მსოფლიო ლიდერები პანდემიის შესახებ საერთაშორისო შეთანხმების გაფორმების შესახებ საუბრობენ. 20-ზე მეტ ლიდერს ცოტა ხნის წინ დიდი ბრიტანეთის პრემიერი, ბორის ჯონსონიც შეუერთდა. ლიდერების მოსაზრებით, საჭიროა ახალი გლობალური მზაობა იმისთვის, რომ მსოფლიო მომავალ შესაძლო პანდემიებს უფრო მარტივად გაუმკლავდეს.
სხვადასხვა ქვეყნის მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ხელმომწერ ლიდერებს შორის არიან საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი და გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი, რომელიც ამბობს, რომ კორონავირუსის პანდემიამ დედამიწა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ყველაზე დიდი გამოწვევის წინაშე დააყენა.
ლიდერების განცხადებით, პანდემიამ გვიჩვენა, რომ „არავინაა უსაფრთხო, სანამ ყველა არ იქნება უსაფრთხოდ“.
მსოფლიო ლიდერები ამბობენ, რომ პანდემიის შესახებ შეთახმება უნდა ითვალისწინებდეს სასაზღვრო თანამშრომლობას. ინიციატივის ხელმომწერებს შორის არის მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის ხელმძღვანელი ტედროს აბჰანომ გებრეიესუსიც, რომელიც ამბობს:
„მეორე მსოფლიო ომის შემდეგ პოლიტიკური ლიდერები დასხდნენ და მრავალმხრივი სისტემის შექმნაზე შეთანხმდნენ. მიზანი მარტივი იყო: ქვეყნებს ერთად ემოქმედათ, რათა თავიდან აეცილებინათ ნაციონალიზმის და იზოლაციონიზმის ცდუნებები და ერთად ეპასუხათ გამოწვევებისთვის, რაც მხოლოდ სოლიდარობითა და თანამშრომლობით იყო შესაძლებელი“.
მსოფლიო ლიდერები ამბობენ, რომ ქვეყნები ახლა უკეთ უნდა მოემზადონ, შეძლონ პრევენცია, შეაფასონ და ეფექტიანად უპასუხონ პანდემიებს და ეს ყველაფერი კოორდინირებულად უნდა მოხდეს.
ახალი შეთანხმება მათ მისცემთ შესძლებლობას, შექმნან უკეთესი სისტემა პოტენციური პანდემიების საფრთხის შესახებ მოსახლეობის უკეთ ინფორმირებისათვის. ასევე უნდა გაუმჯობესდეს ქვეყნებს შორის ინფორმაციის გაცვლის ხარისხი, ვაქცინებისა და პერსონალური დამცავი აღჭურვილობის დისტრიბუცია და ა.შ.
„კიდევ იქნება პანდემიები და ჯანდაცვის სხვა გამოწვევები. ერთი ქვეყანა და მთავრობა ან სააგენტო ვერ შეძლებს მათთან მარტო გამკლავებას“, – აცხადებენ ლიდერები.