მსოფლიოს ყველაზე ბედნიერი ქვეყნები | რომელ ადგილზეა საქართველო?

მსოფლიოს ყველაზე ბედნიერი ქვეყნები | რომელ ადგილზეა საქართველო?

მსოფლიოს ბედნიერების ანგარიშით, ზედიზედ უკვე მეშვიდედ, ყველაზე ბედნიერ სახელმწიფოდ ფინეთი დასახელდა. კვლევა გაერთიანებული ერების ორგანიზაციის, „ოქსფორდის უნივერსიტეტისა“ და Gallup-ის მიერ ყოველწლიურად ქვეყნდება და 140-ზე მეტი ქვეყნის მონაცემებს აერთიანებს.

საერთო ჯამში, რეიტინგში ევროპის ქვეყნები დომინირებენ. ათეულში მოწინავე ადგილებს სკანდინავიური სახელმწიფოები, კერძოდ, ფინეთი, დანია, ისლანდია, შვედეთი და ნორვეგია იკავებენ.

გამოკითხულთა პასუხების მიხედვით, ექსპერტები სახელმწიფოების ბედნიერების ინდექსს შემდეგ ინდიკატორებზე დაყრდნობით აფასებენ: ცხოვრების ხანგრძლივობა, მთლიანი შიდა პროდუქტი ერთ სულ მოსახლეზე, სოციალური მხარდაჭერა, კორუფციის დაბალი მაჩვენებელი, მოსახლეობის ერთმანეთზე ზრუნვისა და გადაწყვეტილების მიღების თავისუფლების მაჩვენებელი.

პირველად, 2024 წლის ანგარიშში, ბედნიერების მაჩვენებელი ასაკობრივი კატეგორიების მიხედვითაა წარმოდგენილი და თაობებს შორის განსხვავებას წარმოაჩენს. ასაკობრივი კატეგორიებისადა მიხედვით, მცირეწლოვანი ბავშვებისა და 30 წლამდე ასაკის ადამიანებისთვის ყველაზე ბედნიერი ქვეყანა ლიეტუვაა (საერთო რეიტინგში მე-19 ადგილი), ხოლო 60 წელზე ასაკის პირების შემთხვევაში პირველ ადგილზე დანიაა. მსოფლიო ბედნიერების ანგარიშის თანახმად, გლობალურად, 15-დან 24 წლამდე ახალგაზრდებში ცხოვრებით კმაყოფილების მაჩვენებელი უფრო მაღალია, ვიდრე 25 წელს ზემოთ პირებში.

საერთო ჯამში, წლევანდელი ტოპ-10 რეიტინგი დიდწილად უცვლელი რჩება, განსაკუთრებით კი, პირველი სამეული. რეიტინგის ბოლოს კი კვლავ ლიბანი და ავღანეთი არიან წარმოდგენილნი.

პირველი ათეულისგან განსხვავებით, ცვლილებებია რეიტინგის ტოპ-20-ში, სადაც პირველად მოხვდნენ კოსტა-რიკა და ქუვეითი, შესაბამისად, მე-15 და მე-16 პოზიციებზე. ხოლო ამერიკის შეერთებული შტატები და გერმანია, შარშანდელი მე-15 და მე-16 პოზიციებიდან, წელს, 23-ე და 24-ე ადგილებზე ჩამოქვეითდნენ. ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც შეერთებულმა შტატებმა ოცეულში მოხვედრა ვერ მოახერხა, რაც ძირითადად 30 წლამდე ამერიკელების კეთილდღეობის მკვეთრი გაუარესებითაა გამოწვეული.

რაც შეეხება საქართველოს, მსოფლიო ბედნიერების 2024 წლის ანგარიშში ქვეყანა 91-ე ადგილს იკავებს, 5.18 ქულით. 30 წლამდე პირების ბედნიერების მაჩვენებლით კი, 78-ე პოზიციაზეა. თუმცა საქართველო ათეულშია 2006-2010 წლიდან 2021-2023 წლამდე ბედნიერების მაჩვენებლის ზრდით, რამაც 1.29 ერთეული შეადგინა. რაც შეეხება მეზობელ სახელმწიფოებს რუსეთი – 72-ზე ადგილზეა, სომხეთი 82-ე, თურქეთი – 98-ზე, ხოლო აზერბაიჯანი – 101-ზე.

ყველაზე ბედნიერი ქვეყნების განახლებული ათეული ასე გამოიყურება:

  1. ფინეთი – 7.74 ქულა
  2. დანია – 7.6 ქულა
  3. ისლანდია – 7.5 ქულა
  4. შვედეთი – 7.34 ქულა
  5. ისრაელი – 7.34 ქულა
  6. ნიდერლანდები – 7.3 ქულა
  7. ნორვეგია – 7.3 ქულა
  8. ლუქსემბურგი – 7.1 ქულა
  9. შვეიცარია – 7 ქულა
  10. ავსტრალია – 7 ქულა