააგენტო, მომხმარებელთა ფინანსური დაცვის ბიურო, USAID-ი, სოფლის მეურნეობის, კომერციის, განათლების, ენერგეტიკის, ჯანდაცვის, ეროვნული უსაფრთხოების, ურბანული განვითარების, შინაგან საქმეთა, ტრანსპორტის, სახაზინო და ვეტერანთა დეპარტამენტების სააგენტოები.
ილონ მასკის დეპარტამენტი ამტკიცებდა, რომ თანამშრომლების გათავისუფლების მიზეზი მათ მიერ შესრულებული სამუშაოს დაბალი ხარისხი ან სხვა ინდივიდუალური მიზეზი იყო. თუმცა მოსამართლის განცხადებით, ეს სიმართლეს არ შეესაბამება და იკვეთება თანამშრომლების მასობრივად გათავისუფლების პროცესი, რაც წინასწარ გაფრთხილებას საჭიროებს.
მსგავსი შინაარსის გადაწყვეტილება კიდევ ერთმა საოლქო მოსამართლემ, უილიამ ოლსაპმა რამდენიმე საათით ადრე მიიღო. მისი გადაწყვეტილებით, თანამშრომლების სამსახურებში აღდგენის ვალდებულება აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტსაც დაეკისრა, რასაც მერილენდის სასამართლოს გადაწყვეტილება არ მოიცავდა.